FM97.5 / LIVE

რა წერია პოლიტიკური პარტიების პროგრამებში ეკონომიკის განვითარებაზე

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 22.10.2020
როგორ აპირებენ ეკონომიკის განვითარებას პოლიტიკური პარტიები და რას ჰპირდებიან ისინი ამომრჩეველს - პროგრამების მოკლე ანალიზი ეკონომიკური სფეროს შესახებ.

რა წერია პოლიტიკური პარტიების პროგრამებში ეკონომიკის განვითარებაზე
ფოტო:agenda.ge

„სამხრეთის კარიბჭე“ გთავაზობთ იმ პარტიების პოლიტიკური პროგრამების ანალიზს, რომლებსაც არჩევნებზე საკუთარი მაჟორიტარი ჰყავთ სამცხე-ჯავახეთში.

14 ასეთი პარტიიდან, რედაქციამ მხოლოდ სამი პარტიის პროგრამა ვერ მოიძია. ესენია: პარტია „საქართველო“, „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ და პარტია „ქართული არჩევანი“.

N2 „ევროპული საქართველო“


“ევროპული საქართველო” – გამოსავალს ხედავს, ერთი მხრივ, გადასახადების დაწევაში და, მეორე მხრივ, ბიუჯეტის სწორად გადალაგებაში. „ჩვენი მიდგომაა – ნაკლები ფული ბიუროკრატიას, მეტი თანხა ხალხს და ბიზნესს“, - წერია პროგრამაში.

გეგმა გულისხმობს:

• ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზის შემცირებას 25%-ით, რაც შეაფერხებს ფასების ზრდას.
• დღგ-ით დაუბეგრავი ბრუნვის ზღვარის 100,000 ლარიდან 200,000 ლარამდე გაზრდას
• დამატებითი ღირებულების გადასახადის 18%-დან 16%-მდე შემცირებას, შემდეგ მის შეცვლას გაყიდვის გადასახადით (Sales tax-ით) და საბოლოოდ ამ უკანსკნელის დაყვანას 8%-მდე
• განაწილებული მოგების 15%-იანი გადასახადის 10%-მდე შემცირებას
• საშემოსავლო გადასახადის შემცირებას 20%-დან 10%-მდე
• ეკონომიკურ დანაშაულზე სასჯელის ზომების გადახედვას
• მთავრობის საკუთრებაში არსებული მიწის და ქონების ხალხისთვის დაბრუნებას
• აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას, საერთაშორისო ფონდებისა და ინვესტიციების მოზიდვას
• რაიონების ბიუჯეტში მეტი ფულის დატოვებას
• სამთავრობო ხარჯების 2 მილიარდით შემცირებას
• მთავრობის ზომის შემცირებას მშპ-ის 20%-მდე არაუგვიანეს 2024 წლამდე
• სესხებთან, მშენებლობასთან და სხვა დაკავშირებული რეგულაციების შემცირებას
• ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმების შემუშავებას
• ქონების გადასახადის განულებას 2021 წელს(შემდეგ გადახედვას)
• მარეგულირებელი ორგანოების შეზღუდვას
• საფოსტო გზავნილების ზღვარის გაზრდას 300 ლარიდან 1000 ლარამდე

N4 „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ”


„ტრიბუნაში“ მიიჩნევენ, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნულ ეკონომიკას - „ამისთვის საჭიროა საერთო-სახალხო სახსრების და ქონების 60%-ზე მეტი მთავრობის და კერძო ბანკირების უკანონო გარიგებების საფუძველზე, წლების განმავლობაში დალექილი მევახშეებისა და კრიმინალი მოხელეების კორუფციული საბანკო თუ ოფშორულ ანგარიშებზე ეს მიტაცებული სახსრები კანონიერი გზით დაუბრუნდება სახელმწიფოს“, - ნათქვამია პროგრამაში. ასევე მათი გეგმის ნაწილია:

