FM97.5 / LIVE

'უჩინარი' მრავალფეროვნება - ახალციხის მეჩეთები [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.06.2019
გარედან შეუმჩნეველი, ქვის ჩვეულებრივი შენობაა. როგორც კი მის ხის კარს შეაღებ, ფერად და განსხვავებულ სამყაროში ხვდები. ყურადღებას იქცევს ყველა უმცირესი დეტალი, მოხატული ჭერი და აივნის განსაკუთრებული მოყვანილობა - ეს მეჩეთია, მრავალფეროვანი და უკვე უფუნქციოდ დარჩენილი.

'უჩინარი' მრავალფეროვნება - ახალციხის მეჩეთები [ფოტო]
ვალეს მეჩეთი

სჭარბობს მწვანე ფერი. ყვავილებით მოხატული ჭერი, აივანსა და ხის ბოძზე გამოყვანილი ჩუქურთმები და კედლებზე დატანილი არაბული წარწერები. ორი საუკუნის შემდეგაც კი ჩანს, რომ ოსტატს საგულდაგულოდ უმუშავია.

ასეთი მეჩეთების რაოდენობა სამცხე-ჯავახეთში ორმოცს აღწევს. ისინი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან, მეოცე საუკუნის 20-იან წლებშია აშენებული. დღეს სალოცავად აღარ იყენებენ, თუმცა საკუთარ კულტურულ ღირებულებაზე მათი მოხატულობა და ესთეტიკური მხარე მეტყველებს.

ფერსის მეჩეთი


'უჩინარი' მრავალფეროვნება - ახალციხის მეჩეთები [ფოტო]
ფერსას მეჩეთი

ახალციხის სოფელ ფერსაში ქვის მეჩეთი დგას. იგი XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული. შიდა ნაწილის ვიზუალური მხარე საერთო სტილშია შესრულებული. ჭერის შუა ნაწილი საგანგებოდ მოხატულია. გარშემო ხის ორნამენტები და ჩუქურთმები იქცევს ყურადღებას. ფერში მწვანე სჭარბობს, სხვა დეტალები მასთან შესაბამისობაშია. ფერებს გარკვეული დატვირთვა აქვს. მაგალითად, მწვანე ისლამურ სამყაროში სიცოცხლის ფერად აღიქმება.

მნიშვნელოვან ადგილს იკავებს არაბული წარწერებიც. სავარაუდოდ, ეს ყურანის აიათებია. მის გარშემო, აღმოსავლურ სტილში გადაწყვეტილი წითელი ყვავილები, მთლიანი ვიზუალის უკეთ აღქმაში გეხმარება.

მწვანედ შეღებილი ხის კიბე და აივანი შენარჩუნებულია, თუმცა სალოცავს შესასვლელი კარი ჩამოღებული აქვს.

„ასეთი არქიტექტურა და სტილი დამახასიათებელია საქართველოსთვის და თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს რეგიონებისთვის. ძირითადად, ლაზი ოსტატების ნამუშევარია, როგორც მესხეთსა და აჭარაში, ასევე ისტორიულ ლაზეთსა და ტაო-კლარჯეთში, ხელწერა ერთია“, - განმარტავს ისლამური მემკვიდრეობის მკვლევარი ნესტან ბლუაშვილი.

ზიკილიის მეჩეთი


'უჩინარი' მრავალფეროვნება - ახალციხის მეჩეთები [ფოტო]

ზიკილიის მეჩეთი

მწვანე ფერი სჭარბობს ზიკილიის მეჩეთშიც. საერთო სტილი დაცულია, თუმცა აივანი და კიბე მორღვეულია.

სალოცავი სოფლის შუაგულში დგას. შიგნით ხის მოჩუქურთმებული კარით შედიხარ და ორნამენტების სამყაროში ხვდები. ჭერზე ყვავილები და მცენარეები სჭარბობს, მთავარ კედელზე კი არაბული წარწერები იკითხება.

მეჩეთი უფუნქციოდ 1944 წლის შემდეგ დარჩა, როცა ამ სოფლიდან მუსლიმი მესხები გაასახლეს. ახლა აქ იმერეთიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. მეზობლები მეჩეთს სათავსოდ იყენებენ. „რამდენიმე დღის წინ აქ რომ ცხოვრობდნენ, იმ მუსლიმების შვილიშვილები იყვნენ მოსულები.

დაათვალიერეს, მოეწონათ თავიანთი წინაპრების სალოცავი. ისე, სხვებიც მოდიან ხოლმე და ათვალიერებენ“, - ამბობს ერთ-ერთი ზიკილიელი.

მუსლიმური მეჩეთის მოხატულობა, მისი ორნამენტები და ფიგურები, საერთო ფორმატში უნდა იყოს მოქცეული. მოხატულობამ არ უნდა გადაუხვიოს ისლამის წესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანული კულტურისგან განსხვავებით, კედლებზე სულიერი არსების გამოსახვა არ შეიძლება.

