FM97.5 / LIVE

ფატი ხაბულიანს თანამშრომელი სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ზეწოლაში ადანაშაულებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.08.2020
ააიპ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი, მარიამ გოგნაძე აცხადებს, რომ დირექტორი ფატი (ნაირა) ხაბულიანი მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს, მუდმივად შეურაცხყოფას აყენებს და სამსახურიდან გაშვებით ემუქრება, აღნიშნულ ინფორმაციას ხაბულიანი კატეგორიულად უარყოფს და გოგნაძეს ცილისწამებისთვის უჩივის.

fati-mariami

მარიამ გოგნაძე, ააიპ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ოთხი წელია მუშაობს. რამდენიმე თვის წინ, მას პოზიცია შეუცვალეს და კომპიუტერული უზრუნველყოფის სპეციალისტად გადაიყვანეს, სწორედ მას შემდეგ დაიწყო კონფლიქტი ცენტრის დირექტორსა და თანამშრომელს შორის.

„პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი ვარ, არ მაქვს სამუშაო პირობა, არ მაქვს კომპიუტერი. ინტერნეტი სპეციალურად გათიშა ჩვენს ოთახში. სიტყვიერად რამდენჯერმე ვთხოვე და შემპირდა, რომ მომცემდა გამართულ მდგომარეობაში კომპიუტერს, თუმცა წლებია კომპიუტერი არ მაქვს. შემდეგ მოვითხოვე წერილობით კომპიუტერი და საქმის მწარმოებელს ქეთინო გოგოლაძეს მივუტანე დასარეგისტრირებლად, მეორე დღეს მოვიკითხე გაატარა თუ არა წერილი ჟურნალში?! ამის შემდეგ მესმის ჩემს მიმართ ნაირა ხაბულიანის ყვირილი, ვციტირებ –„შენ შვილო! რასაც მინდა გავატარებ რასაც არ მინდა არ გავატარებ, ქეთინოს მე არ გავატარებინე, ჯერ მე უნდა შემითანხმო და მერე დაწერო, ზეპირად გეუბნები არ მოგცემ, სადაც გინდა იქ მიჩივლე. ამ შელაპარაკების მერე, ერთი თვის მერე გაატარეს კომპიუტერის მოთხოვნაზე წერილი და დღემდე პასუხი არ უცნობებით“, – იხსენებს მარიამ გოგნაძე.

გოგნაძის თქმით, ფატი ხაბულიანთან მომხდარი უკმაყოფილების შემდეგ, მალევე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და თანამშრომლები სახლში გაუშვეს, დასრულების შემდეგ კი გოგნაძეს არ შეატყობინეს, რომ სამსახურში დაბრუნდნენ.

„ქეთინო გოგოლაძეს ვკითხე რატომ არ გამაგებინა და ჩემს გარდა ყველა რატომ დაიბარა სამსახურში, პასუხი აირიდა და უფროსთან გადამამისამართა. თუმცა არ უარყო საუბარში რომ მარტო მე არ გამაგებინა. ამის მერე ჩემ ოთახში კივილით შემოდის ნაირა ხაბულიანი და მეუბნება „შენ არ მუშაობ და რატომ უნდა დაგვერეკა?!“. ყოველივე ამის შემდეგ განსაკუთრებით გააძლიერა ჩემს მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა, ჩემი იზოლირების მიზნით 4 თანამშრომელი იძულებით გაიყვანა თავის ოთახში“, – ამბობს იგი.

მარიამი ამბობს, რომ მის მსგავსად ფატი ხაბულიანი შეურაცხყოფას სხვა თანამშრომლებსაც აყენებს, თუმცა ისინი ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან: „ყველას ეშინია მასთან დაპირისპირების, იციან, რომ შემდეგ არ მოასვენებს“.

გოგნაძის თქმით, დირექტორთან ურთიერთობა უფრო მეტად მას შემდეგ დაეძაბა, როცა სოციალურ ქსელში საჯაროდ დაწერა, რომ ფატი ხაბულიანი თავის მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებდა და მოქალაქეებს, რომლებსაც კარანტინში გადაყვანა ჭირდებოდათ, ცრუ ინფორმაციას აწვდიდა.

