FM97.5 / LIVE

რა აინტერესებს ხალხს პოლიტიკური პარტიებისგან [ნაწილი I]

მთავარიარჩევნები, მე ვირჩევ 16.09.2016
სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, მედიკამენტების გაიაფება, სოციალური დახმარებებისა და პენსიის გაზრდა, გზებისა და ხიდების მოწესრიგება, გაზიფიცირება, სამუშაო ადგილების შექმნა, ახალგაზრდების დასაქმება და სოფლებში მიგრაციის შეჩერება – ეს ნაწილია იმ საკითხებისა, რის მოგვარებასაც ადგილობრივები პოლიტიკური პარტიებისგან ელიან.

რა აინტერესებს ხალხს პოლიტიკური პარტიებისგან [ნაწილი I]

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სექტემბრის დასაწყისში, 10 დღის განმავლობაში, „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტებმა სამცხე–ჯავახეთის 60 დასახლებულ პუნქტში, ადგილობრივებისგან პოლიტიკური პარტიების მისამართით დასმული კითხვები შეაგროვეს.

კითხვების დიდი ნაწილი, თითოეულ სოფელსა თუ ქალაქში არსებულ პრობლემებს უკავშირდებოდა და ხშირად, მათი ადრესატი არ იყო პოლიტიკური პარტია, ან მაჟორიტარობის კანდიდატი. მიუხედავად ამისა, რედაქციამ ყველა კითხვა შეაგროვა, დააჯგუფა და შეეცადა მათზე პასუხები არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოეძებნა.

პასუხებისთვის ის პოლიტიკური პარტიები შევარჩიეთ, რომელთა რეიტინგი, საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევების მიხედვით, შედარებით მაღალია.

გთავაზობთ კითხვებსა და პასუხებს.

კითხვა: რას აპირებენ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად? უამრავი ოჯახია, ვისაც დანიშვნის ან მომატების ნაცვლად, დახმარება მოუხსნეს...


N1 „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“: საარსებო შემწეობა 50 პროცენტით გაიზრდება და ამის 4–წლიანი გარანტია ექნებათ.

N3 „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“: საჭიროა ქველმოქმედების წახალისება, რათა შეძლებული ადამიანები სოციალურად დაუცველებს დაეხმარნონ.

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: აღუდგება საარსებო შემწეობა ყველა იმ ოჯახს, რომელსაც უსამართლოდ გაუუქმდა.

N6 „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“: ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რიცხვი შემცირდება სამუშაო ადგილების გაჩენით.

N8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად 4.000 ბინა აშენდება, სადაც ყველაზე შეჭირვებული ოჯახები იცხოვრებენ. სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტი, მედიკამენტები და ტანსაცმელი გადაეცემა უფასოდ, სეზონურად.

N27 „თავისუფალი დემოკრატები“: სოციალური დაცვის სისტემა უნდა პასუხობდეს ადამიანის უმთავრესი სოციალური რისკების - უმუშევრობის, ჯანმრთელობისა და მოხუცებულობით გამოწვეული სიძნელეების დაძლევას.

N41 „ქართული ოცნება“: სოციალური დახმარების მიღების კრიტერიუმები შეიცვლება იმისათვის, რომ სისტემა სამართლიანი გახდეს. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 1000 ლარის ფარგლებში პროდუქტი, ტანსაცმელი და მედიკამენტები გაიცემა. ძველი და ამორტიზებული საცხოვრებლების შემთხვევაში, იქნება ახალი ბინებით უზრუნველყოფა.

კითხვა: გვაინტერესებს, გამარჯვების შემთხვევაში რას აპირებენ პარტიები იმისთვის, რომ უმუშევრობის პრობლემა მოგვარდეს და ახალგაზრდები დასაქმდნენ?


N1 „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“: გვაქვს ეკონომიკური განვითარების 4–წლიანი გეგმა, რომლის შედეგად, 3 მილიარდამდე გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და 8 მილიონამდე ტურისტების რაოდენობა; კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობას გავზრდით 250 000–ით;

N3 „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“: დასაქმების პრობლემის გადასაჭრელად, უნდა განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი. გაიხსნას გადამამუშავებელი საწარმოები.

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: საგადასახადო ინიციატივების შედეგად, 2017 წელს შეიქმნება 45.000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც მინიმუმ 150 000 ადამიანის კეთილდღეობას გააუმჯობესებს. მომდევნო წლებში კი, ბიზნესისა და მოქალაქეებისათვის ამ დამატებითი სახსრების დატოვების შედეგად, მოსალოდნელია ყოველწლიურად 30 000-მდე დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნა.

N6 „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“: დასაქმება მიიღწევა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით, ინვესტიციების მოზიდვით და წარმოების განვითარებით, სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობით, განათლებისა და კვალიფიკაციის ზრდით. შეიქმნება უმუშევართა აღრიცხვის საინფორმაცია ბანკი, რათა შესაძლებელი გახდეს მათთვის ადეკვატური სამუშაოს შეთავაზება.
N8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: „პატრიოტთა ალიანსი“ ფიქრობს რომ აქვს პერსპექტიული ბიზნეს გეგმა, რომლის მიხედვით აპირებს ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარებას და ფიქრობს, რომ ამ გზით გაიზრდება სამუშაო ადგილის რაოდენობა ქვეყანაში.

