2015 წლის მარტის თვეში IDFI-მ საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა ყველა სამინისტროსა და სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას. ჯამში 1185 შეკითხვა გაეგზავნა 19 სამინისტროსა და 49 სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მითითებულ დაწესებულებებს გაეგზავნათ სტანდარტული შინაარსის მოთხოვნები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანამდებობის პირთა მიერ 2014 წლის განმავლობაში მიღებული პრემიები და სახელფასო დანამატები, უწყების მიერ გაწეული წარმომადგენლობითი, სამივლინებო, როუმინგული ხარჯები, აუდიტორული შემოწმების აქტები, გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების სია, შესყიდული ავტომობილების ჩამონათვალი, ჩანაცვლებული ავტომობილებისა და კომპიუტერული ტექნიკის სია, ინფორმაცია შტატით გათვალისწინებულ და შტატგარეშე თანამშრომელთა (ცალ-ცალკე) რაოდენობის შესახებ გენდერულ ჭრილში (მამაკაცთა და ქალთა რაოდენობა), გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა და მონაცემები თანამდებობის პირთა სამუშაო გამოცდილების შესახებ (cv).
დამატებით სამინისტროებს საკუთარი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე გაეგზავნათ არასტანდარტული შეკითხვებიც. მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოთხოვნილ იქნა სტატისტიკური ინფორმაცია ავტო-საგზაო შემთხვევებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე დაჯარიმებულ პირთა რაოდენობის შესახებ, თავდაცვის სამინისტროდან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ავღანეთში, ერაყსა და უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილ და გარდაცვლილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობისა და მათი ოჯახებისთვის გაწეული ფინანსური დახმარების შესახებ.
IDFI-ში ამბობენ, რომ გაგზავნილი შეკითხვებიდან სრულყოფილი პასუხი მიიღეს მოთხოვნათა 51.8%-ზე, არასრულყოფილი 2.9%-ზე, ინფორმაციის მოწოდებაზე უარი უთხრეს 1.6% შემთხვევაში, 20.8% შემთხვევაში შესაბამის საჯარო დაწესებულებაში არ ინახებოდა მოთხოვნილი ინფორმაცია და უპასუხოდ დარჩა მოთხოვნათა 22.9 %.
„საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემის უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელი (51.8%) განპირობებულია იმით, რომ სამმა სამინისტრომ და მათზე დაქვემდებარებულმა ცხრა უწყებამ უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ ჩვენი განცხადება. ყველა მოცემულ უწყებაში წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი“, – ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.
კვლევის მიხედვით, უპასუხოდ დატოვეს მოთხოვნები ფინანსთა, იუსტიციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა; ასევე, იუსტიციის სამინისტროს 6–მა და ფინანსთა სამინისტროს 4–მა უწყებამ და შსს-ს დაქვემდებარებულმა 1–მა სსიპ–მა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ორმა სამინისტრომ ინფორმაცია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ გასცა. ესენია: შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები.
IDFI-ში ამბობენ, რომ ყველა ეს სამინისტრო გამჭირვალობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩვენების შემდგომ პერიოდში, ხოლო მომდევნო წლებში, ადმინისტრაციულ ორგანოთა ღიაობის მაჩვენებელი ეტაპობრივად იკლებდა.
„ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ზემოთ მითითებული უწყებების მიერ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. შედეგად თავიდან იქნება აცილებული ისეთი მანკიერი პრაქტიკა, როგორსაც ადგილი განვილი წლის განმავლობაში ჰქონდა, მნიშვნელოვანია, რომ უწყებებმა პროცესის კიდევ უფრო გაჭიანურების გარეშე პრაქტიულად ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია 2014 წლის განმავლობაში გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ“, – ვკითხულობთ კვლევაში.
[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]