– ელიტური კორუფციის დამარცხებით, მთავრობასა და კერძო საფინანსო სისტემის კანონგარეშე გარიგების აღმოფხვრა, რაც შექმნის ჯანსაღ პოლიტიკურ და ბიზნესგარემოს, რაც არის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მთავარი საფუძველი.
- მცირე და საშუალო მეწარმეთა საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონის მიღება.
–იმპორტის ხარისხიანი ქართული პროდუქციით ჩანაცვლება; წარმოებული პროდუქციის ადგილზე გადამუშავება; სათანადო ტექნიკისა და ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვა; ფერმერული მეურნეობისათვის, კერძო შუამავლების გარეშე, ქმედითი ხელშეწყობის მექანიზმების დანერგვა.
– ენერგეტიკის დარგის სწორი განვითარებისთვის მთავრობასა და საეჭვო ინვესტორებს შორის დახურული გარიგებების პრაქტიკის აღმოფხვრა. საინვესტიციო პოლიტიკის აგება კონკურენტული და გამჭირვალე პროცედურებით – ბაზრის ობიექტური პირობების შესაბამისად.

N5 საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”


„ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამის მიხედვით, გაუქმდება საშემოსავლო და მოგების გადასახადი - ფისკალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად გადასახადები გაუქმდება ეტაპობრივად და ყოველწლიურად დაიკლებს 5-5%-ით;

- საგადასახადო პროცედურები გამარტივდება, საგადასახადო კოდექსის 2/3 გაუქმდება;
- ეკონომიკური და საგადასახადო გადაცდომებისთვის აღარ იქნება გათვალისწინებული პატიმრობა და სისხლის სამართლებრივი დევნა;
- ფინანსური პოლიცია გაუქმდება;
- არბიტრაჟის, მათ შორის, უცხოური არბიტრაჟის როლი გაიზრდება საგადასახადო დავებში;
-ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

-2000 ლარამდე გაიზრდება (გაორმაგდება) საქართველოში არსებული საშუალო ხელფასი. საშემოსავლო გადასახადის გაუქმების შედეგად ყოველთვიურად თითოეულ დასაქმებულს კუთვნილი ხელფასიდან აღარ ჩამოეჭრება 20% და შეძლებს, უკეთ იზრუნოს საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე;

-10 მილიარდი ინვესტიციის და ფუნდამენტური რეფორმების შედეგად შეიქმნება 300 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, მივიღებთ სესხის დაბალ პროცენტს, მყარ ლარს და სტაბილურ ფასებს;

- აღმოიფხვრება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის არსებული დავების უმრავლესობა და შეიქმნება ბიზნესსაქმიანობისთვის სამართლიანი, მარტივი და დაცული გარემო;

- საგადასახადო წნეხი არსებული 26%-იდან შემცირდება 15%-მდე, რაც ევროპისთვის საუკეთესო, ხოლო მსოფლიოსთვის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. მსოფლიო მასშტაბით გაიზრდება ქვეყნის საინვესტიციო რეპუტაცია და მიმზიდველობა, რაც ხელს შეუწყობს ინვესტციების შემოდინებას.

N8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”


“პატრიოტთა ალიანსი“ ეკონომიკის განვითარებას ოჯახური ბიზნესის განვითრებას უკავშირებს. მათ გეგმაში წერია: საქართველოში ყოველწლიურად უცხოეთიდან 22 500 000-ზე მეტი პლასტმასის ბოთლი და ანალოგიური ნაწარმი შემოაქვთ. ამ რაოდენობაზე მეტის წარმოება შესაძლებელია საქართველოში და ამისათვის მხოლოდ 90 დანადგარია საჭირო.

სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება და შეიძინოს 90 ასეთი დანადგარი, შეარჩიოს 90 ოჯახი და მათ ეს დანადგარები აჩუქოს. ამგვარად, 90 ოჯახს თავისი მცირე ოჯახური ბიზნესი გაუჩნდება, ხოლო ერთი ასეთი დანადგარი თითოეულ ოჯახს ყოველთვიურად დაახლოებით 4500 ლარს მოუტანს.