N27 „თავისუფალი დემოკრატები“: საჭიროა სტაბილური, მაკროეკონომიკური და ფისკალური მდგრადობის უზრუნველყოფა; ლიბერალური საგადასახადო სისტემის სრულყოფა; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და მისი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საქართველოს რეგიონების განვითარება, თანმიმდევრული დეცენტრალიზაცია, მათი საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა ხელს შეუწყობს რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდას.

N41 „ქართული ოცნება“: მოგების გადასახადის რეფორმის, ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელების, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად შეიქმნება 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი.

კითხვა: რა ცვლილებებს შემოგვთავაზებთ სოფლის მეურნეობის კუთხით?

N1 „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“: პროფესიული სასწავლებლები და სადემონსტრაციო მეურნეობები შეიქმნება. გაიზრდება დაფინანსება სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურისათვის. დარეგულირდება მიწის რეგისტრაციის საკითხი. სოფლის მეურნეობის პროდუქტი ერთიან ბრენდად ჩამოყალიბდება.

N3 „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“: შეიქმნება საწარმოები სოფლის მეურნეობის პროდუქტის გადასამუშავებლად, სადაც ადგილობრივი ფერმერები დასაქმდებიან. ასევე, საჭიროა რუსეთის ბაზრის გახსნა, იმისათვის რომ ადგილობრივებმა მოწეული პროდუქციის რეალიზება მოახდინონ. პროგრამის ნაწილია, აგროსესხების დაბალპროცენტში გაცემა.

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: ადგილობრივი პროდუქტის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნით აღორძინდება მეურნეობა. პროდუქცია უნდა გავიდეს როგორც შიდა, ისე ევროპულ ბაზარზე.

N6 „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“: სასოფლო-სამეურნეო მიწები ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალიტეტებს უნდა გადასცეს. პარტია სოფლის-მეურნეობის განვითარებას რეგიონების განვითარებაში ხედავს, ამიტომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაგრძელებასა და მისი ბიუჯეტის გაზრდას აპირებს.

N8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: „პატრიოტთა ალიანსი“ ისევე, როგორც სხვა პარტიები საწარმოების შექმნაში და ადგილობრივი ბიზნესის, ასევე დაბალპროცენტიანი აგროსესხების გაცემაში ხედავენ სოფლის მეურნეობის განვითარებას.

N27 „თავისუფალი დემოკრატები“: კონკურენტუნარიანი სასოფლო წარმოება, გადამამუშავებელი საწარმოების განვითარება, არის სოფლის მეურნეობის განვითარება. პრიორიტეტია, თანამედროვე სასოფლო კოოპერატივების შექმნა და ტრადიციული ქართული სოფლის აღორძინება. განსაკუთრებული პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სასურსათო უვნებლობის უზრუნველყოფას, აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებას.

N41 „ქართული ოცნება“: „ქართული ოცნება“ აპირებს, გააგრძელოს აქტიური აგროპოლიტიკა, რომლის მიზანია ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, მაღალი ხარისხის აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება. მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება დაუზღვეველი მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს.

კითხვა: დაიწევს თუ არა საპენსიო ასაკი და გაიზრდება თუ არა პენსია?

N1 „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“: მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა უნდა იყოს - 423 მლნ. ლარი. პენსია გაიზრდება 250 ლარამდე და ის არ იქნება დიფერენცირებული.

N3 „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“: პენსია გაუტოლდება რეალურ საარსებო მინიმუმს. განისაზღვრება შრომითი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. საარსებო მინიმუმის ზემოთ დაირიცხება დანამატი–ნამსახურობის ყოველ წელიწადზე.

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: 2016 წლის ნოემბრიდან გავზრდით სახელმწიფო პენსიას 50 ლარით, 230 ლარამდე. ეს ზრდა შეეხება როგორც ასაკით პენსიონერებს, ისე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს; შესაბამისად, გაიზრდება ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსიაც. 2017 წლიდან განახლდება სახელმწიფო პენსიების მუდმივი ზრდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ;

N6 „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“: სახელმწიფო პენსიებისა და შემწეობების გაცემის არსებული წესიდან დაუყოვნებლივ გადასვლა დაგროვებით საპენსიო სისტემაზე. აუცილებელია უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით რეფორმის დაწყება და თანდათან გათავისუფლება ამ საბიუჯეტო ტვირთისგან. ამ მიზნით მოსახლეობა 3 კატეგორიად უნდა დაიყოს: საპენსიო ასაკში მყოფი ადამიანები, ვინც დღეს იღებს უნიფიცირებულ პენსიას. ადამიანები, რომლებიც ახლო მომავალში შევლენ საპენსიო ასაკში და ახალგაზრდები, რომლებიც შორეულ მომავალში მიაღწევენ საპენსიო ასაკს.

