FM97.5 / LIVE

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სოფელმაც გარიყა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 18.06.2018
46 წლის ქალს, რომელსაც 25 წლის განმავლობაში ქმარი გამუდმებით სცემდა და ბოლოს ამის გამო პოლიციაში იჩივლა, თანასოფლელებმა აქცია მოუწყეს, შვილებმა კი საჩივრის გამოტანა აიძულეს. ახლა მაია ქმართან დაშორებულია, მაგრამ ხუთი შვილიდან ორმა მასთან ცხოვრებას მამასთან ცხოვრება არჩია, თანასოფლელების ნაწილი კი დღემდე არ ემეზობლება.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სოფელმაც გარიყა

მაია [სახელი შეცვლილია] სამცხე-ჯავახეთიდანაა, 21 წლის იყო, შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ მასთან ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ, დედის დაჟინებული მოთხოვნით, სხვაზე გათხოვდა: „დედა ხშირად მეუბნებოდა რომ შვილიშვილი უნდოდა, რომ მისი ტოლები უკვე ბებიები იყვნენ. მითხრა შენს შეყვარებულს თუ უყვარხარ, აქამდე წაგიყვანდა ცოლადო. მისი რჩევა გავითვალისწინე და სულ სხვაზე გავთხოვდი, მეორე ცოლად წავყევი“.

პირველად ქმარმა გათხოვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცემა: „ბორჯომის ერთ–ერთ სოფელში ვცხოვრობდით. ბიჭებთან ერთად ეზოში იდგა, დავუძახე, მინდოდა მეკითხა სად უნდა შემენახა ოქროს ბეჭედი. გაბრაზდა, როგორ გაბედე ბიჭებთან ერთად რომ ვიყავი და მაშინ დამიძახეო. მას შემდეგ ხშირად მცემდა. ისეთ ადგილებში მირტყამდა, რომ სილურჯე არ დამრჩენოდა. ერთხელ მაზლმაც დამარტყა. მალევე წამოვედით და დედაჩემის სახლში დავიწყეთ ცხოვრება“.

ქმართან 25 წელი იცხოვრა და ხუთი შვილი გააჩინა - ორი გოგო და სამი ბიჭი. უფროსი ახლა 23, უმცროსი კი 10 წლისაა. ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში ქმარი ხშირად სცემდა, სვამდა და კონფლიქტიც ამ დროს იწყებოდა: „ერთხელ ტალახიანი ფეხსაცმლით იწვა ლოგინზე, ვეცადე გამეხადა, საწოლთან მაგიდაზე ჩაის ჭიქა იდო, აიღო და თავზე დამაფშვნა, დღემდე მაქვს ნაიარევი, რამდენიმე ნაკერი დამადეს თავზე“.

მაია ამბობს, რომ ქმარი შვილებსაც ხშირად სცემდა. ერთხელ კი მის დედასაც დაარტყა: „ბაღში სათოხნად ვიყავი წასული, სახლში მარტო დედაჩემი იყო, მეგობრები მოუყვანია, გაბრაზებულა მე რომ არ დავხვდი და სუფრა ვერ გავუშალე და დედაჩემისთვის რკინის „კრუშკა“ ჩაურტყამს თვალში. რომ მოვედი, ხის ქვეშ იჯდა და თავსაფარი ჰქონდა სახეზე აფარებული“.

ძალადობის თითქმის ყველა შემთხვევა შვილების თვალწინ ხდებოდა. მიუხედავად ამისა, მაია ძალადობას წლები, მისი თქმით, ისევ შვილების გამო ითმენდა: „მთვრალი როცა იყო ვერაფერს ვამბობდი, რომ ფხიზლდებოდა მერე ველაპარაკებოდი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა“.

