
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მატების გამო, ორი დღეა რაც ქვეყნის მასშტაბით ქორწილების, ქელეხების და სხვა მასშტაბური ღონისძიებების გამართვა
აიკრძალა. ამის გამო რესტორნებში ათობით ჯავშანი გაუქმდა, მათი მფლობელები ამბობენ, რომ ბანკში აღებული კრედიტების გადახდას და თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემას ვეღარ შეძლებენ.
ახალციხეში მდებარე რესტორან „ალავერდში“ მიმდინარე კვირაში ორი ქორწილი უნდა გამართულიყო, მეპატრონეს საჭირო პროდუქტები მომარაგებული ჰქონდა.
„12 და 13 სექტემერს დაგეგმილი ქორწილების გაუქმება მომიწია, პატრძლები მირეკავენ და ტირიან არ ვიცით რა ვქნათო. ყველა პროდუქტი ნაყიდი მაქვს, ამიტომ ზარალი ძალიან დიდია. ასე უცბად არ უნდა აეკრძალათ, ვისაც დაგეგმილი ჰქონდა და რესტორანი მომზადებული იყო გადახდის უფლება უნდა მიეცათ“,– ამბობს ახალციხეში რესტორანი „ალავერდის“ მენეჯერი მამუკა წუთაშვილი.
ჯავშნების გაუქმება მოუწიათ „ემიგრანტის“ და „რაბათის“ მეპატრონეებსაც.
„ზარალი დიდია. ასე თუ გაგრძელდა რანაირად უნდა ვიმუშაოთ?! ამის გამო შეიძლება დახურვაც მოგვიწიოს“,– ამბობს რესტორან „ემიგრანტის“ თანამშრომელი ხათუნა ჩილინდრიშვილი.
სექტემბერში, სწავლის დაწყების შემდეგ შემოსავლების გაზრდას ვარაუდობდნენ რესტორან „რაბათში“, რეგულაციების გამკაცრების გამო იძულებულები არიან თანამშრომლები დაითხოვონ.
„20 და 25 კაციანი ჯავშნები გავაუქმე. ფაქტობრივად ახლა ვიწყებდით მუშაობას, სკოლის პერიოდი მოდის და ამ დროს მეტია სტუმარი. ყველაზე დიდი ზარალი თანამშრომლების უმუშევრად დარჩენა იქნება, სავარაუდოდ მომიწევს მათი გათავისუფლება“,– ამბობს რესტორნის მენეჯერი ეკა ბახტურიძე.
კარანტინის შემდეგ თითქმის არ უმუშავია ქალაქში მდებარე ყველაზე დიდ რესტორანს „რომანტიკას“. მეპატრონე ამბობს, რომ შეკვეთებს სექტემბრიდან ელოდებოდა: „ზარალი ძალიან დიდია და არ ვიცით მომავალში რა იქნება“.
რესტორნების მეპატრონეები რეგულაციების შემსუბუქებას და დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, უჭირთ სესხების და კომუნალურების გადახდა. მოუწევთ თანამშრომლების გათავისუფლებაც.
„ზარალს ზარალი ემატება, როგორ უნდა გადავიხადოთ არ ვიცი. უნდა მოგვცენ რეგულაციების დაცვით მუშაობის გაგრძელების უფლება. ბანკში ვალი მაქვს არ ვიცი, როგორ გადავიხადო, გადავადება გაგვიკეთეს და 6 000 დოლარი დაგვემატა პროცენტი“,– ამბობს მამუკა წუთაშვილი.
მთავრობის მხრიდან შეღავათების აუცილებლობაზე საუბრობს ეკა ბახუტრიძეც: „ერთი თვეა რაც ამოვისუნთქეთ და ვმუშაობთ. ახლა ისევ შეზღუდვები დაიწყო. ვალების გადახდაც ვერ მოვასწარით, სესხი მეორედ აღარ გადამივადეს და ისიც გადასახდელია. მარტო 10 კაცი, რომ მივიღო სავახშმოდ, ეს თანხა კომუნალურების გადასახადს არ ეყოფა. მთავრობამ მოსახლეობს, რომ გაუკეთა შეღავათი, ხომ შეიძლება ეს ჩვენც შეგვეხოს“.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, მას შემდეგ რაც covid-19–ის პირველი ფაქტი დაფიქსირდა, ინფიცირების ყველაზე მეტი, 87 შემთხვევა დღეს 11 სექტემბერს გამოვლინდა.
პანდემიის პერიოდში პირველად ფართომასშტაბიანი ღონისძიებები 23 მარტიდან
აიკრძალა. ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქორწილების, ქელეხების და.ა.შ გამართვა მხოლოდ ღია ცის ქვეშ იყო
შესაძლებელი.
[ნუკა სტეფნაძე]