FM97.5 / LIVE

ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე მოსარჩელე მხარის მოწმეების დაკითხვა დასრულდა

მთავარისამართალი 22.06.2015
დღეს, 22 ივნისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის საქმეზე ოთხი მოწმე დაკითხეს, ამათგან ერთი ჟურნალისტი.

ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე მოსარჩელე მხარის მოწმეების დაკითხვა დასრულდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე ადგილობრივ თვითმმართველობას უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს. ლობჯანიძეს მიაჩნია, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება პროცედურული დარღვევებით მოხდა.
მოსარჩელე მხარემ დასაკითხად სულ რვა მოწმე წარადგინა, აქედან ოთხი 18 ივნისს დაიკითხა, ოთხი კი დღეს.

დღევანდელ სხდომაზე პირველი მოწმე ადგილობრივი ტელეკომპანია „მე–9 არხის“ ჟურნალისტი თაკო ფეიქრიშვილი იყო. ჟურნალისტი ოპერატორთან ერთად 4 მარტს, საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად ადიგენის თვითმმართველობაში იმყოფებოდა. თუმცა, როგორც თაკო ფეიქრიშვილმა განაცხადა, გადამღები ჯგუფი საკრებულოს სხდომაზე, სადაც ლევან ლობჯანიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი წყდებოდა, არ დაუშვეს.

„დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ვცდილობდით შენობაში შესვლას, დაცვის თანამშრომელი გვეუბნებოდა, რომ ნებართვა უფროსისგან უნდა აეღო და გვთხოვა დავლოდებოდით. რომ არ გვიშვებდნენ, შემდეგ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს დავურეკე, ბოლოს უკვე დრო რომ გადიოდა და ვერ შევედით, ლევან ლობჯანიძეს დავურეკე, ჩამოვიდა და აგვიყვანა სხდომაზე. მაგრამ, როცა შევედით, სხდომა უკვე დასრულებული იყო“, – განაცხადა თაკო ფეიქრიშვილმა სასამართლო დარბაზში.

ჟურნალისტის შემდეგ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალთა ოთახის მენეჯერი ლია კაპანაძე დაიკითხა, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიის წარმომადგენელია. კაპანაძე საკრებულოს სხდომას ესწრებოდა.

„პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვარ და მაინტერესებდა რატომ უწყობდნენ იმპიჩმენტს ბატონ ლევანს. სხდომის დაწყებისას თამაზ ძაძამიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გამოაცხადა, რომ რეგისტრაცია 25–მა დეპუტატმა გაიარა, პროტესტის ნიშნად „ნაციონალების“ ექვსმა დეპუტატმა სხდომა დატოვა, კენჭისყრაში მონაწილეობა კი 21 დეპუტატს ჰქონდა მიღებული“, – განაცხადა სასამარლოს სხდომაზე ლია კაპანაძემ.

მან ის დღეც გაიხსენა, როდესაც ლევან ლობჯანიძესთან ერთად ნინოწმინდაში ქალთა ოთახის გახსნაზე მიდიოდა, რა დროსაც ლობჯანიძეს გუბერნატორის მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა დაურეკა და გუბერნიაში დაიბარა.

„არ ვიცი იქ რა ილაპარაკეს, მაგრამ დაახლოებით ერთი საათი იყო ბატონი ლევანი შესული და რომ გამოვიდა, ძალიან ცუდ ხასიათზე იყო“, – იხსენებს კაპანაძე.

ლია კაპანაძის შემდეგ მოსარჩელე მხარის კიდევ ერთი მოწმე, თინათინ გოგრიჭიანი დაიკითხა.

„მე ასე თუ ისე ჩახედული ვარ კოდექსში და ვიცი, რომ კენჭისყრა უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, როცა ბატონ ლევანს ირჩევდნენ იქ კაბინაც იყო და დარბაზშიც ჩატარდა, მაგრამ გადარჩევა პატარა ოთახში ჩატარდა“, – ამბობს გოგრიჭიანი.

მისი თქმით, აღნიშნული ოთახი გამგებლის მოსასვენებელი ადგილია და ორი კარი აქვს. გოგრიჭიანმა სასამართლო დარბაზში ისიც ახსენა, რომ გამგებლის კაბინეტში ახალციხის შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორი გია ბალიაშვილი და უშიშროების თანაშრომელი დათო სარაშვილი იმყოფებოდნენ.

მოსარჩელე მხარის ბოლო მოწმედ ლილი მოდებაძე დაიკითხა. იგი სოფელ მოხეში ცხოვრობს და როგორც მან სასამართლო დარბაზში განაცხადა, 3 მარტს, საკრებულოს სხდომამდე ერთი დღით ადრე, მოხის დეპუტატთან ავთანდილ გობაძესთან სტუმრად იყვნენ ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, მისი მოადგილე მინდია ჯელია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ძაძამია. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გობაძესთან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში დარჩნენ.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ლევან ლობჯანიძის საქმის განხილვა მიმდინარე წლის 8 ივლისს 12:00 საათზე გაგრძელდება. სხდომაზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაიკითხებიან. მოპასუხე მხარეს დასაკითხად შვიდი მოწმე ჰყავს წარდგენილი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 17 ხმით 10–ის წინააღმდეგ, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. იმავე დღეს დეპუტატებმა საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ, საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი აირჩიეს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაიკითხებიან
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე ოთხი მოწმე დაკითხეს
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაკითხეს
მოსამართლის შვებულების გამო, ლევან ლობჯანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმის განხილვა დაიწყო
სასამართლომ ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი დააკმაყოფილა
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმის განხილვა სრულდება