„ჩემს ნაცნობს პანდემიის დროს იტალიიდან ჩამოსულ პიროვნებასთან ქონდა კონტაქტი, ამიტომ კარანტინში გადაყვანას ექვემდებარეობდა, მას დაუკავშირდა ნაირა ხაბულიანი და უთხრა, რომ უნდა გადასულიყო საკარანტინო ზონაში. რადგან ჩემი ნაცნობი ადგილობრივი იყო უთხრა აბასთუმანში გავივლი კარანტინსო, რაზეც ნაირა ხაბულიანმა უპასუხა, რომ აბასთუმანი ფასიანია და თავის ხარჯებით თბილისში უნდა წასულიყო. აბასთუმანში ნაირა თავად არის ეპიდემიოლოგი, ამით საქმე და დატვირთვა მოემატებოდა ამიტომ გადაამისამართა თბილისში“.

გოგნაძის მიერ 22 მარტს „ახალციხელები – სამცხე–ჯავახეთის“ ჯგუფში დაწერილი პოსტის გამო, ფატი ხაბულიანმა პოლიციას რამდენიმე დღის წინ მიმართა: „18 აგვისტოს ვიყავი პოლიციაში გამოკითხვაზე ნაირა ხაბულიანის განცხადების საფუძველზე რომელიც მადანაშაულებს დეზინფორმაციის გავრცელებაში. პოსტი სოციალურ ქსელში აღარ იძებნება, მაგრამ რაც დავწერე ყველაფერი სიმართლეა და სასამართლომდე რომ მივიდეს საქმე ჩემ სიმართლეს დავამტკიცებ მოწმით და მტკიცებულების წარდგენით“.

გარდა აღნიშნულისა, გოგნაძე უფროსს მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაშიც ადანაშაულებს, ამბობს, რომ სალონებს, ბაღებსა და სკოლებს მხოლოდ ფორმალურად ამოწმებს და სამუშაოს შესასრულებლად არაკომპეტენტურ პირებს, ბუღალტერს და საქმის მწარმოებელს აგზავნის.
ამის გამო გოგნაძემ ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის სახელზე რვა ივნისს წერილი გაგზავნა, ასევე მოითხოვა თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტების და მისი საქმიანობის შესწავლა: „ხაბულიანი ასევე მუშაობს რამდენიმე სამსახურში, საინტერესოა როგორ ასწრებს ყველა სამსახურში დაკისრებული მოვალეობის შესრულებას“.

გოგნაძე ამბობს, რომ ამ განცხადების შემდეგ ხაბულიანის მხრიდან ზეწოლა გაორმაგდა. მისი თქმით, აუდიტში განცხადების დაწერის შემდეგ კლინიკა ნათია 777-ში, სადაც მისი მეუღლე მუშაობს, ჯანდაცვის ცენტრიდან შემოწმებაზე შევიდნენ, თუმცა ოქმი არ შეუდგენიათ: “ამის შემდეგ უკვე თანამშრომლების გაღიმებაზე, მოსალმებაზე ზედმეტი იყო საუბარი. ამის შემდეგ უკვე თანამშრომლებს აწვდის ცრუ ინფორმაციას და ყველას ეუბნება რომ შენც გიჩივლა, შენც გიჩივლა. რომ შიდა დაპირისპირება გამოიწვიოს“.

ააიპ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ფატი (ნაირა) ხაბულიანმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, პირად საუბარში კი მარიამ გოგნაძესთან დაპირისპირება კატეგორიულად უარყო. მისი თქმით, გოგნაძე ტყუის და მის მიერ წამოყენებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

„გოგნაძე სამსახურში არაფერს არ აკეთებს და პერსონალური კომპიუტერიც ყოველთვის ჰქონდა, თუმცა ლეპტოპს ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო. ეგ ადამიანი საერთოდ არ უნდა იყოს სამსახურში, მისი შტატი გაიდლაინებით სულაც არაა საჭირო. ის არაფერს არ აკეთებს სამსახურში ამდენი წელია. მთელი კორონა სამსახურში არ უვლია. თუ როდესმე კანონთან და ხალხთან რამე შემშლია, ვითხოვ დავისაჯო კანონის მთელი სიმკაცრით“, - ამბობს ხაბულიანი.