ქმართან თანაცხოვრების ყველაზე მძიმე შემთხვევა, შვილს, 19 წლის გოგონას ეხება. ეს მაიასთვის ყველაზე მძიმე თემაა: „ბოლო წლებში სხვადასხვა საწოლებში გვეძინა, ურთიერთობა არ გვქონდა. ჩემი ყოფილი ქმარი ხშირად იწვენდა ბავშვებს და ეფერებოდა. იმ დღეს უფროს გოგოს უთხრა, რომ მასთან დაწოლილიყო (მაშინ 19 წლის იყო). ცოტა ხანში ბავშვი აკანკალებული და ატირებული წამოხტა ლოგინიდან“.

ბოლოს ქმარმა 2017 წლის 2 მაისს სცემა. ამ დღეს გადაწყვიტა, რომ მასთან ცხოვრებას აღარ გააგრძელებდა: „დილა იყო, ვიწექი და ჩემს უფროს გოგოს ვწერდი წერილს, რომელიც ბიძამისთან იყო სტუმრად, ამ დროს დამინახა ჩემმა ქმარმა და გაგიჟდა, შენ ვიღაცას შიშველ ფოტოებს უგზავნიო. ტელეფონი შეამოწმა, ისევ მომიგდო და წავიდა. საღამოს ნასვამი დაბრუნდა და შვილების თვალწინ მცემა, ყველაფერი დაამტვრია, ტელევიზორიც გატეხა. ნაჯახს წამოავლო ხელი, ძლივს გამოვასწარი გარეთ, სახლში ვერ შევდიოდი. მეზობლებს დავურეკე დასახმარებლად, მაგრამ არავინ მომეკარა, გვეშინიაო. ქმარი ყვიროდა, შენით თუ არ მოიკლავ თავს, მე მოგკლავო“.

შეშინებულმა უმცროსი შვილი თან წაიყვანა და სახლიდან გაიქცა: „ვცდილობდი სწრაფად გავცლოდი სოფელს, მეშინოდა ჩემს ქმარს და მის ნათესავებს, რომლებიც მოვიდნენ, ჩემთვის არაფერი დაეშავებინათ. ქალაქში რომ ავედი, უბნის ინსპექტორს ყველაფერი მოვუყევი, მითხრეს ეს ისეთი ამბავია, შენ რომ არ იჩივლო, ჩვენ მაინც დავაკავებთო, მთელი სახე დასიებული მქონდა“.

ქმარი დააკავეს. თანასოფლელები და ნათესავები კი ამ ფაქტის გამო მაიას დაუპირისპირდნენ და სოფელში საპროტესტო აქცია გამართეს დაკავებულის გამოშვების მოთხოვნით. მაიამ მხარდაჭერა ვერც შვილებისგან მიიღო და მათი თხოვნით, პოლიციიდან საჩივარი უკან გამოიტანა: „უფროსი გოგო გათხოვილია, ამ ყველაფერის გამო იმდენი ინერვიულა, ფეხმძიმედ იყო და ბავშვი დაკარგა. მამიდამისმა თმით ითრია, მამიდაშვილმა კი დაარტყა, როგორ გაბედეთ მამათქვენის დაჭერაო. მულის შვილი მემუქრებოდა, იძულებული გავხდი, ჩემს შვილების ხათრით გავაკეთე. უფროს ბიჭსაც უნდოდა, რომ მამამისი ციხიდან გამოსულიყო“.

მაია ქმარს აღარ შერიგებია. ქმარი თბილისში წავიდა, თვითონ სოფელში დარჩა, დედის სახლში, იქ სადაც ქმართან ერთად ცხოვრობდა. ხუთი შვილიდან ერთი გათხოვილია, ორი მამასთან წავიდა, ორი კი მასტან დარჩა: „თავიდან მეშინოდა, ახლა მშვიდად ვარ, აღარ მეშინია, რომ საღამოს მოვა და მცემს. ცუდი ისაა, რომ ჩემი ორი შვილი მასთან წავიდა საცხოვრებლად, ასე გადაწყვიტეს. არ მოსწონდათ სახლში სუპს, მაკარონს და ბორშს რომ ვაკეთებდი, უკეთესი ცხოვრება უნდოდათ“.

