FM97.5 / LIVE

ლეგენდების სოფელი

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 09.07.2019
მტრისთვის მირთმეული თევზი და პური, დაუმარცხებელი ფალავანი ქალი, წყაროების ისტორია და ოჩხეს ჩადგმა. ლეგენდები ხიზაბავრაზე.

ლეგენდების სოფელი

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში იმდენ ლეგენდას მოისმენ, რომ გგონია, თუ სოფელში დარჩები, რომელიმე ლეგენდის გმირს აუცილებლად სადმე გადაეყრები. თან, თუ სოფლის ორღობეში მიდიხარ, გასული საუკუნიდან შემორჩენილ ქვის ყორეებს შორის, კაკლის ხეების ჩრდილში, სადაც მზის სხივი ვერ აღწევს და უჩვეულოდ ბნელა, მისტიკა უფრო მძაფრდება, მცირე ხმაურიც კი მტრის ყიჟინად ჩაგესმის და მზად ხარ, დარანებს მიაშურო, ან ხმალი იშიშვლო.

სოფელი ხიზაბავრა ერთ-ერთი უძველესი და მდიდარი წარსულის მქონე სოფელია სამხრეთ საქართველოში.

არსებობს ლეგენდა, რომ ცალკე იყო სოფელი ხიზა და ცალკე ბავრა. სოფლებს ერთმანეთისგან დიდი მანძილი არ ჰყოფდა, თუმცა ისეთი გაუვალი ტყე ყოფილა, რომ არც ერთმა მხარემ ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდა. ერთხელ ხიზას მკვიდრი მოხვედრილა ბავრას ტერიტორიაზე, სადაც ის განსაკუთრებულად მიუღიათ და გამასპინძლებიან. ბავრაში ასევე კარგი სასმელი წყალი მოდიოდა. ორი სოფლის ხალხმა გადაწყვიტა, გაერთიანებულიყვნენ და, არცეთი სოფლის სახელი რომ არ დაკარგულიყო, სოფელს ხიზაბავრა დაარქვეს.

ახლანდელი ხიზაბვარა ბავრის ტერიტორიაზეა გაშენებული. ხიზის ტერიტორია დაცლილია და მხოლოდ ნასახლარების კვალი თუ შეიმჩნევა აქა–იქ.

ლეგენდების სოფელი
სოფელ ხიზას ტერიტორია

„სოფელ ხიზას ეკლესია როცა აღადგინეს, სადღაც ათი წლის წინ და მიწა შემოაცალეს, 12 ტომარა ჩონჩხი აიკრიფა. იქ საძვალე არ ყოფილა. ლეგენდა არსებობს, ხიზას ეკლესიაში ქორწილი იყო, ჯვარს იწერდნენ და იმ დროს დაესხნენ ლეკები თავს. ამოხოცეს ყველა. მეფე–დედოფალი კი წაიყვანეს. არის ორი წყარო, ერთს ჰქვია დედოფალი, სადაც დედოფალი მოჰკლეს და მეორე წყარო, რომელსაც მეფის წყაროს ეძახიან და იქ მოჰკლეს სიძე“, – გვიყვება 86 წლის სოლომონ მურადაშვილი.

ლეგენდების სოფელი

სოლომონ მურადაშვილი

სოფლის ბევრი ლეგენდა დარანებს უკავშირდება. მიწისქვეშა გვირაბები, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ათობით კილომეტრზე იყო გაჭრილი, თან სხვადასხვა მიმართულებით. ერთი გასასვლელი აუცილებლად წყალს უნდა დაკავშირებოდა.

„არის ასეთი ლეგენდა: ერთ–ერთი შემოსევის დროს, სოფელი მტერს დაცარიელებული დახვდა, გაოცებული იყვნენ – ასე უცაბედად სად შეიძლება წასულიყო ხალხი. რამდენიმე დღე ელოდნენ, იქნება და ვინმე გამოჩნდესო, მაგრამ კაციშვილი არსაიდან ჩანდა. ერთ დღეს მტერს წყაროზე საჭეჭავით სავსე ცხელ–ცხელი თევზი და პური დახვდათ. და მტერი მიხვდა, რომ ამ სოფლის დამარცხება, ასე ადვილად ვერ მოხერხდებოდა და აქედან გაიკრიფნენ“, – გვითხრა სოფელ ხიზაბავრის მკვიდრმა ასმათ ხაზალაშვილმა.



სოფელში არსებობს ლეგენდა დაუმარცხებელ ხიზაბავრელ ფალავან ქალზე, რომელიც, როგორც გადმოცემით ამბობენ, გვარად ტატუნაშვილი იყო. მას თავისუფლად შეძლებია ჭიდაობაში მამაკაცის დამარცხება. ერთ–ერთი შემოსევის დროს, სოფელში ვერავის მოუხერხებია მტრის ფალავანის წაქცევა. მაშინ ტატუნაშვილის ქალს გადაუცვამს მამაკაცის ტანსაცმელი, გასულა საჭიდაოდ და დაუმარცხებია მეტოქე.

ხიზაბავრის მოსახლეობა მეთევზეობასაც მისდევდა. თევზჭერის საშუალებას წარმოადგენდა
ოჩხეს ჩადგმა, რომელსაც სამცხეში მხოლოდ ხიზაბავრაში აკეთებდნენ.

„ოჩხეს მტკვრის ნაპირზე აშენებდნენ ქვით და ისეთნაირად კეთდებოდა, რომ შიგნით თევზი აუცილებლად უნდა შესულიყო. ზამთარში, ორმოს ზემოდან დაადგამდნენ ლასტს, გასასვლელი იკეტებოდა, ამ დროს ორმოში ადამიანი ჩადიოდა, რომელსაც მჩხრეკავი ერქვა და ის იჭერდა თევზს. ხიზაბავრაში ყველა ოჯახს ჰქონდა ოჩხი. იტყოდა ვიღაც სოფელში – მე დღეს ოჩხი უნდა ვჩხრიკოო, შეგროვდებოდნენ სოფლის ძლიერი მამკაცები და მიდიოდნენ, აუცილებლად ღამით“, – გვიყვება ასმათ ხაზალაშვილი.

ხიზაბავრაში მოხუცებს თავიანთ სოფელზე შვილიშვილებისთვის ბევრი რამ აქვთ მოსაყოლი. სანამ დღეა, ბავშვები სოფლის ორღობეებში ველოსიპედებით დაჰქრიან, საღამოობით კი მუხლებზე შალმოხვეულ ბებიას ან ბაბუას მიუსხდებიან და დიდი გაფართოებული თვალებით უსმენენ ხიზაბავრას ლეგენდებს. გარეთ უკუნი ღამეა, დრო ლეგენდების გაცოცხლებისა.

[გულო კოხოძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელი წარსული დიდების  ჩრდილში
ხიზაბავრას ესკიზები [ფოტო]
ხიზაბავრელი  თერეზინა
სამი წყაროს იმედად

ხიზაბავრაში ვაზის დასარგავად ემზადებიან
სოფელ ხიზაბავრაში 55 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო
'ზაფხულ – გრილი და ზამთარ თბილი' ოდა–დარბაზები [ვიდეო]