„ისლამის სწავლებით, არ შეიძლება რომელიმე ცხოველის სურათი ან ადამიანის პორტრეტი რომ დავხატოთ სალოცავში. ისლამის ფუძემდებლის, მუჰამედის პორტრეტიც არ გაგვაჩნია. მან აკრძალა ეს, რათა მის პორტრეტზე არ დაეწყოთ თაყვანისცემა ადამიანებს და არ გადაეხვიათ იმ გზისთვის, რომელსაც ერთი ღმერთის თაყვანისცემა ჰქვია“, - განმარტავს ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე.

საყუნეთის მეჩეთი


'უჩინარი' მრავალფეროვნება - ახალციხის მეჩეთები [ფოტო]

საყუნეთის ჯამე

ახალციხის სხვა მეჩეთებისგან განსხვავებით, სოფელ საყუნეთში მდებარე ჯამე, ყველაზე კარგად მოვლილია. მას გარე ვიზუალზეც ემჩნევა, რომ მუსლიმური სალოცავია. შიგნით გამოუყენებელი ნივთები არ გვხვდება, იატაკი შეძლებისამებრ დასუფთავებულია. კედლებსა და ჭერზე განსხვავებული ფერებია - უმეტესად ყვითელი.

ჭერის მთავარი გუმბათოვანი ნაწილი საერთო სტილშია მოხატული, თუმცა მხოლოდ აქ, ასეთივე, ოღონდ მცირე ზომის, მეორე გუმბათოვანი ნაწილიც ჩანს. ყვითელ აივანზე თეთრი ჩუქურთმები ირჩევა.

„მეჩეთი მხოლოდ გეომეტრიული ორნამენტებითა და მცენარეული დეკორითაა შემკული. ძირითადად ის მცენარეებია გამოსახული, რაც იმ სივრცეში არსებობდა“.

მისივე თქმით, მესხეთში არსებული მეჩეთების უმრავლესობა ერთ, სტანდარტულ სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა მათ თავისებურებაც ახასიათებთ: „ზოგან კედლებზე დახატულია საზამთრო და ფორთოხალი და ქვეშ ოსმალურად მიწერილი აქვს ყველა ხილს თავისი სახელი. როგორც უცხოელი მკვლევრები ამბობენ, მსგავსი მაგალითი სხვა ქვეყნის მეჩეთებში არ უნახავთ. ასევე, უხვად გვხვდება ვაზის გამოსახულება, თუმცა ყურძენს სახელი არ აქვს მიწერილი. ალბათ იმიტომ, რომ ეს ადგილობრივი ხილია. ასევე გვხვდება ორკაპიანი ხანჯლის -ზულფიკარისა და თოფის გამოსახულება ნაივური სტილით დახატული“.

ვალეს მეჩეთი


'უჩინარი' მრავალფეროვნება - ახალციხის მეჩეთები [ფოტო]

ვალეს მეჩეთი

დომინანტი ფერი მწვანეა, ინტერიერი კი გამორჩეული ჩუქურთმებით გაწყობილი. სალოცავი აქაც უფუნქციოა, სათავსოდ ქცეული. კედლები ღიაა და იატაკზე ჭერიდან ჩამოსული წყლით ალაგ-ალაგ დასველებული.

ვალის მეჩეთზეც, სხვების მსგავსად, ლაზ ოსტატებს უმუშავიათ. “ალი და მუსა ყოფილან, ლაზი ოსტატები. ხის მასალაზე მაგათ უმუშავიათ. გასულ წელს ექსპედიციის ჯგუფი იყო აქ და მაგათმა ასე თქვეს“, - ამბობენ ადგილობრივები.

იმას, რომ მესხეთში არსებულ მეჩეთებში ლაზი ოსტატები მუშაობდნენ, ჭელის მეჩეთის იმამიც ადასტურებს. ჯამბულ აბულაძის თქმით, საქართველოში ასეთი ოსტატები თითქმის არ იყვნენ: „ძალიან მიკვირს, მაგრამ ასეთი ხელობა არ ისწავლებოდა საქართველოში, იშვიათი შემთხვევებია, როცა ქართველი ხატავდა მეჩეთს. ამიტომაა, რომ ქართული დეტალების ნაკლებობაა მოხატულობაში“.

მკვლევარი ნესტან ბლუაშვილი ამბობს, რომ მესხეთში არსებულ ზოგიერთ მეჩეთსა და ქრისტიანულ ეკლესიებში იდენტური ორნამენტები გვხვდება: „ჩუქურთმები ძირითადად აღებულია შუა საუკუნეების ქართული ტაძრებიდან. მათი სხვადასხვა ვარიაცები გვხვდება, რომელიც ოსტატს თავისი გემოვნების მიხედვით აუწყვია. მაგალითად, ვალეს მეჩეთში არის ზუსტად ისეთივე ორნამენტი, როგორიც ნიკორწმინდის ტაძარში. ოთაში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, გვხვდება ისეთი ორნამენტი, როგორიც ოშკის ტაძარზეა და ა.შ.“.