თუ სახელმწიფო ამგვარ მიდგომას განახორციელებს, მაშინ უცხოეთიდან მსგავსი პროდუქციის შემოტანა საქართველოში პრაქტიკულად საჭირო აღარ იქნება.

ამ 90 ოჯახს სახელმწიფომ უნდა გამოუყოს საწარმოო ფართობი, ასევე ასწავლოს, სად შეიძინონ წარმოებისათვის საჭირო ნედლეული და როგორ გაყიდონ მზა პროდუქცია. ამავდროულად სახელმწიფომ ერთი წლით მაინც უსასყიდლოდ უნდა გამოუყოს ამ 90 ოჯახს ეკონომისტი, ფინანსისტი, იურისტი და თანამმართველი.

ჩვენ, “პატრიოტთა ალიანსი”, შევქმნით სპეციალურ სააგენტოს, რომელიც ამ დანადგარებს შემოიტანს, ათი ათასობით ოჯახს აჩუქებს და მათ გამოყენებას ასწავლის. ამის შედეგად, უცხოეთიდან მსგავსი პროდუქციის შემოტანაზე ასეულობით მილიონი დოლარი აღარ დაიხარჯება, ხოლო ჩვენი, ქართული ოჯახები ამ პროდუქციას თავად შექმნიან და იმპორტს ჩაანაცვლებენ. ყოველწლიურად სახელმწიფო 30 ათას ოჯახს უნდა ჩუქნიდეს წვრილ ოჯახურ ბიზნესს.

N10 „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“


„ლეიბორისტული პარტია“ აქცენტს მცირე და საშუალო ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლებაზე აკეთებს.

მცირე ბიზნესი საერთოდ უნდა გათავისუფლდეს გადასახადისგან და ყოველი ახალი სამუშაო ადგილის შექმნისას, მათ დამატებითი უპრეცენდენტო კრედიტები და გრანტები მიეცეთ.

საშუალო ბიზნესს უნდა გაუნახევრდეს გადასახადი.

სხვა მიმართულებით განვითარება არის მხოლოდ და მხოლოდ ოლიგარქიული, რასაც ჩვენ ვხედავთ. სხვა ეკონომიკური პოლიტიკა ნიშნავს, 100 ოჯახის ხელში ეროვნული სიმდიდრის შემდგომ აკუმულირებას, რაც გამოიწვევს ქვეყნის ფიზიკურ დაცლას.

N 19 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“


მრეწველობა ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს და ქმნის მაღალ დამატებით ღირებულებას. შეიქმნება საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკი, რომელიც შეამცირებს ბიზნესის დამოკიდებულებას კომერციულ ბანკებზე, 15-20 წლიანი დაბალპროცენტიანი სესხით დააფინანსებს ადგილობრივ წარმოებას, მოხდება იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი პროდუქციით და ექსპორტის ზრდა.

ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გაამყარებს ლარს და შეამცირებს ინფლაციას. პირველ ეტაპზე მოხდება 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება.

N21 „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“


შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის მთავრობების ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ყოველდღიურად კვდება ქართული წარმოება და მის ადგილს თურქეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქცია იკავებს.

ქართველი ხალხის მხარდაჭერით ჩვენ:

