
ვის და რატომ ირჩევს ხალხი 27 ოქტომბერს? - „სამხრეთის კარიბჭემ“, ახალქალაქის ქუჩებში, სხვადასხვა ასაკისა და სქესის 27 შემთხვევითი გამვლელი გამოჰკითხა.
27-დან 7-მა გვიპასუხა, რომ რჩეული კანდიდატი უკვე ჰყავთ, მაგრამ, მათგან ოთხმა არც ვინაობა გაგვიმხილა და არც არჩევანი. სამმა კი გვითხრა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს აირჩევს და გადაწყვეტილებაც დაგვისაბუთა.
ორმა გვითხრა, რომ ირგვლივ ყველა ნომერ 41-ზე ლაპარაკობს და მართალია, თავად არ იციან, ვინ არის ეს ხალხი, არც მათ პროგრამას იცნობენ, მაგრამ ხმას მაინც ამ ნომერს მისცემენ.
13 ადამიანი ამბობს, რომ არჩევნებზე აუცილებლად წავა, თუმცა ჯერ არ იცის, ვის აირჩევს და გადაწყვეტილებას ბოლო დღეს მიიღებს. მათ აღიარეს, რომ არც კანდიდატების სახელები იციან, არც პარტიების და პროგრამებზე საერთოდ საუბარიც არ ღირს.
ოთხმა ამომრჩეველმა განაცხადა, რომ არჩევნებზე არ წავა და მოინახება ხალხი, ვინც ხმას მათ ნაცვლად მისცემს.
„ვისაც უნდა, იმას ნიშნავენ. ხმას არავის მივცემ, რისთვის, რომელი კარგი საქმეებისთვის? ქალაქში ჩვენი სახლის გარდა, ყველა შენობის სახურავი შეცვალეს. სახურავი დაზიანებულია, სახლში წყალი წვეთავს“, - გვითხრა ერთმა ქალბატონმა.
სოფელ აბულის მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა მიშკინაზ და ვანია ხოცანიანებმა გვითხრეს, რომ კანდიდატებს და მათ პროგრამებს არ იცნობენ: „პასპორტები ძმისშვილს მივეცით და ის ჩააგდებს ჩვენს მაგივრად“.
სამხედრო პენსიონერი შირვან ირიციანი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს: „პენსია 69 ლარამდე შემიმცირეს. მე სამხედრო პენსიონერი ვარ, ამ ფულით როგორ უნდა ვიცხოვრო. საერთოდ არ მაინტერესებს, პრეზიდენტი ვინ გახდება. პრეზიდენტი ჩემზე არ ზრუნავს, აბა, არჩევნებზე რატომღა წავიდე“.
ალბერტ ხდრიანს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს და შემდეგნაირად ასაბუთებს: „41-ს ვირჩევ. პროგრამას კარგად ვიცნობ. ამ პარტიის დემოკრატია უკეთესია, ვიდრე სააკაშვილის პარტიის იყო. ახლა თავისუფლად ვლაპარაკობ, მაშინ კი თავისუფლად ვერ ვიტყოდი, ვის ვირჩევდი. მაშინვე წამიყვანდნენ“.
გადაწყვეტილება მიღებული აქვს სოფელ ბავრის მცხოვრებს ხნკანოს ბერიკიანსაც.
„ვირჩევ ივანიშვილს, რომ რუსული გზები გაიხსნას და აქ რუსული ჯარი მოვიდეს. საქართველო რუსეთის გარეშე ვერ იცხოვრებს. ჩვენ ნატო არ გვჭირდება, ჩვენ რუსეთი გვჭირდება“, - აცხადებს იგი.
ქალბატონი, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა, ასევე „ქართული ოცნების“ კანდიდატს ირჩევს: „მათი პროგრამა ვიცი და მომწონს, რომ გზის გახსნას გვპირდებიან, რათა რუსეთში თავისუფლად ვიაროთ. მართალია, ამას ბურჯანაძეც გვპირდება, მაგრამ მე ივანიშვილის მჯერა“.
„სამხრეთის კარიბჭეს“ მსგავსი გამოკითხვა ადრეც აქვს ჩატარებული. შედგებს თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ახალქალაქის მოსახლეობის საარჩევნო აქტიურობამ მოიმატა. ადამიანების რიცხვი, ვინც გამოკითხვაში მონაწილეობას ერიდებოდა, შემცირდა, თუმცა მაინც შესამჩნევია, რომ ბევრი არჩევანს არა გარკვეული მოსაზრებების ან კანდიდატის პროგრამის ცოდნის მიხედვით აკეთებს, არამედ მას უბრალოდ ნათესავები და ნაცნობები ურჩევენ.
აირჩევენ თუ არა ახალქალაქელები კვლავ მმართველი პარტიის კანდიდატს, თუ ეს „ტრადიცია“ დაირღვევა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]