ახლა თავს გაჭირვებით ირჩენს. სასამართლომ ყოფილ ქმარს არასრულწლოვანი შვილისთვის ალიმენტის გადახდა დააკისრა, მაგრამ, მაია ამბობს, რომ არ იხდის: „მხოლოდ ორი თვის გადაიხადა. ოთხი თვეა ერთი თეთრიც არ დაურიცხავს. უფროსი შვილი ძროხებს მწყემსავს, ხერხზე მუშაობს. მეც ვცდილობ რომ ოჯახში ფული შემოვიტანო, 300 ლარის ფხალი გავყიდე ამ სეზონზე. პატარაც კი ცდილობს, ისიც „ნახირში" დადის ხოლმე“.

მაია სოფელმაც გარიყა. თანასოფლელების უმეტესობა მას ადანაშაულებს. აქციაზე, სადაც მაიას ქმრის გათავისუფლებას ითხოვდნენ, შარშან ჟენიაც იდგა. იგი დღემდე დარწმუნებულია, რომ მაიას ქმარი სასჯელს არ იმსახურებდა: „არ იყო ცუდი ბიჭი, მეზობლებისთვის კარგი იყო. მაია ზარმაცი ქალია, დილით რომ ადგები, ხუთი შვილი სკოლაშია წასასვლელი და შენ ყავაზე მიდიხარ, როგორ შეიძლება?! ადის–ჩადის ქალაქში, ამ ბავშვებს არ შიათ, არ წყურიათ?! არ მიეყვანა ქმარი ამ მდგომარეობამდე. იადონი ქმარი არავის ჰყავს, მე ერთი დღე არ გამაჩერებდა ჩემი ქმარი სახლში, მაგნაირი რომ ვიყო. სულ ტელეფონი უჭირავს ხელში და მესიჯობს. არ გააკეთა კარგი, ცოტა მოეთმინა“.

„შვილებსაც ავიწროებდა, ბევრ რამეს უკრძალავდა, ხშირად სვამდა. ჩემი შვილის ტოლები არიან მათი შვილები და მათთან ხშირად უთქვამთ. მიუხედავად ამისა, ერთი გოგო მამასთან წავიდა საცხოვრებლად. ვერ გეტყვით, ვერ გაიგებ რა ხდება სხვის ოჯახში“, - გვეუბნება კიდეც ერთი თანასოფლელი, თუმცა ისიც ფიქრობს, რომ მაიამ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო, - „მეც ბევრჯერ მითქვამს ქმრისთვის, გიჩივლებ-მეთქი, მაგრამ არ მიჩივლია. როცა წასასვლელი არსად გაქვს, არ უნდა იჩივლო და გაჩუმდე. მაგას გაუმართლა, თავისი სახლი იყო და ქმარი გააგდო. მე მაინც ვფიქრობ, გაბრაზებულ გულზე არ უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება“.

ცოტანი, მაგრამ, სოფელში არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ მაიას გადაწყვეტილება სწორი იყო. „თუ ქმარი გცემს, ამაზე ხმამაღლაც უნდა ისაუბრო და იჩივლო კიდეც“, - ამბობენ ისინი.

„სამხრეთის კარიბჭემ“ მაიას ქმართან დაკავშირება ვერ შეძლო. როგორც მისი ახლობლები გვიხსნიან, მას შემდეგ რაც ის სოფლიდან წავიდა, ტელეფონის ნომერი შეცვალა და მასთან კონტაქტი აღარ აქვთ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როცა წასასვლელი არსად გაქვს - ‘ჩვენთან ამბობენ, თუ ქმარი გირტყამს, უყვარხარო’
‘მამის შემდეგ ჩემზე ძალადობა ქმარმა განაგრძო’– მსხვერპლი
‘შვილების გამო  იტანს’  –  ახალციხეში ქმარმა ცოლზე იძალადა
‘როცა თოჯინებით თამაში მინდოდა,  უკვე შვილი მყავდა’ - ორი ამბავი ნაადრევ და იძულებით ქორწინებაზე
'ზამთრის' ცოლები
როცა ხუთი შვილის დედა ხარ
‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]