FM97.5 / LIVE

პოლიტიკური აქტივობა იზრდება, სამოქალაქო კი არა

მთავარიპოლიტიკა 16.05.2012
საქართველოში შიდაპოლიტიკური სიტუაცია აქტიურდება, ახალქალაქელების სამოქალაქო პოზიცია კი უწინდებურად პასიური რჩება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წვიმა რამდენიმე დღეა გრძელდება, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნის: საჭიროა სათესლე მასალისა და სასუქის შეძენა, თესვის დაწყება, შარშანდელი მოსავალი კი ჯერ არ არის გაყიდული. ბევრი არა მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებაზეა განაწყენებული და უმოქმედობაში სდებს ბრალს, არამედ ცენტრალური ხელისუფლების მიმართაც უკმაყოფილებას გამოთქვამს. მათი თქმით, ბაზარზე ადგილობრივი წარმოების კარტოფილისთვის ადგილი აღარ დარჩა და სახელმწიფო მათი პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს.

პარალელურად, მოსახლეობა ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რომ მთავრობას თავად ირჩევს. საქართველო არჩევნებისთვის ემზადება, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას კი ეს ნაკლებად აინტერესებს. ასევე არ აინტერესებთ, რომ “სააკაშვილის პარტიის” (როგორც აქ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” უწოდებენ) გარდა სხვა პარტიებიც არსებობს და რომ საკუთარი პარტია ბიძინა ივანიშვილმაც დაარეგისტრირა. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩვენს მხარეებში ცოტა თუ იცნობს.

“სამხრეთის კარიბჭემ” ახალქალაქის ქუჩებში გამოკითხვა ჩაატარა, რათა დაედგინა რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას საქართველოს პოლიტიკური ძალებისადმი, ფლობს თუ არა ინფორმაციას სხვადასხვა პარტიებზე და რას ფიქრობს მომავალ არჩევნებზე. 30 გამოკითხულიდან ოთხმა გვითხრა, რომ არჩევნებზე წავა, ორი ყოყმანობდა. ერთმა ამ თემაზე საუბარს საერთოდ თავი აარიდა. 14 ადამიანი ალბათ არჩევნებზე არ წავა. ცხრა კი სომხეთისა და რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.

გამოკითხულთაგან მხოლოდ ერთმა იცოდა რა პარტიები არსებობს ქვეყანაში, ვინ ხელმძღვანელობს ოპოზიციურ პარტიებს, 29 ადამიანი კი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გარდა “სააკაშვილის პარტიისა”, არ იცნობდა. ინფორმაცია მათ არც ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური პროგრამების შესახებ ქონდათ.

მოსახლეობის ასეთი გულგრილობის მიზეზი რამდენიმეა – სოციალურიდან თავად პოლიტიკოსების პასიურობამდე. ინფორმაციის არარსებობაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

“მმართველი პარტიის პროგრამა არ მომწონს, მაგრამ ალტერნატივასაც ვერ ვხედავ, რადგან არ ვიცი, სხვა პარტიებს რა შემოთავაზებები აქვთ. აუცილებელია პოლიტიკური ალტერნატივის საფუძვლის შექმნა. ძირითადი აქ ადგილობრივი თვითმმართველობაა, რომელსაც მოსახლეობასთან აქვს კავშირი და რომელმაც ხალხს უნდა მიმართოს, მათ გასაჭირს მიხედოს და იცოდეს, რა პრობლემები აქვთ. აი, დღეს მოვიდნენ და მეუბნებიან, რომ ჩემი არჩევანი გავაკეთო. მე კი პრობლემა მაქვს, მოსავალი მიფუჭდება და საქონელს ვაჭმევ. რა არჩევნებზე შეიძლება იყოს საუბარი?!” - ამბობს მამველ საღათელიანი.

