
ფოტოკონკურსის „მშობლიური გემო“ გამარჯვებული ფოტო სოფელ ჭობარეთშია გადაღებულია. მან პირველი ადგილი მოიპოვა. ფოტო ჟიურმა გამოავლინა, რომელიც National Geographic-ის სათაო ოფისისა და National Geographic საქართველოს წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.
გამარჯვებულ ფოტოს ავტორს, თამარ მირიანაშვილს ფოტოტექნიკის შესაძენად 990 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. კადრი ჟურნალში National Geographic საქართველო დაიბეჭდება.
ფოტოგრაფია თამარ მირიანაშვილის მეორე პროფესიაა. იგი დამოუკიდებელ ფოტოპროექტებზე მუშაობს: "National Geographic საქართველოს ფოტოკონკურსის იდეა - ქართული ტრადიციული კერძების წარმოჩენა - პირდაპირ უკავშირდებოდა ჩემს ბოლოდროინდელ საქმიანობას. უკვე სამი წელია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვმუშაობ დოკუმენტურ ფოტოსერიებზე, ვიღებ ტრადიციული პურობის სცენებს, კერძების მომზადებას, რაც არა უბრალოდ კერძის მომზადებაა, არამედ დაკავშირებულია უძველეს ტრადიციებთან, რიტუალებთან და ეს ყველაფერო თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ სერიებზე მუშაობამ ბუნებრივად მოიტანა წიგნის იდეაც და ახლა, ვმუშაობ დოკუმენტურ ფოტო-წიგნზე, სამუშაო სახელწოდებით: "ტრადიციებით გაშლილი სუფრა: ქართული პურობის მემკვიდრეობა".
მისივე თქმით, მესხეთმა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოა: "ჩემი ფოტოც სწორედ ამ შთაბეჭდილების ასახვის მცდელობა იყო. რა არის ფოტოზე? ყველაფერი ერთად - ბუნება, ადამიანები, ადამიანების დამოკიდებულება და სიყვარული პურობის ტრადიციებისადმი, ზუსტად ის გადავიღე, რასაც ვხედავდი და ვგრძნობდი", - ამბობს თამარ მირიანაშვილი.
„ყველის ამოყვანა მშვიდი და წყნარი საქმე მეგონა, სანამ მესხური ტენილის ამოყვანის პროცესს არ დავესწარი. აქ წამით არ უნდა მოდუნდე, მუხლჩაუხრელი და დაუდეგარი შრომაა საჭირო. ადუღებული წყლით სავსე ქვაბიდან უჩველო სისწრაფით ამოაქვთ ყველის მსხვილ რგოლები და ორივე ხელზე ატრიალებენ. რგოლები უწყვეტია, დატრიალების შემდეგ, ჰაერში ატკაცუნებენ მთელ ამ მასას და ისევ ქვაბში აბრუნებენ. და ასე უსასრულოდ, ვიდრე ეს ხვეულა იმ უწვრილეს ძაფებად არ იქცევა, რასაც ჩვენ ვიცნობთ, როგორც მესხურ ტენილს. აქ დიდი სიჯიუტე და გამძლეობაა საჭირო. მესხური ყველი მხოლოდ ქალებს ამოჰყავთ“, - წერია ფოტოს აღწერაში.
ფოტოკონკურსის "მშობლიური გემო" გამარჯვებულები ასე გადანაწილდნენ:
I ადგილი - თამარ მირიანაშვილი
ფოტო: მესხური ყველის ამოყვანა
ავტორი - თამარ მირიანაშვილი და გამარჯვებული ფოტოII ადგილი - ვახტანგ ჯანჯღავა
ფოტო: ქართული თონის პური

III ადგილი - თამაზ დუნდუა
ფოტო: ხინკალი

კონკურსი მსოფიო სურსათის დღეს მიეძღვნა, რომელიც 16 ოქტომბერს აღინიშნება. მას ორგანიზება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, EBRD-მ და ჟურნალმა National Geographic-მა გაუწია.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული ტრადიციული პროდუქტის შესახებ ფოტოგამოფენა და მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება.
„მსოფლიო სურსათის დღის“ ღონისძიებების ყურადღბის ცენტრში მოექცა ტრადიციული ქართული პროდუქტები, რომლებსაც საერთაშორისო ხარისხისა და ადგილწარმოშობის ეტიკეტი - გეოგრაფიული აღნიშვნა (GI – Geographical Indication) აქვს მინიჭებული.
„მსოფლიო სურსათის დღე“ გაეროს კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. წელს, იგი მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნა.
ამ დღეს, FAO მთელ მსოფლიოს მოუწოდებს, რომ სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებით, კიდევ უფრო მიუახლოვდეს გაეროს მდგრადი განვითარების მეორე მიზანს – შიმშილის აღმოფხვრას დედამიწაზე და ჯანსაღი საკვების საყოველთაო ხელმისაწვდომობას. ამ გლობალური მიზნის მხარდასაჭერად, FAO ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ENPARD პროგრამასთან და EBRD-თან ერთად, საქართველოში მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს სასურსათო სისტემების მიმართულებით, ადგილობრივი ტრადიციებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებით.
[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]