FM97.5 / LIVE

წინასაარჩევნო სამზადისი და პარტიაშეცვლილი აქტივისტები ახალციხეში

მთავარიპოლიტიკა 09.09.2013
პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო შტაბები ახალციხეში; „ოცნებიდან“ ბურჯანაძის პარტიაში გადასული აქტივისტები და „პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე შემცირებული „ნაციონალების“ მხარდამჭერები“;

წინასაარჩევნო სამზადისი და პარტიაშეცვლილი აქტივისტები ახალციხეში
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება. პრეზიდენტობის კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს. ახალციხეში ამ ეტაპზე ოფიციალურად „ქართული ოცნებისა“ და „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოს“ შტაბებია გახსნილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბი კი ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია.

გამგებლის მოადგილე და მრჩეველი „ოცნების“ შტაბში

„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბი ოფიცილაურად 27 აგვისტოს გაიხსნა. შტაბის უფროსად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მალხაზ ჟუჟუნაძე, აქტივის კოორდინატორად კი გამგებლის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში გოჩა პარუნაშვილი დაინიშნენ. ორივე მათგანი სამსახურიდან შვებულებაში იმყოფება. ამბობენ, რომ შტაბის ხელმძღვანელებად მათი დანიშვნა კოალიციის ცენტრალურ ოფისში გადაწყდა.

ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბში რვა ძირითადი წევრია. შეხვედრების კოორდიანატორი „კონსერვატიული პარტიის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე უჩა კახნიშვილია, ახალგაზრდულ ფრთას ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარე ზვიად ნადირაძე ხელმძღვანელობს, რომელიც „რესპუბლიკურ პარტიას“ წარმოაგდენს.

„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის საარჩევნო სპეციალისტი ნინო მიქაბერიძეა, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობდა. იურისტი შალვა გოგოლაძე „თავისუფალი დემოკრატებიდანაა“, ლოჯისტიკის კოორდინატორი ციცინო ზედგინიძე, ოფის-მენეჯერი კი ნანა თარხნიშვილია.

წინასაარჩევნო სამზადისი და პარტიაშეცვლილი აქტივისტები ახალციხეში

„აქამდე არჩევნებში აქტიურად არ ვყოფილვარ ჩართული. ორი წლის განმავლობაში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ვიყავი, ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებაში საკმაო გამოცდილება მაქვს და ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავს გავართმევ“, - ამბობს ზვიადი ნადირაძე.

„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბში ამბობენ, რომ წინა მთავრობის პოლიტიკას არ ატარებენ და წარსული გამოცდილების მიუხედავად ხელს არავის კრავენ.

„ცენტრალური შტაბიდან ასეთი დავალება გვაქვს, რომ ხელი არავის ვკრათ, თავგადაკლული „ნაციონალიც“ რომ იყოს, ჩვენ ყველასთან ვაგრძელებთ ურთიერთობას. თუმცა, ადამიანთან, რომელიც ორმაგ თამაშს თამაშობს, ვერანაირ გარიგებებში ვერ წავალთ. ჩვენი სტრატეგიაა, მოვახდინოთ მოსახლეობის კონსოლიდაცია და არა ის, რასაც წინა ხელისუფლება ატარებდა, რომ ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია“, - ამბობს მალხაზ ჟუჟუნაძე.

„ოცნების“ ყოფილი წევრები ბურჯანაძის შტაბში

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის შტაბი ოფიციალურად 2 სექტემბერს გაიხსნა. შტაბის უფროსად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ყოფილი უფროსი გაგა ივანიძე დაინიშნა.

ივანიძე გამგეობაში 2010 წლის თებერვლიდან 2013 წლის მაისის ჩათვლით მუშაობდა. მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან კი დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამბობს, რომ სამსახურიდან წამოსვლა ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გადაწყვიტა.

„ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გამგეობაში ისეთი ხალხი მოვიდა, ვისთან ერთადაც გამართულად ვერ ვიმუშავებდი, მითუმეტეს, რომ ერთ-ერთი წამყვანი დარგი მებარა. ვერ ავუბი მხარი იმ მეთოდებს, რითაც ახალი ხელისუფლება ხელმძღვანელობდა, აქედან გამომდინარე, ჩავთვალე საჭიროდ, რომ გვერდზე უნდა გამვდგარიყავი. გარდა ამისა, პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნია და იმ ტემპში ვერ ვიმუშავებდი. თუნდაც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ავიღოთ, გასულ წლებში ივლის-აგვისტოში უკვე დამთავრებული იყო, წელს კი ახლა იწყებენ“, - ამბობს გაგა ივანიძე და ამატებს, რომ აქამდე საარჩევნო პროცესებში აქტიური მონაწილეობა არასდროს მიუღია.

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველო“ ახალციხის შტაბში ძირითადად კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები არიან, რომლებიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდნენ. მათი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა.

წინასაარჩევნო სამზადისი და პარტიაშეცვლილი აქტივისტები ახალციხეში

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი და ორი ყრილობის დელეგატი. ჩვენ როგორც გვეგონა, ხალხს, რომლებიც ვიბრძოდით იმისთვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ის უსახელო რეჟიმი, ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა, სამართლიანობა არ აღდგა, ისევ ის სახეები რჩებიან ხელისუფლებაში, ისევ ის ჩანერგილები მოსკუპდნენ თანამდებობებზე, რომლებიც იყვნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“, - ამბობს „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონის შტაბების კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაური.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ახალციხის ახლანდელი შტაბი „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ქვედანაყოფია“ და კოალიციაში ის წევრები აღარ არიან, ვინც საპარლამენტო არჩევნების დროს გამარჯვებისთვის ნამდვილად იბრძოდა.
„ვინც მართლა „ქართული ოცნების“ წევრი იყო და ნამდვილად იბრძოდა, ისინი ისევ ჩვენს გვერდით დგანან. თუნდაც იგივე, ძველი შტაბის უფროსი ელვარდი ზაზაძე. ახლა ვინც „ოცნებაშია“, ჩვენთან ერთად ისინი წინა არჩევნებზე საერთოდ არ ყოფილან. არჩევნები რომ წაგვეგო, ზოგი ჩვენგანი ციხეში იქნებოდა, ზოგი სად ღმერთმა იცის, ეგენი ისევ მოსკუპებულები იქნებოდნენ სამსახურებში და ხმას არავინ გასცემდა.“, - ამბობს ჯიმშერ გოგოლაური.

