FM97.5 / LIVE

რას ჰყვება რევაზ მერაბიშვილი დაკითხვის დეტალებზე

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 03.04.2014
რას ყვება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი რევაზ მერაბიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში 27 მარტს მომხდარზე. დეტალები ვიდეოჩანაწერიდან, რომელიც „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის საკრებულოში მიაწოდეს.

რას ჰყვება რევაზ მერაბიშვილი დაკითხვის დეტალებზე
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი აცხადებს, რომ მისი თანამდებობიდან ჩამოშორების მიზნით, გამგეობის ერთ-ერთ თანამშრომელზე, რევაზ მერაბიშვილზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა და მერაბიშვილი აიძულეს ხელი მოეწერა ოლეგ სანდროშვილის საწინააღმდეგო ჩვენებაზე.

ამის შესახებ ოლეგ სანდროშვილმა დღეს, 3 აპრილს, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგზე იმყოფებოდა რევაზ მერაბიშვილიც, თუმცა, მას განცხადება არ გაუკეთებია, რაც იმით ახსნეს, რომ იგი ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. მის ნაცვლად ბრიფინგზე ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი საუბრობდა. იგი ყვებოდა იმ დეტალებზე, რაც მერაბიშვილის მისთვის მონაყოლით, 27 მარტს, სამმართველოში ხდებოდა.

ბრიფინგის დასრულების შემდეგ მედიას საკრებულომ ვიდეოჩანაწერი გადასცა. ჩანაწერში მერაბიშვილი დეტალურად ყვება რა ხდებოდა სამმართველოში. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, მოვლენები საკრებულოს შენობაში ხდება, შეხვედრას ესწრებიან რევაზ მერაბიშვილი, მისი მეუღლე (რომელიც, ახალციხის მეხუთე სკოლის პედაგოგია), ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი და ახალციხის ციხის დირექტორის თანაშემწე ლაშა ამირეჯიბი.

ვიდეოში ჩანს, რომ მერაბიშვილს საუბარი ძალიან უჭირს. მას კითხვებს ნუგზარ სამარჯიშვილი და ლაშა ამირეჯიბი უსვამენ. ვიდეოჩანაწერში რევაზ მერაბიშვილი ამბობს, რომ ხუთშაბათს, 27 მარტს, დღის 13:00 საათზე, ორმა პიროვნებამ, ისე, რომ ვინაობა არ დაუსახელებიათ, იგი საფინანსო სამსახურში წაიყვანეს.

„სამსახურში ვიყავი, ვმუშაობდი, რომ მოვიდნენ და მითხრეს, წამოგვყევი საფინანსო სამსახურში, ნახევარი საათით გაგესაუბრებით და გამოგიშვებთო. არც უკითხავთ მქონდა თუ არა დრო და არც ის უთქვამთ, რა საკითხზე უნდა გამსაუბრებოდნენ“, - ამბობს მერაბიშვილი.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ის ოთახში შეიყვანეს, მასთან შევიდა ერთი პიროვნება, რომელსაც ასევე არ წარუდგენია თავი და მაგიდაზე ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მდებარე 28-ე კორპუსის სახურავის გადახურვის სამუშაოების საქმე დაუდო: „მითხრა, სახურავის მოცულობის და მონაცემების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაქვს გადაცემულიო, ვუთხარი ყველაფერი სწორედ მაქვს გაკეთებული-მეთქი, რაზეც მან მიპასუხა, ექსპერტიზა მივიყვანეთ და რაღაცეები არასწორად გაქვს გაკეთებული, ამისთვის კი 3-დან 5 წლამდე ციხე გეკუთვნისო. მერე მითხრეს, ჩვენ ვიცით რომ ამ საქმეზე ხელმოწერა ნებაყოფლობით არ გაქვს გაკეთებული, ოლეგ სანდროშვილის დავალებით მოაწერეო“.

მერაბიშვილი ამბობს, რომ მისი და ოლეგ სანდროშვილის თანამშრომლობის პერიოდში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, მას დაუმთავრებელი ობიექტი ჩაებარებინა, ამიტომ, საფინანსო პოლიციის თანამშრომლებს უმეორებდა, რომ ეს ასე არ იყო. ისინი კი უმტკიცებდნენ, რომ მათ იცოდნენ, რომ ეს ნამდვილად ასე მოხდა, რადგან ხალხი ჰყავდათ დაკითხული: „ერთი საათი ამაზე „ვისპორეთ“, შემოვიდა გითხრა [საუბარია ოლეგ სანდროშვილზე], არა, არ შემოვიდა“.

მერაბიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მისგან უარს ღებულობდნენ, უთხრეს, რომ მისგან იგივე ჩვენებას არ მიიღებდნენ, რაც სხვებისგან უკვე ჰქონდათ, კერძოდ ის, რომ მასთან ოლეგ სანდროშვილი შევიდა და უთხრა, დოკუმენტებზე ხელი მოეწერა, მასზე საქმეს აღძრავდნენ და კიდევ გაუმეორეს, რომ 3-დან 5 წლამდე პატიმრობის აღკვეთა ემუქრებოდა. ამის შემდეგ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო. გამოჰკითხეს ოჯახის წევრთა ვინაობები და სად იყვნენ დასაქმებული.

„ვუთხარი ბიჭი პატრულის თანამშრომელია-მეთქი და ოოო, მითუმეტესო. სახლში რომ მიხვიდე და ჩვენთან თანამშრომლობა არ დაიწყო, შენი ბიჭი რას გეტყვისო. ზეწოლა არ უხსენებიათ, მაგრამ, გასაგები იყო რაზეც იყო საუბარი და ბოლო-ბოლო, ამდენი ჯიკაობის მერე, ვუთხარი რასაც დაწერთ, მოგიწერთ ხელს-მეთქი. დაწერეს თვითონ და მოვაწერე ხელი“, - ამბობს მერაბიშვილი და აქვე ამატებს, რომ ისე მოაწერა ხელი ფურცელზე რა ეწერა არ წაუკითხავს. მერაბიშვილი ამბობს, რომ შვილი რომ უხსენეს ამან მიაღებინა გადაწყვეტილება.

ადვოკატის კითხვაზე, თუ მას შეეშინდა სამმართველოში და იმიტომ მოაწერა ხელი, ახლა რატომ ასაჯაროებს ამ დეტალებს, შიშის ფაქტორი ახლა რატომ არ მოქმედებს, მერაბიშვილი პასუხობს, რომ როდესაც შენობა დატოვა და დამშვიდდა, მიხვდა რა ჩაიდინა: „უდანაშაულო კაცი შარში უნდა გამეხვია“.

ვიდეოში მერაბიშვილი ადვოკატის კითხვაზე, რატომ მივიდა საკრებულოში და ყვება ამ ამბავს, ამ შემთხვევაშიც ხომ არ ხორციელდება მასზე ზეწოლა, ამბობს, რომ არა, ეს არის მისი ნებოყოფლობითი შეხვედრა და არ არის ზეწოლის შედეგი. სამმართველოს შენობის გარდა მასზე ზეწოლა არსად განხორციელებულა. მერაბიშვილი ამბობს, რომ მან იცის, რომ ეს შეხვედრა იწერება.

მერაბიშვილის თქმით, იგი სამმართველოში 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ვიდეოჩანაწერის ხანგრძლივობა 25 წუთია. ტექნიკური დეტალების გამო, [ინტერნეტის ნელი სიჩქარე] ვიდეოჩანაწერს "სამხრეთის კარიბჭე" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები სამმართველოში ნამდვილად დაიკითხნენ, თუმცა, მათზე ზეწოლის ფაქტებს კატეგორიულად გამორიცხავენ.

აღიშნული სამსახურის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს დაწყებული აქვს ძიება ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მდებარე 28-ე კორპუსის გადახურვის საქმეზე და ამასთან დაკავშირებით, გამგეობის თანამშრომლები ნამდვილად დაკითხეს.

„რაც შეეხება ზეწოლას, რაზეა საუბარი, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, გამორიცხულია რაიმე სახის, მინიმალური, ფისქოლოგიური ზეწოლა“, - განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა გიორგი გრძელიშვილმა.

[ნინო ნარიმანიშვილი, მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: მოწმეზე ზეწოლა არ განხორციელებულა

ოლეგ სანდროშვილი: "ჩემს მიმართ იმპიჩმენტი იგეგმება"
პროკურატურა რევაზ მერაბიშვილის საფინანსო პოლიციაში დაკითხვის დეტალებს არკვევს
საფინანსო პოლიციამ ახალციხეში სამი პირი დააკავა
რატომ აქტიურობს ლაშა ამირეჯიბი ახალციხის პოლიტიკურ ცხოვრებაში?