
წიგნებში არსებულ ხარვეზებზე კომენტარის გაკეთება არ სურთ მშობლებს და მოსწავლეებს, პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ პრობლემების შესახებ იციან მასწავლებლებმაც და დირექტორებმაც, თუმცა შეცდომების გამოსწორება მაინც ვერ ხერხდება.
„ჩემს შვილს ვერ გამოაქვს წაკითხული სავარჯიშოებიდან აზრი და ძალიან უძნელდება სწავლა. მე რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული და სომხურს ვერ ვკითხულობ, ამიტომ ვერ ვეხმარები“, – ამბობს ახალციხის მესამე საჯარო სკოლის მეხუთე კლასელის მშობელი.
ამავე სკოლის მოსწავლე მარი ეგიანი კი ამბობს, რომ ტექსტში შეცდომები არის, მაგრამ შინაარსის გამოტანა არ უჭირს.
„როცა ვერ ვგებულობთ სავარჯიშოს შინაარსს, ვურეკავ კლასის დამრიგებელს და ის გვაგებინებს რა წერია, სხვა გზა აღარ გვრჩება“, – ამბობს სომხური სკოლის ერთ–ერთი მოსწავლის მშობელი.
„ჩვენ სავარჯიშოს პირობის გაგება გვიჭირს და ვერც ვწერთ ხოლმე“, – გვეუბნება მშობელი.
მაგალითისთვის, მეხუთე კლასის მათემატიკის წიგნში წერია ამოცანა, სადაც რიცხვები მითითებული არ არის. რის მიხედვითაც მოსწავლე ამოცანას ამოხსნის.
„გლეხი ყოველდღე ბარავს მიწის ნაკვეთის ნაწილს. რამდენ დღეში დაბარავს ის მთლიან ნაკვეთს? – წერია გურამ გოგიშვილის, თეიმურაზ ვეფხვაძის, ლამარა ქურჩშვილის და ია მებონიას ავტორობით დაბეჭდილ სახელმძღვანელოში.
გარდა ამისა, სახელმძღვანელოში ტექსტის ნაწილი საერთოდ არ არის ნათარგმნი.
სომხური სკოლების მასწავლებლების თქმით, სახელმძღვანელოებში არა მხოლოდ მექანიკური, არამედ ფაქტობრივი შეცდომებიც ბევრია.
„ყოველწლიურად ასწორებენ, მაგრამ მაინც ბევრი შეცდომებია. ზოგს ჩვენ ვასწორებთ და ვთარგმნით და ისე ვაძლევთ ბავშვებს დავალებებს“, – აცხადებენ მასწავლებლები.
განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ პრობლემა იმ კადრების სიმცირეშია, ვისაც კარგი თარგმანის გაკეთება შეუძლია.
„პრობლემაა იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც შეუძლია მაღალი ხარისხის თარგმანი გააკეთოს და დრო, რომელშიც ეს კეთდება, არ არის საკმარისი რედაქტირების მოსასწრებად. როცა რადენიმე რგოლი არსებობს გამომცემლობა, სახელმწიფო, დაინტერესებული საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველაა ჩართული, მაშინ უკეთესია. მაგრამ როცა მხოლოდ სახელმწიფო აკეთებს, მაშინ პასუხიმგებლობებიც იკლებს ხოლმე“, – განმარტავს ჯანაშია.
მისი თქმით, წიგნებში შეცდომა იქამდე არ სწორდება, ვიდრე ახალი ტირაჟი არ დაიბეჭდება.
„სახელმძღვანელოების თარგმნის სისტემაა იმდენად უაზრო, რომ შეცდომას რომ იპოვიან სანამ ახალ ტირაჟს არ დაბეჭდავენ, მანამდე არ იცვლება. წიგნები კი შეიძლება ხუთ წელიწადში ერთხელ დაიბეჭდოს, შესაბამისად შეცდომები სახელმძღვანელოებში რჩება“.
საქართველოში სომხურმა სკოლებმა სომხეთიდან სახელმძღვანელოები ბოლოს 2015 წლის დეკემბერში მიიღეს, რადგან როგორც გაირკვა არ შეესაბამებოდა ქართულ სასწავლო გეგმას.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმძღვანელოში დაფიქსირებული ხარვეზის დროს, წიგნს დაუყოვნებლივ ახლით ანაცვლებენ.
მათივე თქმით, ახალი სასწავლო წლიდან I-VI კლასის არაქართული (რუსული, აზერბაიჯანული, სომხური) სექტორის სახელმძღვანელოები შეიცვლება.
„ბეჭდვისა და დისტრიბუციის შესყიდვასთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ უახლოეს დღეებში გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი. ტენდერის დასრულების და კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საჯარო სკოლებისთვის I-VI კლასის არაქართული სექტორის სახელმძღვანელოების მიწოდების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე“, – აცხადებენ სამინისტროში.


[რიმა სარუხანიან, ახალციხე]