'უჩინარი' მრავალფეროვნება - ახალციხის მეჩეთები [ფოტო]

ვალეს მეჩეთი

ბოლოს მესხეთში ადიგენის სოფელ ჭელის მეჩეთი მოიხატა. იმამი ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ ადგილზე ოსტატების არარსებობის გამო, მოხატვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა დაიწყო, ოღონდ თეოლოგების მითითებებით.

მისივე თქმით, სალოცავის მოხატვისას, მნიშვნელოვანია, რომ კედლები ძალიან ჭრელი არ იყოს. გასულ საუკუნეებში აგებული მეჩეთებისგან განსხვავებით, ჭელაში კედლებზე ყურანის აიათების ქართულ ენაზე დატანაც უნდათ.

„იყო მოსაზრება, რომ მოგვეწვია თურქეთიდან პროფესიონალი და ისე მოგვეხატა ჭელის მეჩეთი, მაგრამ ჩემი სურვილი არ იყო ეს. ვინც მოხატა, ის პიროვნება არ არის პროფესიონალი, ადგილობრივია, მხატვრობით გატაცებული. შემდეგ განვიხილეთ ეს თეოლოგებთან და დავიწყეთ მოხატვა. ახლა ვმუშაობთ, რომ ქართული წარწერებიც გავაკეთოთ, არაბული ტექსტის მნიშვნელობა რომ ჩანდეს და იქ მოსული ადამიანისთვის უფრო გასაგები იყოს“.

მესხეთში უფუნქციოდ დარჩენილი, ორმოცამდე მეჩეთია, მათგან 27-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ახალციხეში, ძეგლის სტატუსი ზიკილიის, საყუნეთის, მუგარეთის, წყორძის, კლდის, ფერსისა და ახალციხის მეჩეთებს აქვთ. ყველა მათგანმა სტატუსი 2012 წლის 20 მარტს მიიღო.

„სამცხე-ჯავახეთში დღეისათვის შემორჩენილი მეჩეთებიდან მხოლოდ ორია აშენებული ოსმალეთის ბატონობის დროს, ესენია: ახალციხის ჯამე და ახალქალაქის ციხეში არსებული ჯამე. დანარჩენი ოცდაათზე მეტი მეჩეთი, რომელთაგანაც ზოგის მხოლოდ ნანგრევიღა დარჩა, აიგო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, უმეტესად ნიკოლოზ მეორის დროს, ნაწილი კი საბჭოთა კავშირის არსებობის პირველ ნახევარში“, - ამბობს ბლუაშვილი.

მკვლევარი მიიჩნევს, რომ მეჩეთები მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენენ და მათი აღდგენა-რეაბილიტაცია ტურიზმის განვითარებასაც ხელს შეუწყობს: „ეს უნიკალური ძეგლები განადგურების პირასაა. სახელმწიფო კი არაფერს აკეთებს მათ გადასარჩენად. ვერ აღიქვამენ მათ კულტურულ და ისტორიულ ღირებულებას და ვერც ამ ძეგლების ტურისტულ პოტენციალს ხვდებიან. ახლა ვამზადებთ კატალოგს ამ მეჩეთების ორნამენტების შესახებ და უახლოეს მომავალში გამოვცემთ“.

2017 წელს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ახალციხის სოფელ საყუნეთისა და ასპინძის სოფელ ოთის მეჩეთების რეაბილიტაცია დააანონსა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

'უჩინარი' მრავალფეროვნება - ახალციხის მეჩეთები [ფოტო]
ვალეს მეჩეთი

'უჩინარი' მრავალფეროვნება - ახალციხის მეჩეთები [ფოტო]
ზიკილიის მეჩეთი

'უჩინარი' მრავალფეროვნება - ახალციხის მეჩეთები [ფოტო]
ზიკილიის მეჩეთი

'უჩინარი' მრავალფეროვნება - ახალციხის მეჩეთები [ფოტო]
ზიკილიის მეჩეთი

'უჩინარი' მრავალფეროვნება - ახალციხის მეჩეთები [ფოტო]
საყუნეთის ჯამე

'უჩინარი' მრავალფეროვნება - ახალციხის მეჩეთები [ფოტო]
საყუნეთის ჯამე

'უჩინარი' მრავალფეროვნება - ახალციხის მეჩეთები [ფოტო]
ფერსას მეჩეთი

'უჩინარი' მრავალფეროვნება - ახალციხის მეჩეთები [ფოტო]
ფერსას მეჩეთი

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მეჩეთების  ბედს სუს-ი წყვეტს, ძეგლთადაცვა ფორმალურად მუშაობს’ - მკვლევარი
‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - კატალოგში სამცხე-ჯავახეთის მეჩეთები შევიდა
‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება
ჭელას მეჩეთში სამხრეთის კედლის მოხატვა დასრულდა [ფოტო]
საყუნეთსა და ოთაში მეჩეთების რეაბილიტაცია იგეგმება
მკვლევარები: „არცერთი წყაროდან დასტურდება, რომ მოხეში მეჩეთის  ადგილას ნაეკლესიარი იყო“
სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video]