იგი ასევე უარყოფს და მოგონილს უწოდებს იმ ფაქტს, თითქოს დაწესებულებებს არაკომპეტენტური ადამიანები ფორმალურად ამოწმებენ.

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მარიამ გოგნაძისა და ფატი ხაბულიანის დაპირისპირებას ადასტურებენ. მათი თქმით, მარიამის გარდა, ხაბულიანს ხშირად აქვს კონფლიქტი სხვა თანამშრომლებთანაც. რაც შეეხება კომპიუტერის საკითხს, ამბობენ, რომ ხაბულიანი გოგნაძეს კომპიუტერს ნამდვილად არ აძლევდა.

„ერთი წელი მარიამს არც კომპიუტერი ჰქონდა და არც ინტერნეტი, ეს სიმართლეა, არც ახლა აქვს, მოიტანა ძველი კომპიუტერი რომელიც არ მუშაობს. ფატი ძალიან აგრესიულია ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით გვეშინია, რასაც მარიამი ამბობს თქვენთან ყველაფერი სიმართლეა. სასწრაფოს ვიძახებთ ხოლმე ისეთ დღეში ვართ, ყველასთან ასეა, ასე ჩხუბობს. მთელი დღე ზის და აკვირდება ვინ რა თქვა და ვინ როგორ შეხედა. არ ვიცი როდემდე გავუძლებთ ამ წნეხს, ვინც გონიერი და კარგი იყო ყველა წავიდა“.

მისი თქმით, ხაბულიანის წნეხისგან შეწუხებულმა თანამშრომლებმა ახალციხის მერს, ზაზა მელიქიძესაც მიმართეს: „უთხრეს, რომ ვეღარ უძლებდნენ მის ხასიათს. აუდიტმა შეისწავლა მისი საქმიანობა, მაგრამ ფურცლებზე ყველაფერი კარგად აქვს. რამ გააბოროტა ეს ქალი ვერ გეტყვით“.

აღნიშნულ საკითხზე ზაზა მელიქიძემ კომენტარი არ გააკეთა, მისი თქმით საკითხზე აუდიტის სამსახური მუშაობს და შესაბამის დასკვნას ის გააკეთებს.

რა დაადგინა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურმა, ამ ეტაპზე უცნობია. აუდიტის სამსახურის უფროსმა ამირან ინასარიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ მოკვლევა გრძელდება.

მერიის აუდიტი ფატი ხაბულიანთან დაკავშირებით კიდევ ერთ საკითხს იკვლევს, საქმე ეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ ხაბულიანთან მიმართებით იკვეთება ნეპოტიზმის ნიშნები, რადგან მისი ოჯახის წევრები ახალციხის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ყველა რგოლს აკონტროლებენ. კერძოდ:

“ნაირა ხაბულიანი ააიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 13 წელია ხელმძღვანელობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი პარალელურად შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“ და შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ ეპიდემიოლოგია. ასევე, ბოლო ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნაირა ხაბულიანი ანაზღაურებად სამუშაოებს ასრულებს ჯანმრთელობის კვლევის კავშირისა და თამბაქოს კავშირის პროექტებში. სამი წელია მისი შვილი ნინო ზედგინიძე ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განყოფილების უფროსია. ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ზედამხედველობას სწორედ მისი საშუალებით ახორციელებს. ეს რეგიონული განყოფილება კი მუნიციპალიტეტებში ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან ურთიერთობას ხელშეკრულებით არეგულირებს”, - ნათქვამია კვლევაში.

[მარიამ ბარძიმაძე, თინათინ ზაზაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიის აუდიტმა  ფატი ხაბულიანის საქმიანობის შესწავლა დაიწყო
ფატი ხაბულიანი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა დაიბარა
ახალციხეში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ყველა რგოლს ერთი ოჯახის წევრები აკონტროლებენ
'უხერხულობას ქმნის, მაგრამ ხაბულიანს ვერ გავათავისუფლებთ'– გამყრელიძე [ვიდეო]
როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს
ჯანდაცვის სამსახურმა ახალციხეში სალონების შემოწმება დაიწყო
‘შვიდ ადამიანს ვაკვირდებით’ - ახალციხის ჯანდაცვის ცენტრი