თუ მამველ საღათელიანს უნდა, რომ იცოდეს რა პოლიტიკური ალტერნატივა არსებობს საქართველოში, ერან კარაპეტიანს არც აინტერესებს, რისი შემოთავაზება შეუძლიათ ოპოზიციურ პარტიებს: “ვიცი, რომ სააკაშვილის პარტიის გარდა ოპოზოციური პარტიებიც არსებობს, მაგრამ არ ვიცნობ და არც პროგრამები ვიცი. სიმართლე რომ გითხრათ, არც მაინტერესებს. ჩვენთან ოპოზიცია საერთოდ არაფერს აკეთებს, ამიტომ არჩევნებზე წავალ და ხმას მმართველ პარტიას მივცემ”.

ამ დამოკიდებულებას მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს. ბევრი არჩევნებს სამოქალაქო ვალად არც აღიქვამს. პროცესს მხოლოდ ფორმალობად მიიჩნევენ. ამტკიცებენ, რომ ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული და არ ესმით, “არჩევნებისთვის ამდენი ფული რატომ იხარჯება”.

“არჩევნებზე არასდროს ვყოფილვარ. ისიც არ ვიცი, ჩვენი მამაკაცები დადიან თუ არა ხმის მისაცემად. მე ეს არ მაინტერესებს. ჩემთვის ყველა ერთნაირია”, - ამბობს ერთ-ერთი გამოკითხული.

საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარის, ექსპერტის არჩილ გეგეშიძის მოსაზრებით, ხელისუფლების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისადმი მიდრეკილებას იმდენად ინფორმაციის ნაკლებობა არ განაპირობებს, რამდენადაც ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ოპოზიციურ აზრს ვერსად ისმენს:
“ვეთანხმები ფაქტს, რომ ასე იყო ყოველთვის, ამ და წინა ადმინისტრაციის დროსაც. ჩემი აზრით, აქ მიზეზ-შედეგობრივი კავშირია ორ ფაქტორს შორის. ოპოზიციას ადგილობრივ მოსახლეობამდე მათ მიერ შემოთავაზებული ალტერნატივის მიტანა არ შეუძლია. ამის გამო ამომრჩეველი არაინფორმირებულია”.

ექსპერტის თქმით, ოპოზიცია ამომრჩეველთან ისეთი მეთოდებით არ მუშაობს, რომლითაც სიმპატიის, ანუ ხმების მოპოვებას შეძლებდა: “ოპოზიცია, ივანიშვილის გამოჩენამდე, მაინცდამაინც პოპულარული არ იყო, შიდა სისტემის სისუსტის გამო ბევრ შეცდომას უშვებდა. გაერთიანებაც ვერაფრით მოახერხა, დაქსაქსული და შიდა დაპირისპირებებში გახვეული იყო. ეს გვერდიდან ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ისინი მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკით იყვნენ დაკავებულნი. სიტუაციის მათეულ ხედვას არასდროს წარმოადგენდნენ და ამომრჩეველს ვერ არწმუნებდნენ, რომ მდგომარეობის გაუმჯობესება შეეძლოთ. ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილის გაერთიანება ამ ჯერზე მაინც მოხერხდება”.

ამასობაში საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. მალე ახალქალაქშიც დაიწყებენ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ჩამოსვლას, თავის წარდგენისა და სიმპატიის მოპოვების მცდელობებს. და თუ ამას რამდენიმე დღეში ვერ მოახერხებენ, უკან წავლენ და ჩვენს მხარეს მომავალ არჩევნებამდე დაივიწყებენ.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვის აირჩევს ახალქალაქი?
ადიგენი და არჩევნები
წინასაარჩევნო განწყობები ახალქალაქში
რისი ცოდნა სურთ ამომრჩევლებს
რას ფიქრობენ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ახალციხეში
'გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია' – საპარლამენტო არჩევნებისთვის 5 პარტია გაერთიანდა
ცირა მესხიშვილი: ‘შეიძლება თვითმართველობის არჩევნებზე მოსახლეობა საერთოდ არ მივიდეს’