FM97.5 / LIVE

‘ეს არის კრემლის ინტერესები’ - შეფასებები ახალციხეში შექმნილ ორგანიზაციაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.10.2019
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტოლოგები ახალციხეში რუსეთ-საქართველოს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის დაფუძნებას ეხმაურებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი ქმედება რუსეთის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

‘ეს არის კრემლის ინტერესები’ - შეფასებები ახალციხეში შექმნილ ორგანიზაციაზე
ფოტო - ახალი ამბების ფრონტი

ახალციხეში, ორგანიზაციის „სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე“ დაფუძნებას მესამე სექტორი საფრთხის შემცველად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ამ საკითხით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლები მედიასთან აცხადებენ, რომ მათ პოლიტიკასთან კავშირი არ აქვთ და მხოლოდ სახალხო დიპლომატიის გზით შეეცდებიან ურთიერთობის დარეგულირებას. „არ გვაინტერესებს პოლიტიკური მიმართულებები, ჩვენ დიპლომატიის გზით მათ უნდა გავუკვალოთ გზა და შემდეგ ჩაერთვება პოლიტიკა. ჩვენი მოძრაობა იქნება პოლიტიკის გარეშე და ემსახურება ხალხთა შორის ურთიერთობის აღდგენას“, - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა პარუნაშვილი.

პოლიტოლოგი გია ნოდია კი მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირება სახალხო დიპლომატიის გზით შეუძლებელია: „რიგითი ადამიანების დონეზე არასდროს ყოფილა პრობლემა რუსეთსა და საქართველოს შორის. თავისთავად , ზრუნვა იმაზე, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობა დავარეგულიროთ, გავაუმჯობესოთ, ჩემი აზრით საკითხის არასწორად დაყენებას ნიშნავს“.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ორგანიზაციის დაფუძნების მიზნით გამართულ შეხვედრას პუტინთან დაახლოებული პირი, ვლადიმერ ხომერიკი ესწრებოდა და იგი ამავე ორგანიზაციის მხარდამჭერია, იმაზე მიანიშნებს, რომ „ორგანიზაცია რუსეთის ხელდასხმით გაკეთებულია და მისი მიზანი სინამდვილეში არა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესება, არამედ საქართველოში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებაა“.

ნოდია მიიჩნევს, რომ არაპოლიტიკურობის სტატუსი ამ ორგანიზაციის მხოლოდ ნიღაბია და ცხადი ხდება, რომ მას ნათელი პოლიტიკური მიზნები აქვს.

მსგავს აზრზეა ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელიც. გიორგი ანდღულაძე მიიჩნევს, რომ ორგანზიაციას სწორედ პოლიტიკური მიზნები აქვს და ამის გამოც შეიქმნა.

„ეს არის გარკვეული ადამიანების ჯგუფის მოსაზრება, რომლებიც ამ ბოლო დროს რატომღაც ძალიან გააქტიურდნენ და პირდაპირ ქვეყნის მტერსა და ოკუპანტზე გვეუბნებიან, რომ არის ჩვენი მეგობარი და რომ აუცილებლად ჩვენ უნდა მივიდეთ პირველები, მოვუხადოთ ბოდიში და დავიწყოთ ცივილური ურთიერთობების აღდგენა“.

მისივე თქმით, დღეს ცოცხალი ოკუპაციის პირობებში, როცა ყოველდღიურად საზღვრისპირა რეგიონებში ადამიანებს ყოველ დღე ექმნებათ პრობლემები, გადაადგილების შეზღუდვის, ტვირთის გადატანის, ოჯახების დაშორების და სხვა მსგავსი ორგანიზაციები არ უნდა იქმნებოდეს.

„ქვეყანა ამას გიკეთებს, გბომბავს, ყოველდღე ტერიტორიას გართმევს, ატომური ბომბით გემუქრება - ვგულისხმობ რამდენიმე დღის წინანდელ მედვედევის განცხადებას და გეუბნება, რომ საქართველო ნატოში ინტეგრაციის შემთხვევაში რუსეთმა უნდა გამოიყენოს ის ატომური პოტენციალი, რომელიც აქვს. ამ დროს კი, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ღიად, საჯაროდ პროპაგანდას უწევენ რუსეთთან ურთიერთობის ვითომ აღდგენას, ჩემთვის მიუღებელია მწვანილისა და ციტრუსის ექსპორტზე გავცვალო თავისუფლება, მაგრამ ფაქტობრივად, ამას გვეუბნებიან, რომ ეკონომიკური ბაზრის გარეშე დავრჩებით“, – ამბობს ანდღულაძე.