„ქართული ოცნების“ წევრი იყო მერი გოგოლაურიც, რომელიც ახლა „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის შტაბში იურისტია. ბურჯანაძის მხარდამჭერთა გუნდში გადასვლას იმით ხსნის, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მისი მოლოდინები არ გამართლდა, ახლა კი ქვეყნის საუკეთესო მომავალს ნინო ბურჯანაძის პრეზიდენტობის შემთხვევაში ხედავს.
„წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ვიყავი და არაფრის შემშინებია. ძალიან კარგი ფაქტი მოხდა, რომ „ნაციონალები“ დამარცხდნენ და ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა. იმედი გვქონდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგებოდა, მაგრამ ეს ვერ დავინახეთ. შევხედე, რომ ქალბატონი ნინოს მიერ არჩეული გზა ერთადერთი სწორი, სამართლიანი გზაა, აქ ვხედავ ქვეყნის გადარჩენის იმედსაც“, - ამბობს მერი გოგოლაური.

მალხაზ გიქოშვილი: „ნაციონალების“ მხარდამჭერთა რიცხვი შემცირდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბი ახალციხეში საბოლოოდ ჯერ არ დაკომპლექტებულა. შტაბის უფროსის მალხაზ გიქოშვილის თქმით, სექტემბრის შუა რიცხვებში მუნიციპალიტეტში დავით ბაქრაძე ჩამოვა და აქტიურ წინასაარჩევნო მუშაობას დაიწყებენ.

წინასაარჩევნო სამზადისი და პარტიაშეცვლილი აქტივისტები ახალციხეში

„პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ცხადია ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი შემცირდა. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებსაც სულ მთავრობაში ყოფნა სურთ. მაგრამ სულ მთავრობაში ვერ იქნები, არ არსებობს, ხან ოპოზიციაში უნდა იყო, ხან პოზიციაში. მთავარია კარგი საქმე აკეთო და არ არის აუცილებელი მთავრობაში იყო“, - ამბობს მალხაზ გიქოშვილი.

მოლოდინები

„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბში დარწმუნებულები არიან, რომ 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში „ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს.

„დღესაც არსებობს ის გარეშე ძალები, რასაც მერაბიშვილის კუდი ჰქვია. გრძნობენ, რომ მათი ბედი უკვე განწირულია, საბოლოოდ გადატყდებიან ამ არჩევნების შემდგომ და სხვადასხვა ბინძური მეთოდებით ცდილობენ იერიშს. სამწუხაროა, რომ სხვადასხვა ორგანოების წარმომადგენლები ასრულებენ მათ დავალებებს. დამიჯერეთ, რომ არჩევნების შემდგომ შავიც და თეთრიც გაირკვევა და დამთავრდება კოჰაბიტაცია, როგორც ამას ჩვენი მომავალი პრეზიდენტი ამბობს“, - ამბობს გოჩა პარუნაშვილი.
გამარჯვების იმედი აქვთ ნინო ბურჯანაძის მომხრეებსაც. ახალციხის შტაბში ამბობენ, რომ ერთადერთი რეალური კანდიდატი ნინო ბურჯანაძეა.

„მარგველაშვილი კარგი პიროვნებაა, საქმის პროფესიონალი, მაგრამ პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვს. ნინო ბურჯანაძე კი ის ადამიანია, რომელსაც გამოცდილება აქვს, დიდი პოლიტიკოსია და მთელი მსოფლიო იცნობს. ერთ-ერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია საქართველო დააყენოს სწორ გზაზე. იმედი გვაქვს, რომ ნინო ბურჯანაძე გახდება პრეზიდენტი“, - ამბობს ჯიმშერ გოგოლაური.

მალხაზ გიქოშვილს პროგნოზის გაკეთება უჭირს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში.

„საერთოდ ოპტიმისტი ვარ. აბსოლუტურად ყველა კანდიდატს დიდ პატივს ვცემთ და თანასწორ კონკურენტად აღვიქვამთ. ძნელი საპროგნოზოა, რა მოხდება არჩევნებში. ვეცდებით, რომ ჩვენი კანდიდატის პროგრამა მოსახლეობას გავაცნოთ, ავუხსნათ სიტუაცია და დანარჩენი ხალხის გადასაწყვეტია“, -ამბობს მალხაზ გიქოშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგებლის მოადგილემ და მრჩეველმა "ოცნების" შტაბში გადაინაცვლეს
ბურჯანაძის შტაბი პლაკატების ჩამოხევაში „ოცნებას“ ადანაშაულებს
"დემოკრატიული მოძრაობისა" და "ოცნების" შტაბების ურთიერთბრალდებები
'ოცნების' ახალციხის შტაბი: 90-იანი წლების შემდეგ ასეთი არჩევნები არ ჩატარებულა
"ოცნების" ახალციხის შტაბში კოორდინატორებზე ზეწოლას უარყოფენ
ახალციხეში პოლიტიკურმა პარტიებმა ტაიმაუტი აიღეს
კომისიის წევრები არჩევნებისთვის ემზადებიან (R)