
კითხვა - რა ინფორმაციის ცოდნა გინდათ იცოდეთ კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომ გაცნობიერებული არჩევანი გააკეთოთ, სხვადასხვა ასაკისა და სოციალური მდგომარეობის, ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებ 42 მოქალაქეს დავუსვით.
42-დან 27-მა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. ამათგან, ერთი საჯარო სამსახურის თანამშრომელი აღმოჩნდა და უარიც, ამ მოტივით ახსნა.
გამოკითხვის შედეგებით ირკვევა, რომ უმრავლესობამ პოლიტიკური პარტიების პროგრამების შესახებ არაფერი იცის.
15-დან ორს პოლიტიკური პარტიების პროგრამები ნაკლებად აინტერესებს, მათთვის მთავარი თავად კანდიდატის საქმიანი და პიროვნული თვისებებია.
- “პროგრამაში ბევრი რამ შეიძლება ეწეროს, მაგრამ ყველაფერს ხომ არ შეასრულებენ, ან საერთოდ არაფერს გააკეთებენ. ჩემთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნული თვისებები, მჭირდება ვიცოდე, როგორი ადამიანია, ვინ არის, სად მუშაობდა, რას საქმიანობდა, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ დანაპირებს შეასრულებს”, - ამბობს კარინე რსტაკიანი.
ნარინე დარბინიანისთვის მთავარი ის არის, რომ კანდიდატი თავად აგვარებდეს ადამიანების პრობლემებს და მასთან მისულ მოქალაქეებს სხვა უწყებაში არ ამისამართებდეს.
- “პირადი, ოჯახური ურთიერთობები არ მაინტერესებს. მთავარია, ადამიანს პრობლემების მოგვარება თავად შეეძლოს, თორემ მიმართავ ვინმეს, იგი კი ზემდგომთან მისვლას გირჩევს”, - ამბობს ნარინე დარბინიანი.
ორ ხანშიშესულ მოქალაქეს უნდათ იცოდნენ, როგორ აპირებენ კანდიდატები სოციალური ფონის გაუმჯობესებას.
80 წლის ნინა ვარდანიანი მარტო ცხოვრობს. იგი პენსიის სიმცირეს უჩივის: “ჩემი ფული, რომელიც ახალგაზრდობაში გამოვიმუშავე, შემნახველ ბანკშია. ახლა ძალიან მჭირდება, მაგრამ არავინ მაძლევს. როდის მომცემენ, როცა მოვკვდები?! პენსია ცოტაა, 30 ლარიან დახმარებას მაძლევდნენ და ესეც შემიწყვიტეს”.
გამოკითხულთაგან ოთხს აინტერესებს, არის თუ არა პოლიტიკური პარტიების პროგრამები მოსახლეობის დასაქმებაზე ორიენტირებული.
ერთ-ერთ გამოკითხული მკრტიჩ ხაჩატრიანი ამბობს, რომ მისთვის განმსაზღვრელი არც კანდიდატების პროგრამებია და არც მათი პიროვნული თვისებები: “მე სამართლიანი არჩევნები მინდა, რომ ქუჩებში არ დარბოდნენ და პასპორტებსა და ხმებს არ აგროვებდნენ. ყველა იმას ირჩევდეს, ვინც სინამდვილეში უნდა”.
გამოკითხულთაგან ერთს კანდიდატების ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული პროგრამები აინტერესებს.
- “მინდა ნაციონალური საკითხი აღარ წამოიწიოს, სომხებმა ჩვენი მხარე აღარ მიატოვონ, მოგვარდეს სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული სიტუაცია. ძველი შეცდომები კი არ გაიმეორონ, არამედ პირიქით, გააანალიზონ ისინი და გამოასწორონ”, - ამბობს ლენა პეტროსიანი.
ხუთმა მოქალაქემ ჩვენს კითხვებს კი უპასუხა, მაგრამ ეს კონკრეტული პასუხები არ იყო, მათ უბრალოდ არჩევნებისადმი დამოკიდებულება გამოხატეს.
- “ახლები ხელისუფლებაში მოდიან და ძველებზე უარესები ხდებიან. შეიძლება ეს ახლები კიდევ უფრო ცუდები გამოდგნენ. სკამის დაკარგვის ყველას ეშინია. მინდა ისე იმუშაონ, რომ ადამიანებს ცხოვრება მართლა შეუმსუბუქდეთ”, - გვითხრა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელნმაც ვინაობა არ გაგვიმხილა.
ერთ-ერთ გამოკითხულს, რომელმაც ვინაობის დასახელება ასევე არ მოისურვა, გვითხრა, რომ არჩევნების არ სჯერა: “ჩვენ სწორ არჩევანს არ ვაკეთებთ. ვისაც უნდათ, იმას აირჩევენ”.
სევაკ ხაჩატრიანი კი მიიჩნევს, რომ “ხელისუფლებაში ვინც უნდა მოვიდეს, ხალხისთვის მაინც არაფერი შეიცვლება”.
[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]