მარიამ ლომიძემ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე კურსი დაასრულა. იგი ამჟამად მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობს.
„ვცდილობ მშობლებს სწავლის ხარჯი ოდნავ მაინც შევუმცირო. ხანდახან საკუთარ დასვენებაზე და გართობაზე მნიშვნელოვანი, უბრალოდ, ბევრი მუშაობაა იმისთვის, რომ შემდეგ მიიღო ის, რაც გინდა,“ – ამბობს მარიამი.
ქეთიც, მარიამის მსგავსად, მომსახურების სფეროში მუშაობს.
„სწავლა დასრულდა და დასრულდა მეოთხე კურსიც. ქუდებიც ავისროლეთ და ბანკეტიც გადავიხადეთ. ახლა რა?“ – კითხულობს იგი.
ქეთი მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას აპირებს, ოღონდ – ჯერ არა.
„ეს წელი ვიმუშავებ, იქნებ რამე უკეთესი სამსახურიც ვნახო და შემდეგ, თუ ჩემით შევძლებ საკუთარი სწავლის დაფინანსებას, გავაგრძელებ,“ – ასეთია მისი გეგმა.
ზაფხულში სოფელში დასვენებას და მშობლებისთვის მიხმარებას ამჯობინებს ნათია ცინაძე.
„მუშაობა, რა თქმა უნდა, უკეთესია, მაგრამ აქ რომ დავრჩე და ვიმუშაო, ხელფასი არ მეყოფა არაფერში და უბრალოდ დროის კარგვაა. მირჩევნია, ჩემს ოჯახთან ერთად გავატარო ზაფხული და უფრო მეტი ენერგიით დავუბრუნდე სწავლას. მუშაობას შემოდგომით გავაგრძელებ.“
ნათია პრეზიდენტის სტიპენდიანტია, სტუდენტობის პარალელურად, რესტორანში მუშაობს.
ამჯერად მომსახურების სფეროში მომუშავე სტუდენტების მაგალითები მოვიყვანეთ. მათ მსგავსად, ბევრი სტუდენტია, რომელიც იძულებულია, ზაფხულის დასვენებაზე უარი თქვას და იმუშაოს.
ამ დროისთვის სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების საერთო რაოდენობა (ბაკალავრი, მაგისტრატურა, პროფესიული) 1499-ია. თანხის გადაუხდელობის გამო კი, სტუდენტის სტატუსი ბაკალავრზე 216 სტუდენტს, მაგისტრატურაზე 113-ს, ხოლო მოსამზადებელ პროგრამაზე 13 სტუდენტს აქვს შეჩერებული. სამცხე-ჯავახთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სპეციალისტი მარინა ტაბატაძე გვიყვება, რომ სტუდენტებს, ძირითადად, თანხის გადაუხდელობის გამო უჩერდებათ სტატუსი.
„ბევრია ისეთი, ვინც მუშაობს და იმის გამო აჩერებს სტატუსს, რომ სწავლის ფული მოაგროვოს და შემდეგ გააგრძელოს სწავლა ისე, რომ მუშაობამ ხელი არ შეუშალოს. ეს არამარტო ჩვენი სტუდენტების, არამედ სრულიად საქართველოს ერთ-ერთი დიდი პრობლემაა.“ - ამბობს მარინა ტაბატაძე.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში 278-მა სტუდენტმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული ზრდის და განვითარების ცენტრი დასაქმების კვლევას ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასაწყისში აკეთებს.
კვლევაში წერია, რომ 2016 წელს კურსდამთავრებულთა 90 % – ია დასაქმებული. ამ 90% – დან 33% საკუთარი პროფესიით მუშაობს, 50% კი ნაწილობრივ იყენებს თავის პროფესიას. რაც შეეხება დარჩენილ 17 %-ს , მათი სამსახური სრულიად განსხვავებულია უნივერსიტეტში მიღებული პროფესიისგან.
რაც შეეცება 2017 წლის კურსდამთავრებულებს, აქ შედარებით სხვა სურათია. სტატისტიკა გვეუბნება, რომ 2017 წელს კურსდამთავრებულთა 63% დასაქმებულია, ხოლო 37% არ მუშაობს. დასაქმებულთა 33% თავისი პროფესიით მუშაობს, 17% კი ნაწილობრივ იყენებს თავის პროფესიას. დარჩენილი 50 % კი თავისი პროფესით არ არის დასაქმებული.
2018 წელს სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 59% დასაქმებულია, ხოლო 41% არ მუშაობს. 59% – დან 60% მუშაობს თავისი პროფესიით, 20% ნაწილობრივ იყენებს თავის პროფესიას, ხოლო დარჩენილი 20% საერთოდ არ იყენებს თავის პროფესიას.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მოხალისე სტუდენტებმა.
[რობიზონ ზარიძე, ახალციხე]