
სოფლებში - მუგარეთი, ფერსა და გიორგიწმინდა, წლებია ადგილობრივები სახნავ-სათეს ფართობებს წვიმის იმედად ამუშავებენ.
ამ სოფლებში მიწებს წყალსაქაჩების საშუალებით, მდინარე ფოცხოვიდან ამოქაჩული წყლით რწყავდნენ. 90-იან წლებში წყალსაქაჩები გაიძარცვა და ნაწილ-ნაწილ გაიზიდა. იქ სადაც ადრე წყალსაქაჩები იყო, ახლა ნახევრად დანგრეული შენობის მეტი არაფერი დგას.
ფირან გელაშვილი სოფელ მუგარეთში ცხოვრობს. მისი თქმით, სოფლის ყველაზე დიდი პრობლემა ნათესების მორწყვაა: „დაახლოებით 12 წელია, რაც ჩვენ სოფელში წყალსაქაჩი აღარ მუშაობს. წვიმის იმედად ვთესავთ, კარგი იქნება გაძარცვული წყალსაქაჩის აღდგენაში ვინმე თუ დაგვეხმარება“.
იგივე პრობლემა აწუხებს გიორგიწმინდისა და ფერსის მოსახლეობასაც. ადგილობრივების თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათ სოფელში წყალსაქაჩმა სულ რაღაც სამი წელიწადი იმუშავა.
გასულ წელს ეკონომიკის სამინისტრომ მოქმედი წყალსაქაჩები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადასცა. მუნიციპალიტეტებმა კი აღნიშნული ქონება მათ მიერვე შექმნილ შპს-ებს გადასცეს. ამ შპს-ებს უნდა უზრუნველეყო წყალსაქაჩების აღდგენა. მათივე გადასაწყვეტი იყო მომსახურების ფასიც.
შპს „მელიორატორი“ მიმდინარე წლის იანვრიდან ფუნქციონირებს. მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილ შპს-ს ექვსი მოქმედი წყალსაქაჩი გადაეცა. სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსის ალექსი კოსტანიშვილის თქმით, ”მელიორატორი” ამ ეტაპზე მოქმედი წყალსაქაჩების რეაბილიტაციაზე იზრუნებს. რაც შეეხება აღსადგენ წყალსაქაჩებს, მათ მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში შეაკეთებენ: ”ამ ეტაპზე შვიდ-რვა კაციანი ჯგუფი მოქმედი წყალსაქაჩების რეაბილიტაციაზე მუშაობს. სარეაბილიტაციო თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნით, პირველ ეტაპზე აღსადგენი წყალსაქაჩების სია უკვე გადავეცით. მიმდინარე წელს მდინარე ფოცხოვზე: საძელის, სხვილისისა და ვალის მეორე შახტის წყალსაქაჩების რეაბილიტაცია დაიწყება”.
აღნიშნული წყალსაქაჩები გადამქაჩით ათ სოფელს მოემსახურება და ჯამში 1150 ჰექტარი მოირწყვება.
თუმცა, ექვსი წყალსაქაჩით მუნიციპალიტეტის პრობლემა არ გვარდება.
რეგიონალური განვითარების ასოციაციის პროგრამის კოორდინატორი ნანა ზუბაშვილი ამბობს, რომ სარწყავი და საირიგაციო სისტემების მოწესრიგება დღემდე რჩება სოფლების უმეტესობისთვის მთავარ პრიორიტეტად. იმ ფაქტს, რომ საირიგაციო სისტემები მუნიციპალიტეტებს გადაეცა, ზუბაშვილი მიესალმება.
- ”ეს ობიექტები აღრიცხული და რეგისტრირებული არ იყო, ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მუშაობა გვიჭირდა. ადრე ჩვენ თავად ვთხოვეთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ რიგი საირიგაციო სისტემები მუნიციპალიტეტებისთვის გადაეცა, - ამბობს და ამატებს, რომ ამ ინიციატივით ორგანიზაციებს სოფლებში მუშაობა გაუადვილდებათ: ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს ობიექტს, ყოველთვის ინტერესდება ვინ იქნება პასუხისმგებელი დასრულებულ ობიექტზე. მუნიციპალიტეტზე გადაცემის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება, რომ პასუხისმგებელი ადგილობრივი მმართველობაა”.
რეგიონალური განვითარების ასოციაცია თემების დასახმარებლად მიმდინარე წელს სამწლიანი პროექტის განხორციელებას იწყებს.
- ”კონკურსის პირველი რაუნდი გამოვაცხადეთ და ჩვენი სამიზნე 27 სოფლიდან ათმა პრიორიტეტად საირიგაციო სისტემა დაასახელა”, - ამბობს ზუბაშვილი.
მუნიციპალიტეტის 47 სოფლიდან წყალსაქაჩების ნაწილი შპს ”მელიორატორის”, ნაწილი კი რეგიონალური განვითარების ასოციაციის დახმარებით აღდგება. დანარჩენ სოფლებში კი მოსავლიანობა ისევ წვიმაზე იქნება დამოკიდებული.
[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]