
გასული წლების მსგავსად, პირველკლასელებს სასკოლო ჩანთები და ნეთბუქები, წელსაც საქართველოს განათლების სამინისტრომ გადასცა. სომხურენოვანი სკოლების პირველკლასელებმა სომხეთის განათლების სამინისტროსგან საჩუქრად ანბანებიც მიიღეს. ასევე სომხური სკოლების ყველა მოსწავლემ საჩუქრად ქართული და რუსული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები მიიღო, შესაბამისად, საქართველოსა და სომხეთის განათლების სამინისტროებისგან.
იმის გამო, რომ წელს სასწავლო პროგრამა 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მთლიანად შეიცვალა, ამ კლასების მოსწავლეებს ყველა სახელმძღვანელოს შეძენა მოუხდათ. სასკოლო წიგნების ფასები 6-დან 18 ლარამდე მერყეობს. მაგალითად, “ბუნება” 16 ლარი ღირს, ინგლისურის სახელმძღვანელო, სამუშაო რვეულთან ერთად, - 18 ლარი. შედარებით ძვირი ისეთი სახელმძღვანელოებია, რომლებისაც რვეულებიც მოყვება.
სკოლა, ან მაღაზია, სადაც სასკოლო წიგნები გაიყიდებოდა (ისე, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში), ახალქალაქში არ შერჩეულა. ამიტომ, მოსწავლეების უმრავლესობა სახელმძღვნელოებს სკოლების შუამავლობით ყიდულობს. თბილისში შეკვეთებს კლასის ხელმძღვანელები რესურსცენტრის დახმარებით აგზავნიან.
ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლაში ახალი წიგნების მოლოდინში მოსწავლეებს ძველი სახელმძღვანელოები დაურიგეს.
“მთელი შარშანდელი საბიბლიოთეკო ფონდი მოსწავლეებს გადავეცით. ახლის მიღებამდე ძველი სახელმძღვანელოების დარიგება გადავწყვიტეთ. ძალიან მალე, ერთი კვირის განმავლობაში, უკვე ახალ წიგნებს ველოდებით”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი რუზან ტეპოიანი.
ახალქალაქის პირველ სკოლაში 404 ბავშვი სწავლობს. არმანი მე-11 კლასშია და მას ყველა სახელმძღვანელო ჯერ არ აქვს.
“საჭირო თანხა გადახდილი მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ყველა აუცილებელი წიგნი არ მიმიღია. ველოდები, მპირდებიან, რომ მალე იქნება”, - ამბობს არმან გაბრიელიანი.
ახალქალაქის მე-4 საჯარო სკოლაში 448 მოსწავლეა. ამ სკოლის მე-10 კლასის 28 მოსწავლემ ყველა საგნის სახელმძღვანელო უფასოდ მიიღო – სკოლის ბიუჯეტში აღმოჩნდა თანხა და მისი წიგნებისთვის დახარჯვა გადაწყდა.
“მაგალითად, სკოლაში მე-10 კლასის ყველა სახელმძღვანელო არის. ასევე გვაქვს საბიბლიოთეკო ფონდი და ძველი სახელმძღვანელოები, რომლითაც ახლების პარალელურად ვსარგებლობთ. ის სახელმძღვანელოები კი, რომლებიც სკოლას არ აქვს, მოსწავლეების მშობლებმა უნდა შეიძინონ. დღეისთვის მოსწავლეების უმრავლესობა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილია და ვინც ჯერ არა, ისინიც თანდათანობით ყიდულობენ”, - ამბობს მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა გრიგორიანი.
მე-6 კლასის ზევით მოსწავლეებს ახალი სახელმძღვანელოების ყიდვის აუცილებლობა არ აქვთ, რადგან მათი პროგრამა შარშანდელს ემთხვევა.
“უფროსკლასელებისგან ნახმარი წიგნები 7, 8, 9 ლარად ვიყიდე. ახალი გაცილებით ძვირია, მაგალითად, ინგლისურის წიგნში 20 ლარი გადავიხადე. მართალია, წიგნს სამუშაო რვეულიც მოყვება, მაგრამ მაინც ძვირია. სახელმძღვანელოებისთვის დაახლოებით 50-60 ლარი დავხარჯე”, - ამბობს მე-4 სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.
შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილაინი ოჯახების მოსწავლეებს სახელმძღვანელოების კომპლექტი უფასოდ გადასცა. პირველ საჯარო სკოლაში 404 მოსწავლიდან 23 ბავშვი ამ პროგრამის ფარგლებში წიგნებს უფასოდ მიიღებს.
ახალქალაქის რესურსცენტრის დირექტორის ნარცის კარაპეტიანის თქმით, მოსწავლეები შეკვეთილი სახელმძღვანელოების მიღებას ორშაბათიდან დაიწყებენ.
[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]