- დავაწესებთ საბაჟო და ანტიდემპინგურ შეზღუდვებს იმპორტზე: თურქეთიდა, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იმ პროდუქციებზე, სადაც საქართველო თავად არის მწარმოებელი. პირველ რიგში სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, სურსათზე და ა.შ.
- სახელმწიფო უშუალოდ (და არა ბანკების საშუალებით, დააფინანსებს ადგილობრივი წარმოების შექმნას. მთავარი პრიორიტეტი იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება: ბაზარზე გაჩნდება მაღალი ხარისხის ქართული ჩაი, ფორთოხლის წვენი, ხილის წვენები და ა.შ.
- იმავდროულად გაუმჯობესდება, როგორც საგადასახადო კანონმდებლობა, ისე რეალური საინვესტიციო პრაქტიკა კერძო ინვესტიციების, მათ შორის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.
- გამოცხადდება პირობითი ფინანსური ამნისტია: მოხდება არაკანონიერი წესით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაცია და პატიება, თუ ეს აქტივები ინვესტირებული იქნება ადგილობრივ წარმოებაში.
- შემცირდება მცირე მეწარმეებისათვის დაწესებული გადასახადები . სახელმწიფო შესყიდვებში მცირე მეწარმეებს მიენიჭებათ უპირატესობა.

N30 „შეცვალე საქართველო“


საქართველოში 330 ათასამდე ოჯახია, მათი უმრავლესობა (80%-ზე მეტი) უნდა იყოს მდიდარი. სიმდიდრის ინდექსი განისაზღვრება შემდეგნარიად: ერთი ოჯახის (მინ. 3 ადამიანი) 3 წლის ხელფასი, უძრავი, მოძრავი და ბიზნეს ქონების (მათ შორის ბიზნესიდან მოგება, აქციები და სხვა) ღირებულების ჯამი უნდა აღემატებოდეს 1 მლნ ლარს. 2021-2024. როგორ მივაღწევთ ამ მიზანს:

- დუბაის გაუმჯობესებული ბიზნეს მოდელის დანერგვა - ყველა უცხოური კომპანიისთვის გადასახადი იქნება 0%, რაც მოიზიდავს მილიარდობით ინვესტიციას და დაასაქმებს ასობით ათას ადამიანს. თუ უცხოელი დაარეგისტრირებს კომპანიას ან უკვე შექმნილს გადმოიტანს საქართველოში იგი კომპანიის 0,1-იდან 9%-მდე წილში სვამს საქართველოს მოსახლეობას - სს „საქართველოს მოსახლეობა“ (ამ პროექტში არ შედიან მდიდარი საქართველოს მოქალაქეები/მათი ოჯახები, რომელთა წლიური შემოსავალი აღემატება 1 მლნ ლარს). აღნიშნული წილი და შესაბამისად მოგება ოჯახებზე გადანაწილდება;

- მონაკოს გაუმჯობესებული მდიდრების მოზიდვის მოდელის დანერგვა - თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი მინიმუმ 200 ათასი დოლარის ინვესტიციას (ექვივალენტით ლარში) განახორციელებს უძრავ ქონებაში (მათ შორის არასასოფლო-სამეურნეო) მას ავტომატურად გადაეცემა ბინადრობის მოწმობა და აგრეთვე საშემოსავლო გადასახადი მისთვის იქნება 0! ეს გამოიწვევს მდიდრების სწრაფ დასახლებას, მათი ინვესტიციებით და პირადი ხარჯების გაწევით ქვეყნის სწრაფ გამდიდრებას, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მოხდება უძრავი ქონების ფასის სწრაფი ზრდა საქართველოში, რომელსაც ბოლო 15 წელია ძვრა არ აქვს, რაც საქართველოს დამატებით გაამდიდრებს.

N41 „ქართული ოცნება“


საქართველო კვლავაც იქნება აღიარებული როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმების შედეგად ქართული ეკონომიკა უკვე მომავალ წელს დაუბრუნდება პანდემიამდე ნიშნულს.
„მყარად იქნება დაცული საკუთრების ხელშეუხებლობა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები. შენარჩუნდება საბიუჯეტო გადასახადების დაბალი დონე, გაგრძელდება სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის მხარდამჭერი პროექტების დაფინანსება გაღრმავდება ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები”.

