
სამცხე–ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, სარწყავი წყლის პრობლემა ასპინძის მუნიციპალიტეტშიც აწუხებთ. იმის გამო, რომ წყალსაქაჩები ყველა სოფელში არ არის, მოსახლეობა წვიმის იმედადაა დარჩენილი. მათ იმედებს კი ცხელი ზაფხული არ ამართლებს.
მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, ასპინძაში სათავე ნაგებობა მოეწყო და დაბა ასპინძაში არსებულ ოთხ სარწყავ არხს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თუმცა, ამით პრობლემა არ მოგვარდა.
„დაახლოებით 7-8 წელიწადია ასპინძაში სარწყავი წყალი საერთოდ არ არის. წელს უკვე გაკეთებული იყო სათავე ნაგებობა და არხები. იმედი გვქონდა, რომ მოვრწყავდით და თითქმის ყველამ აითვისა მიწის ნაკვეთები, მაგრამ სტიქიამ სულ დაანგრია ყველაფერი, მოშალა და იმის მერე არ გაკეთებულა“, - ამბობს დაბა ასპინძაში მცხოვრები ლუიზა ათენაშვილი.
წვიმის იმედადაა დარჩენილი დაბაში მცხოვრები თამრიკო არსენიშვილიც: „ციხისუბანში18 მეასედი მიწის ფართობი მაქვს, პომიდორი, სიმინდი, ლობიო, ბულგარული წიწაკა და კარტოფილი მქონდა დათესილი და საერთოდ აღარაფერი აღარ არის, უწყლობის გამო ყველაფერი ჩახმა. სასმელი წყალიც მხოლოდ ერთი საათით მოდის და სარწყავად ვერ გამოიყენებ“.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქიის შემდეგ არხები მხოლოდ რამდენიმე უბანში გაიწმინდა.
„წელს გამგეობამ კარგი საქმე გაგვიკეთა, ამდენი წლის განმავლობაში ასპინძაში სარწყავი წყალი არ გვქონდა. წელს გააკეთეს, მაგრამ მერე სტიქიამ დააზიანა. მე გარეუბანში ვცხოვრობ, ტრაქტორი დაგვახმარეს და გაიწმინდა არხები, ჩვენ სარწყავი წყლის პრობლემა არ გვაქვს“, - ამბობს ნინელი ლონდარიძე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე სარწყავი წყლის პრობლემა დაბაში ფაქტობრივად მოგვარებული იყო. თუმცა, ვიდრე რწყვის სეზონი დადგებოდა, ასპინძას სტიქიამ შეუტია და გაწმენდილი არხები დააზიანა.
„გასულ წელს შევქმენით ახალი სამსახური ააიპ „ასპინძის მელიორაცია“, გამოიყო თანხები, შესრულდა სამუშაოები, მოეწყო სათავე ნაგებობები, ზოგან ბეტონი ჩაისხა, ზოგან მილები გაკეთდა და მარტის ბოლოს იმ ოთხივე არხში, რომელიც დაბა ასპინძაში ფუნქციონირებს, წყალი გამოყვანილი იყო. თუმცა სტიქიამ ყველაფერი გააფუჭა“, - განმარტავს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი.
მისივე თქმით, დაბაში პრობლემა ნაწილობრივ უკვე მოგვარებულია. მოსახლეობა ნათესებს უკვე რწყავს, თუმცა იქ სადაც პრობლემა ისევ არის, მელიორაციის სამსახური არხების გაწმენდას ეტაპობრივად ახორციელებს.
„ამ სტიქიამ დაგვანახა, რომ სარწყავ არხებს თუ კაპიტალურად, რკინა-ბეტონით არ ჩაუტარდება რეაბილიტაცია, პატარა წვიმაზეც პრობლემა შეგვექმნება, კარგად გაკეთებულ არხს კი ვერ დააზიანებს“, - განმარტავს პაპაშვილი.
რაც შეეხება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებს, გამგეობაში განმარტავენ, რომ მოსახლეობის ნაწილი არსებული წყალსაქაჩებით, ნაწილი კი თვითდინებით რწყავს მიწებს.
ამ ეტაპზე ააიპ „ასპინძის მელიორაციის“ ბალანსზე მხოლოდ ორი მოქმედი წყალსაქაჩია. ერთი სოფელ რუსთავში, მეორე კი დაბაში.
„გარდა ამისა, წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ ივერიის წყალსაქაჩს. ხიზაბავრა ირწყვება საგუბრით და სოფელი საროა დარჩენილი, სადაც ძველი საქაჩის აღდგენას ვფიქრობთ. ასევე გვინდა სოფელ აწყვიტის საქაჩის აღდგენა, რომელიც უფრო მეტად დაზიანებულია. სხვა სოფლებში თვითდინებით რწყავენ“, - ამბობს გამგებლის მოადგილე.
მისივე თქმით, სამართლებრივად დასარეგულირებელია ჯარიმები და სანქციები, რაც მელიორაციის სამსახურმა მოსახლეობას არასწორად დახარჯულ წყალზე უნდა დააკისროს. პაპაშვილი განმარტავს, რომ თუ მოსახლეობას გარკვეული ჯარიმები დაეკისრება, ყველა იმ რაოდენობის სარწყავ წყალს გამოიყენებს, რაც სჭირდება და შესაბამისად ნაკვეთების მორწყვას ყველა შეძლებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტში წელს სარწყავ წყალზე თანხა გამოყოფილი არ არის. ალექსანდრე პაპაშვილის თქმით, სასმელი წყლის პრობლემაც არ არის საბოლოოდ მოგვარებული და თუ სადმე წყალზეა საუბარი, მოსახლეობა უპირატესობას სასმელ წყალს ანიჭებს.
[თამარ თოთაძე, ასპინძა]