N8 საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: უნდა შევამციროთ საპენსიო ასაკი, მამაკაცები 60 წლის ასაკში, ქალები კი 55 წლის ასაკში უნდა ღებულობდნენ პენსიას. თუმცა პენსიაში გასვლა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, თუ მას აქვს შესაძლებლობა მუშაობის, სახელმწიფომ ის არ უნდა გაუშვას სამსახურიდან.

N27 „თავისუფალი დემოკრატები“: ”თავისუფალი დემოკრატების” მთავრობის პირობებში საარსებო მინიმუმი 250 ლარი იქნება. შესაბამისად პენსია, რომელიც დღეს 180 ლარი გახდა, ჩვენს პირობებში იქნება 300 ლარი. კანონის შესაბამისად, მთაში მცხოვრები პენსიონერების პენსია 20 %-ით მეტი იქნება.

N41 „ქართული ოცნება“: „ქართული ოცნება“ გაატარებს საპენსიო რეფორმას, რომლის მიზანია კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა. აღნიშნული რეფორმა კაპიტალის ბაზრის შედარებით ფართო რეფორმის შემადგენელი კომპონენტია, ვინაიდან იგი ხელს უწყობს გრძელვადიანი ფინანსური რესურსების წარმოქმნას. რეფორმას ექნება შემდეგი ეკონომიკური ეფექტი: რეფორმის განხორციელება რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელს გაზრდის დამატებით 0,4-0,6%-ით. დამატებითი კაპიტალის გაჩენა ეკონომიკაში ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

კითხვა: კერძო ბიზნესებზე, მეწარმეებისათვის საშემოსავლო გადასახადის გადახდა პრობლემაა, თანხა მაღალია, თუ შეძლებთ ამ თანხის დაწევას?

N1 „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“: „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მთავარი პრიორიტეტი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება იქნება. პარტია საშემოსავლო და მოგების გადასახადის შემცირებას 20 პროცენტიდან 15 პროცენტამდე გეგმავს.

N3 „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“: საშუალო და წვრილი მეწარმეების განსაკუთრებული ხელშეწყობა წარმოადგენს მთავარ პრიორიტეტს პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისთვისაც“. ბიზნესმენები ისარგებლებენ სახელმწიფოს მხარდაჭერით.

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ბიზნესზე გადასახადების შემცირებით ფიქრობს სამუშაო ადგილების შექმნას. კერძო მეწარმეების გადასახადების შემცირებით დაზოგავენ თანხებს და შეეძლებათ სამუშაო ადგილების გაზრდა.

N6 „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“: ნედლეულსა და რესურსებზე შემცირდება მონოპოლიური გადასახადები. თანაბარი პირობები შეექმნება ყველა სახის ბიზნესს. ერთის მხრივ, სამართლიანი კონკურენციის პოლიტიკა და მეორეს მხრივ მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის მოცულობისა და კაპიტალის ზრდას.

N8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: „პატრიოტთა ალიანსი“ მცირე და საშუალო ბიზნესში ფიქსირებული გადასახადის დაწესებას გეგმავს.

N27 „თავისუფალი დემოკრატები“: „თავისუფალი დემოკრატები“ ფიქრობენ, რომ საკუთრების უფლება უნდა იყოს ხელშეუხებელი და სახელმწიფოს მხრიდან დაცული. მათი მიზანია ასევე ლიბერალური საგადასახადო სისტემის სრულყოფა; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და მისი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პარტიაში ფიქრობენ, რომ თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა, კონკურენტუნარიანი კერძო სექტორის განვითარება, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის არეალის გაფართოება ევროკავშირთან ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის საწინდარია.

N41 „ქართული ოცნება“: „ ქართული ოცნება“ 2017 წლიდან მოგების გადასახადის ახალი მოდელის ამოქმედებას გეგმავს, რომლის მიხედვით საწარმოს მიერ მიღებული მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილებისას. შესაბამისად, საწარმო მოგების გადასახადს გადაიხდის იმ შემთხვევაში, თუ მოგებას გაანაწილებს დივიდენდის სახით მის პარტნიორებზე ან არაეკონომიკური მიზნით გასწევს გარკვეულ ხარჯებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]

რა აინტერესებს ხალხს პოლიტიკური პარტიებისგან [ნაწილი I]რა აინტერესებს ხალხს პოლიტიკური პარტიებისგან [ნაწილი I]
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი I]
რა აინტერესებს ხალხს პოლიტიკური პარტიებისგან [ნაწილი II]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [6 სექტემბრის მდგომარეობით]
წინასწარი შედეგებით სამცხე-ჯავახეთში პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ იმარჯვებს
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [3 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [5 სექტემბრის მდგომარეობით]
ვინ რას ჰპირდება მოსახლეობას ჯანდაცვის სფეროში