2024 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 85%-ის შესრულება.
„დასრულდება სახელმწიფო საწარმოების, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების, კაპიტალის ბაზრის, საპენსიო, წიაღის, გადახდისუუნარობის, მეწარმეთა შესახებ კანონის, ენერგეტიკისა და საგადასახადო დავების რეფორმები. შედეგად, ქართული ეკონომიკა უკვე მომავალ წელს დაუბრუნდება პანდემიამდე ნიშნულს, ხოლო 2024 წლამდე, სულ მცირე, 40%-ით გაიზრდება, შეიქმნება დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი. ყველაფერი ეს კი ნიშნავს მეტ კეთილდღეობას თითოეულ ოჯახში და საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციას ევროპულ ეკონომიკურ სივრცესთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

N55 „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“


ქართველი გლეხებისათვის შეღავათიანი, დაბალპროცენტიანი კრედიტების გამოყოფა და აქციზის 300 პროცენტით გაზრდა უცხოეთიდან შემოტანილ იმ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რომლის ანალოგიც საქართველოში იწარმოება.

N56 „ლელო - მამუკა ხაზარაძე“


შეიქმნება 3 მილიარდიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის გრძელვადიანი და შეღავათიანი ფინანსური რესურსებით მხარდაჭერას;

შეიქმნება 2 მილიარდიანი სპეციალური საინვესტიციო ფონდი სახელმწიფო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის;

შეიქმნება ინოვაციების სპეციალური საინვესტიციო ფონდი, სადაც მოზიდული იქნება სახსრები 1 მილიარდის ოდენობით და რომელიც ინვესტირებას მოახდენს ახალ ტექნოლოგიებში.

საქართველოში დაფუძნდება საერთაშორისო სტატუსის მქონე საფონდო ბირჟა და მისი საშუალებით ბიზნესს ექნება მნიშვნელოვან ფულად რესურსებზე წვდომა;

საფონდო ბირჟის მეშვეობით მოხდება საპენსიო ფონდის თანხების ნაწილის რეალურ ეკონომიკაში ინვესტირება და საქართველოს მოქალაქეები გახდებიან კომპანიების თანამესაკუთრეები;

ლელო მოახდენს საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების სისტემურ რეფორმას, რომლის შედეგიც იქნება საკრედიტო რესურსების მკვეთრი გაიაფება;
სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული კომპანიები ვალდებული იქნებიან ბირჟაზე განათავსონ მათი აქციების მინიმუმ 20% და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს გახდეს ამგვარი კომპანიების თანამფლობელი;

მოხდება სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაცია, მათი აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსების გზით;

ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების ინტერესების დაცვისთვის საქართველოში დაფუძნდება საერთაშორისო არბიტრაჟი;

ბიზნესომბუდსმენს აირჩევს ბიზნესი;
გადამუშავებული პროდუქციის ექსპორტი გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან;

სათამაშო ბიზნესი გახდება გამჭვირვალე და სამართლიანად დაიბეგრება, შემოსული თანხა მოხმარდება განათლების სფეროს;

IT კომპანიები გათავისუფლდებიან გადასახადებისგან 5 წლის განმავლობაში და შეიქმნება მსხვილი პროფესიული განათლების ცენტრები ძლიერი IT მიმართულებით;

თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისთვის შეიქმნება მათი საქმიანობისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შემცველი ინოვაციური განვითარების ზონები;

შეიქნება ტექნოლოგიური ინკუბატორები;

წახალისდება ექსპორტზე გასატანი პროდუქციის წარმოება

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა აინტერესებს ხალხს პოლიტიკური პარტიებისგან [ნაწილი I]
‘ევროპული საქართველოს’ გეგმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად
2017 წლიდან მოგების გადასახადი გაუქმდება
პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი I]
რა წერია პარტიების პროგრამებში საპენსიო რეფორმაზე
საპრეზიდენტო კანდიდატები ეკონომიკის განვითარებაზე
ვისთვის არის და ვისთვის არა განათლება პრიორიტეტი – პარტიების საარჩევნო პროგრამა