ანდღულაძე მიიჩნევს, რომ ასეთი ორგანიზაციების შექმნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა ინტერესდებოდეს: „ეს ადამიანები ახლა სახელმწიფო სტრუქტურებში უნდა აძლევდნენ ჩვენებას, იმიტომ, რომ აშკარად სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები აქვთ“.

სახელმწიფო უწყებების უმოქმედობის შესახებ საუბრობს „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილიც. მისი თქმით, ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან დიდი რესურსები იხარჯება ასეთი ორგანიზაციების ჩამოყალიბებისთვის და რასაც ხელს ისიც უწყობს, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ამ საკითხის შესახებ მკაფიო ხედვა არ აქვს და არც შესაბამისი ნაბიჯები იდგმება.

„სახელმწიფო პოლიტიკის მკაფიო არ არსებობა გარკვეულწილად „მწვანე შუქია“, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები გააქტიურდნენ, მათ შორის რეგიონულ დონეზე, რაც სახიფათოა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. ეს არის სწორედ „რუსული რბილი ძალა“. მხოლოდ მას შემდეგ, როცა აღდგება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შეიძლება ვისაუბროთ ნებისმიერი სახის ურთიერთობებზე იმ ჯგუფებთან, რომლებიც კრემლის ინტერესების გამომხატველია. ეს კრემლის ინტერესები დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული“, - აცხადებს კინწურაშვილი.

ახალად დაფუძნებული ორგანიზაციის სამომავლო მიზნებში, რომლებიც ახალგაზრდების გაცვლით, საგანმანთლებლო პროგრამებში ჩართვას გულისხმობს, საფრთხეებს ხედავს ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი. მისი თქმით, ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთის მიმართ აგრესია არ აქვთ, პრობლემას ძირითადად ოკუპაციური რუსეთი წარმოადგენს.

„მენიშნა, რომ ძირითადად საგანმანათლებლო პროგრამებზეა აქცენტი გაკეთებული და ეს ყველაზე მეტად საფრთხის შემცველად მიმაჩნია. მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთმა ორგანიზაციებმა დაუარეს სამცხე-ჯავახეთში სომხურ და რუსულ სკოლებს და პირდაპირ მიიწვიეს ბავშვები, რომ მათ რუსეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში უფასოდ და შეუზღუდავად ისწავლონ, მაშინ, როცა თვითონ რუსი ბავშვები ბევრს მეცადინეობენ ასეთ უნივერსიტეტებში რომ მოხვდნენ. ამას აქვს მიზანი, რომ ასე უფრო მეტი მომხრე ეყოლება საქართველოში, ანტინატოური, ანტიევროპული განწყობა იწყება განათლებიდან“, - ამბობს მესხიშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიზნობრივი ჯგუფი ქართველი ახალგაზრდები არიან, ამიტომ მათი ცნობიერების, მენტალიტეტისა და განათლების შეცვლით ცდილობს სადავეების ხელში ჩაგდებას.

ბოლო ოთხ თვეში, ახალციხეში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის მიზნით დაფუძნებული უკვე მეორე ორგანიზაციაა. უქმნის თუ არა მსგავსი იდეით შემქნილი ორგანიზაციები სახელმწიფოს საფრთხეს, ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ საკითხის შესახებ ჯერ ინფორმაცია უნდა მოიკვლიონ.

რედაქცია ასევე დაუკავშირდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესაც, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ჩვენს პრობლემებს რუსეთი მოაგვარებს’ - ახალციხეში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა
‘რუსული მხარე თანახმაა’ – როდის ჩამოვა ახალციხეში 50 ახალგაზრდა
‘ამით ‘სუსი’ უნდა დაინტერესდეს’- ომბუდსმენი ახალციხეში პრორუსულ ორგანიზაციებზე
ახალციხელები ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ
”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” არასამთავრობო სექტორს შეხვდა
არასამთავრობოები: 'ხელისუფლებას შეეძლო ჭელის საქმის მშვიდობიანად მოგვარება'
ახალი მთავრობა და ახალი რეგიონული პოლიტიკა