
შპს „ახალციხის მელიორაცია“ 2011 წლის 24 დეკემბერს დაფუძნდა. მასში მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ექვსი წყალსაქაჩი გაერთიანდა. „მელიორაციის“ დაქვემდებარებაში შევიდა ის წყალსაქაჩები, რომლებიც მწყობრში იყო: ორი წყალსაქაჩი ვალეში და თითო – ნაოხრებში, სხვილისში, მინაძესა და წნისში.
იმის გამო, რომ „ახალციხის მელიორაცია“ თავიდანვე მოგების მიზნით შეიქმნა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მისთვის თანხის გამოყოფის უფლება არ ჰქონდათ. ამიტომ, გადაწყდა, რომ სამსახური არამომგებიან, არაკომერციულ, იურიდიულ პირად ჩამოყალიბებულიყო. აღნიშნული ცვლილების შედეგად კი ადგილობრივ თვითმმართველობას საშუალება მიეცა სარწყავი სისტემების მოწესრიგებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოს.
2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან „ახალციხის მელიორაცია“ 100 ათასი ლარით ფინანსდება. ამ თანხაშია გათვალისწინებული წყალსაქაჩების მოვლა–პატრონობა და თანამშრომლების ხელფასი. ამ ეტაპზე „ახალციხის მელიორაციას“ ადმინისტრაციაში ოთხი, სადგურის უფროსებად კი რვა თანამშრომელი ჰყავს.
„ახალციხის მელიორაციის“ უფროსის ზურა ბაიდაურის თქმით, მუნიციპალიტეტში არსებული სარწყავი სისტემა მწყობრიდანაა გამოსული. იმ წყალსაქაჩების გარდა, რომლებიც ამ ეტაპზე მუშაობს, თითქმის ყველა საქაჩი გაძარცვულია და მათი აღდგენისთვის დიდი თანხებია საჭირო.
„სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სარწყავი სისტემის მოწესრიგება აუცილებელია. მოსახლეობა მიწებს ვერ რწყავს და სათიბად იყენებენ. ადრე ტონობით ხილი და ბოსტნეული მოდიოდა, მაგრამ სარწყავი სისტემა რომ არ არის, აღარაფერი მოდის. სადაც წყალსაქაჩს წყალი მიეწოდება, იქ მოსავალიც კარგია“, – ამბობს ბაიდაური.
იმ ექვს წყალსაქაჩს, რომელიც ამ ეტაპზე მუშაობს, კიდევ ერთი, სოფელ საყუნეთის საქაჩი დაემატება. წყალსაქაჩზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. გარდა ამისა, სოფელ წყორძის წყალსაქაჩისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასულ წელს ძრავა შეიძინა, წელს კი ტენდერი მილების ჩადებაზე გამოაცხადა. ზურა ბაიდაურის თქმით, პირველ ეტაპზე ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო და მეორედ გამოცხადდა.
„მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია კიდევ რამდენიმე სოფლის: ფერსის, გიორგიწმინდის, მუგარეთის, ტყემლანის, წყალთბილის საქაჩები. როგორც საყუნეთში ვაკეთებთ, ისე გვინდა რომ სხვა სოფლებშიც მოვიყვანოთ მწყობრში“, – ამბობს ზურა ბაიდაური და ამატებს, რომ ელექტროძრავები მოძველებულია, მისი ნაწილები ძნელად იშოვება და ძალიან ძვირი ღირს.
მისივე თქმით, ტარიფები ყველა საქაჩზე განსხვავებულია და ელექტრო ძრავის სიმძლავრეზეა დამოკიდებული.
„სხვადასხვა ელექტროძრავა სხვადასხვა სიმძლავრის დენს მოითხოვს, წყალიც, შესაბამისად, მეტ–ნაკლები მიეწოდება. ტარიფი ამის მიხედვით დადგინდება. „ენერგო–პრო–ჯორჯიას“ წარმომადგენლებს მივიყვანთ და დასკვნას დავადებინებთ, რომ ეს ძრავა ამ დატვირთვით, მაგალითად, 37 ლარს სწვავს“, – გვიხსნის ბაიდაური.
მუნიციპალიტეტში მორწყვის სეზონი ჯერ არ დაწყებულა. როგორც ბაიდაური ამბობს, ამ ეტაპზე ყველა წყალსაქაჩზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
[თამარ თოთაძე, ახალციხე]