
რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ ადიგენის მერიიდან პირველად ინფორმაცია 2020 წლის 16 ივლისს გამოითხოვა. მაშინ თვითმმართველობაში განმარტეს, რომ ელექტრონული მისამართი, რომელიც ჯერ კიდევ მითითებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ საიტზე - adigeni.ge და „ფეისბუქ“ გვერდზე, აღარ ფუნქციონირებს, შეიცვალა, ამიტომ წერილი არ მიუღიათ.
უკვე მეორედ, რედაქციამ იგივე წერილი, 2020 წლის 13 აგვისტოს მათ მიერ მოწოდებულ ახალ ელექტრონულ მისამართზე გააგზავნა, საიდანაც მეილის მიღება დაგვიდასტურეს.
13 აგვისტოს შემდეგ, „სამხრეთის კარიბჭე“ ადიგენის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პერიოდულად ახსენებდა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადა ამოიწურა და წერილის პასუხი გამოეგზავნათ. ბოლო ასეთი შეხსენების დროს, 14 სექტემბერს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ეთო ლობჟანიძემ რედაქციასთან განმარტა, რომ საკითხი გასავლელია: „ეს საკითხი უნდა გავიაროთ. თუ გინდა დაწერე, რომ არ გაძლევთ ინფორმაციას“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი, გიგი ჩიხლაძე ამბობს, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის წესს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება აქვს დაუყოვნებლივ, ოღონდ არაუგვიანეს ათი დღისა.
„კანონი ავალდებულებს ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ გასცეს საჯარო ინფორმაცია. თუ მოთხოვნილი ინფორმაცია არ არის საჯარო ან რამე მიზეზის გამო არ აქვს ეს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ორგანოს, მაშინ უნდა დაუსაბუთოს ეს და უპასუხოს თუ რატომ არ აძლევს ამ ინფორმაციას. თქვენ არც ზეპირად შეგატყობინეს უარის მიზეზი, უბრალოდ თქვეს, რომ ეს საკითხი გასავლელია, ადმინისტრაციული ორგანოს უარის საფუძველი არ შეიძლება იყოს „არ გაგვივლია“, ამას სჭირდება სათანადო დასაბუთება. ცხადია, ეს უარად ითვლება ინფორმაციის გაცემაზე“, - განმარტავს იურისტი.
რის გამო არ აძლევს საჯარო ინფორმაციას მერია რედაქციას, ამის შესახებ პასუხი ვერც ადიგენის მერისგან მივიღეთ. წერილის გაგზავნიდან ერთი თვის შემდეგ, ზაქარია ენდელაძე გვპირდება, რომ პასუხს გამოგვიგზავნის, თუმცა როდის ვერ აკონკრეტებს: „ჩემი პასუხი ესაა - შევეცდები მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია. ზუსტად არ ვიცი როდის, მალე ალბათ“, - განმარტა ენდელაძემ სატელეფონო საუბარში.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, ქეთევან ბებიაშვილის განმარტებით,საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველანაირი ვადა დაარღვია ადიგენის მერიამ, შესაბამისად, რედაქციას უფლება აქვს ამის შესახებ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.
„მერია ვალდებულია, რომ მოგცეთ ეს ინფორმაცია. გამოთხოვიდან სამ დღეში უნდა მოეწერათ წერილი, თუკი ამ ინფორმაციის შესაგროვებლად 10 დღე სჭირდებოდათ. იმ შემთხვევაში, თუ 10 დღე არ სჭირდებოდა ამ ინფორმაციის შეგროვებას, დაუყოვნებლივ უნდა მოეცათ ეს ინფორამცია. თუ ერთ თვეზე მეტი სჭირდებოდათ მოსაძიებლად, ესეც უნდა ყოფილიყო წერილობით ცნობილი თქვენთვის. ნებისმიერ შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის მოწოდების ყველანაირი პროცედურა არის დარღვეული, რაზეც თქვენ [რედაქციას] შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს“, - განმარტავს ბებიაშვილი.
ცნობისთვის, 16 ივლისს, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ საჯარო ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან გამოითხივა. პრობლემა მხოლოდ ადიგენში შეიქმნა. დანარჩენმა ხუთმა მუნიციპალიტეტმა პასუხები რედაქციას 10 დღის ვადაში
გამოუგზავნა. [თაკო ფეიქრიშვილი]