
დავით ბაქრაძე
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ეკონომიკის განვითარებას გადასახადების დაწევასა და ბიუჯეტის სწორად გადანაწილებაში ხედავს: “მცირე მთავრობის” მოდელის რეალურად დანერგვით, დაბალი გადასახადებით, ადამიანებისა და ბიზნესის საქმიანობაში ნაკლები ჩარევით, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნით, ფისკალური დისციპლინითა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით, მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის განხორციელებით შესაძლებელია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა“.
ბაქრაძე ფიქრობს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას გააუმჯობესებს, არამედ მოტივაციას შეუქმნის უცხოეთში წასულ თანამოქალაქეებს, სამშობლოს დაუბრუნდნენ და თავისი ცოდნა და ენერგია საკუთარ სამშობლოში გამოიყენონ.
გრიგოლ ვაშაძე
გაერთიაბენული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე კი ეკონომიკის გასავითარებლად ამომრჩეველს ახალ ინიციატივებს სთავაზობს: „ზედმეტი რეგულაციების გაუქმების, ბიუროკრატიის შემცირებით, კერძო საკუთრების დაცულობის გამოსწორებით და სხვა ინიციატივებით, საქართველო შეძლებს დაუბრუნდეს ეკონომიკური ზრდის ტემპის მაღალ მაჩვენებელს“.
როგორც, ვაშაძის საპრეზიდენტო პროგრამაში წერია, მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საჭიროა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, დაბალანსებული ბიუჯეტი და სტაბილური ლარი.
სალომე ზურაბიშვილი
მმართველი გუნდის მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილი ეკონომიკის განვითარებაზე საარჩევნო პროგრამაში არაფერი უწერია. ზოგადად, მას მიაჩნია, რომ ქვეყანაში ტურიზმი უნდა განვითარდეს, ეს კი ქვეყნის ეკონომიკას წინ წაწევს.
შალვა ნათელაშვილი
ინვესტიციების ფართოდ მოზიდვა და ინვესტორებისთვის მისაღები პირობების შექმნა განავითარებს ქვეყანაში ეკონომიკას – წერს საარჩევნო პროგრამაში „ლეიბორიტული“ პარტიის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი.
დავით უსუფაშვილი
„ეს პრობლემა ისე უნდა მოგვარდეს, რომ ღარიბი გამდიდრდეს და მდიდარი არ გაღარიბდეს. ამისათვის ეკონომიკურ პროცესებში უნდა ჩაერთოს ქვეყნის ბევრად უფრო მეტი მოქალაქე ოღონდ, როგორც სამეწარმეო სუბიექტები და არა როგორც დაქირავებული მუშაკები. ეს კი შესაძლებელია, ერთი მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის სწრაფი განვითარებით და, მეორე მხრივ, კაპიტალის ბაზრის განვითარებით და გაცილებით მეტი მესაკუთრე-აქციონერის გაჩენით“, – ვკითხულობთ „შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის საარჩევნო პროგრამაში.
ზურაბ ჯაფარიძე
გადასახადების რეგულაციებით ფიქრობს ეკონომიკის განვითარებას „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე: „ეკონომიკური ზრდის მიღწევისთვის საჭიროა გადასახადების და რეგულაციების შემცირება, სასამართლო სისტემის რეფორმა, საკუთრების უფლების დაცვა, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება, რათა საკუთრება და აქ ჩადებული კაპიტალი დაცული იყოს გარე აგრესიისგან. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებების პირობებში, საქართველოს შეუძლია, ერთ წელიწადში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს“.
[sknews.ge]