ერთკვირიანი სტაჟირება პოლონეთის ქალაქ პოზნანში 9–16 ნოემბერს შედგა. „სამხრეთის კარიბჭესთან“ ერთად სტაჟირებაში საქართველოს ოთხი რეგიონული გაზეთის რედაქტორი მონაწილეობდა.
გაზეთების: „ჩემი ხარაგაული“, „მთავარი სამეგრელოში“, „სპექტრი“ და ვებგვერდის Okribanews.ge რედაქტორები პოლონეთის ქალაქებში პოზნანსა და იაროჩინში არსებულ ლოკალურ მედიებს სტუმრობდნენ, გამომცემლებისა და რედაქტორებისგან პრაქტიკულ რჩევებს ისმენდნენ და ჟურნალისტების მუშაობას აკვირდებოდნენ.
ვიზიტი პოზნანის ერთ-ერთი უბნის, ოკოლიცის გაზეთის რედაქტორთან სტუმრობით დაიწყო. ვოიჩეხ სიკორსკისი საათნახევრის განმავლობაში გვიხსნიდა როგორ დაიწყო ორმა ადამიანმა მუშაობა ფეისბუქის გვერდზე, ორი თვის შემდეგ როგორ გამოვიდა გაზეთის პირველი ნომერი და როგორ მიაღწია გაზეთის ტირაჟმა ერთ წელიწადში 20.000–ს.
„წერეთ ის, რაც აინტერესებს მკითხველს; ისაუბრეთ თქვენს მიღწევებზე – რატომ უნდა წაგიკითხონ; განათავსეთ თქვენი რეკლამები ქალაქში; დაანონსეთ გაზეთის ყოველი ახალი ნომერი; მოაწყეთ კონკურსები მკითხველებისთვის და უთხარით სად შეიძინონ გაზეთი. იფიქრეთ რეკლამაზე“, – ეს იყო „ოკოლიცის ამბების“ რედაქტორის ვოიჩეხ სიკორსკისის რჩევა. Wieści z Okolicy („ოკოლიცის ამბები“), მხოლოდ ერთ უბანში მომხდარ ამბებს ავრცელებს. გაზეთი სავსეა იმ უბნის ბიზნესის რეკლამებით.
რეგიონული მედიის რედაქტორებისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი ქალაქ იაროჩინში, გაზეთისა და ვებპორტალის, „იაროჩინსკას“ გამომცემლობაში ვიზიტი იყო. გაზეთს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ბეჭდური ვერსია და პატარა ოფისი ჰქონდა, ახალა უზარმაზარი შენობა, ინტერაქტიული ვებ–გვერდი და პატარა სატელევიზიო სტუდია აქვს.
„როგორ მიაჩვიოთ ხალხი გაზეთს? მხოლოდ მათზე დაწერეთ; მოუყევით რას უნდა აკეთებდეს და რას აკეთებს თვითმმართველობა; განათავსეთ მათი ახლობლების, ახალშობილეის ფოტოები; დაწერეთ სკოლებზე, საბავშვო ბაღებზე; სპორტულ მიღწევებზე; არ დაარღვიოთ სისტემატურობა და არ დააკლოთ ხარისხი“, – ეს იყო გაზეთის გამომცემელის პიოტრ პიოტროვიჩის რჩევა, რომელიც ფიქრობს, რომ გაზეთში ბევრი პატარა განცხადება უნდა იყოს და ეს განცხადებები აუცილებლად ფასიანი უნდა იყოს, თუნდაც ეს თანხა სიმბოლური იყოს.
„ეს გაზეთი კარგი მაგალითია იმის, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერი მიღწევადია“, –ასეთი იყო ქართველი გამომცემელების ემოცია იაროჩინიდან წამოსვლისას.
ქართველი რედაქტორებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ტელევიზია WTK–ში ვიზიტი, სადაც ტელევიზიის პორტალის რედაქტორმა რემიგიუშ კოზინსკიმ, რომელიც ლექციებსაც კითხულობს, ქართველი სტუდენტები დაგვახვედრა. ჟურნალისტები გაეცნენ როგორ ამზადებენ საინფორმაციო გამოშვებას. აქ საინტერესო ის იყო, რომ ახალი ამბებს წამყვანი ჟურნალიტებტან ერთად აანონსებს. იგი ნიუსრუმში დგას, შესავალი სიტყვის შემდეგ, კი თემებს თავად კი არ ყვება, ჟურნალისტებთან მიდის და მათ აყოლებს რა თემაზე მუშაობდნენ დღის განმვალობაში.
„თქვენი გამოცემა უნდა იყოს: ადგილობრივი, კომერციული და ინფორმაციული. ყველა ნაბიჯზე უნდა აჩვენოთ მკითხველს, რომ ის მნიშვნელოვანია და წერეთ მხოლოდ ადგილობრივი ამბები, თქვენს მკითხველს არ აინტერესებს რა ხდება სხვა ქალაქში, ან დედაქალაქში“, – ურჩია გამომცემლებს რემიგიუშ კოზინსკიმ.
ბოლო ვიზიტი Glos Wielkopolski –ში შედგა. ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილების გაზეთშიც მთავარი აქცენტი მკითხველებზე კეთდება. უშვებენ ჩანართებს სხვადასხვა თემაზე, მაგალითად, კულინარია, ჯანდაცვა... აწყობენ კონკურსებს, მაგალითად წლის მეხანძრის და.ა.შ. გამოსავლენად.
„ეს კარგი საშუალებაა მკითხველებთან კონტაქტისთვის“, – ამბობენ გამოცემაში.
სტაჟირების ბოლო დღეს, ქართველი გამომცემლები შეეცადნენ ნანახი შეეჯამებინათ და სამუშაო სტრატეგია შეემუშავებინათ. სია, რის გაკეთებასაც ქართული რეგიონული მედიები გეგმავენ, შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
პოზნანში ვიზიტი შედგა პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი“, საქართველოში პარტნიორ ორგანიზაცია „კავკასიიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად 8 წლის განმავლობაში ახორციელებდა.
სამუშაო დღეებთან ერთად იყო: სტუმრობა იაროჩინის როკის მუზეუმში, პოლონეთის დამოუკიდებლობის დღისა და წმინდა მარჩინის დღესასწაული პოზნანში და სპექტაკლი პოზნანის ოპერის თეატრში.
[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]