FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრის მმართველს კარის აჭედვით ემუქრებიან

მთავარი 09.09.2013
გაფლანგული თანხები და სულუაშვილების ოჯახს გადაყოლილი მესხეთის თეატრი თუ ბინძური კამპანია ხელმძღვანელის მისამართით; რატომ ემუქრება 19-წლიანი მმართველობის შემდეგ დასის დიდი ნაწილი სულუაშვილს თეატრის კარის აჭედვით და რატომ გაახსენდათ მსახიობებს ახლა აქვს თუ არა მათ მმართველს უმაღლესის დიპლომი;

მესხეთის თეატრის მმართველს კარის აჭედვით ემუქრებიან
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურაზე კულტურის სამინისტროში დასმა რეჟისორი თამაზ იმნაძე წარადგინა, სამინისტროს შვიდკაციანი კომისიიდან კი ხმების უმრავლესობა თეატრალური უნივერსიტეტიდან წარდგენილმა, თეატრის ამჟამინდელმა მმართველმა ლია სულუაშვილმა მიიღო.

ვის უჭერს მხარს დასი

თამაზ იმნაძე მესხეთის თეატრთან 2001-2011 წლებში თანამშრომლობდა და მას აქ ხუთზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული. დასის 20-მდე წევრიდან მას რეკომენდაციაზე ხელი 16-მა მოუწერა. ამავე რაოდენობამ ხელმოწერით დაუდასტურა მხარდაჭერა კულტურის სამინისტროში წარსადგენ დოკუმენტზეც.

„წლების განმავლობაში ვითხოვდით სამხატვრო ხელმძღვანელს, რადგან შემოქმედებით მხარეს სხვაგვარი მიხედვა სჭირდება. თამაზი ახალგაზრდა, ნიჭიერი კაცია, ინოვატორია, მისი ინიციატივით გაკეთდა მცირე დარბაზი ჩვენთან, დაიდგა არა ერთი სპექტაკლი და ამიტომ ვუჭერთ მხარს, - ამბობს მესხეთის თეატრის მსახიობი მარინა გოგოლაძე და ამატებს, რომ იგი აფასებს ლია სულუაშვილის დამსახურებასაც, - უმადურობა და ბოროტება იქნება თქვა, რომ ლიას თეატრში არაფერი გაუკეთებია. ამით ჩვენ არავისთან დაპირისპირება არ გვინდა“.

იმის შესახებ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა ლია სულუაშვილსაც სურდა, რომელიც თითქმის ორი ათეული წელია ამავე თეატრის მმართველი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და ვერიკო ანჯაფარიძის პრემიის ლაურიატია, მესხეთის თეატრში ბოლო დღემდე არაფერი იცოდნენ.

აქვს თუ არა სულუაშვილს დიპლომი

„ბოლო წუთამდე იმიტომ არ ეუბნებოდა ამის შესახებ დასს, რომ იცოდა ერთი ამბავი ატყდებოდა და მხარს არავინ დაუჭერდა. ბოლო დღეს სულუაშვილი სამინისტროში თეატრალურმა უნივერსიტეტმა წარადგინა, თუმცა, მას ეს სასწავლებელი არ დაუმთავრებია და საერთოდ, სულუაშვილს უმაღლესის დიპლომიც არ აქვს“, - აცხადებს იმნაძე.

სულუაშვილს რომ უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვს, ამის შესახებ მსახიობებიც საუბრობენ.

„როგორ მივიდა თეატრალურ უნივერსიტეტში და რეკომენდაცია ითხოვა, ვერ ვხვდები, მაშინ როცა 10 საათიც კი არ გაუტარებია ამ სასწავლებელში, - ამბობს მესხეთის თეატრის მსახიობი რაულ ბარბაქაძე, რომელიც თეატრში თითქმის ოთხი ათეული წელია მუშაობს, - ახლა ვნანობ, რომ 1994 წლის ოქტომბერში მას რეკომენდაცია მივეცი მმართველი გამხდარიყო“.

კითხვაზე, თუ რატომ წარსდგა სულუაშვილი სამინისტროში თეატრალური უნივერსიტეტიდან და არა მესხეთის თეატრიდან, თეატრის მმართველი ლია სულუაშვილი გვპასუხობს: „ორგანიზაციას აქვს უფლება კანდიდატი წარადგინოს და არა დასს“.

რაც შეეხება რეჟისორის დიპლომს, სულუაშვილი გვიდასტურებს, რომ მას დიპლომი ნამდვილად არ აქვს: „მერე რა?! სამაგიეროდ იმხელა გამოცდილება მაქვს... თან მოთხოვნაა, რომ უნდა გქოდნეს გამოცდილება არა ნაკლები 5 წლისა“.

მისი თქმით, იგი სარეჟისორო განყოფილებაზე გიგა ლორთქიფანიძის კლასში სწავლობდა: „მაგრამ მოვყევი ისეთ 45 კაცში, რომელიც თურმე კანონდარღვევთ ყოფილა შექმნილი, ამიტომ უნარები უნდა ჩამებარებინა, თავიდან უნდა მესწავლა. ხელოვნებაში მთავარი დიპლომი კი არაა, ნიჭია“.

მოატყუა თუ არა იმნაძემ მსახიობები

მსახიობები, რომლებიც იმნაძეს უჭერენ მხარს, ამბობენ, რომ მის რეკომენდაციასა და წარდგენაზე ხელი მხოლოდ სამმა მსახიობმა არ მოაწერა, აქედან ერთ-ერთი ლია სულუაშვილის შვილიშვილი ლია გოგიძეა, მეორე მანუჩარ გოგოლაური, მესამე კი ვაჟა ნიკოლაშვილი გახლავთ. ეს უკანასკნელი ერთადერთია, რომელსაც საკუთარი პოზიცია არც იმნაძის და არც სულუაშვილის სასარგებლოდ არ დაუფიქსირებია.
გოგოლაური აცხადებს, რომ მისი კოლეგები იმნაძემ შეცდომაში შეიყვანა.

„მათი ნაწილი ამბობს, რომ არ ახსუნეს რაზე აწერდნენ ხელს. მსახიობებს ეგონათ, თამაზს თეატრში რეჟისორად, და არა სამხატვრო ხელმძღვანელად სურდა მოსვლა, რაც სულუაშვილის ჩანაცვლებას გულისხმობდა. კანონში შესული ცვლილების შესახებ მსახიობების ნაწილმა არ იცოდა, - ამბობს გოგოლაური და ამატებს, რომ ხელმოწერების შეგროვება არამართებულად მიაჩნია, რადგან იმას თუ ვინ იქნება სამხატვრო ხელმძღვანელი, კულტურის სამინისტროში შექმნილი შვიდკაციანი კომისია განსაზღვრავს და არა ხელმომწერთა რაოდენობა.

მესხეთის თეატრის მმართველს კარის აჭედვით ემუქრებიანმსახიობებს რომ ხელი იმნაძის რეკომენდაციაზე მოტყუებით მოაწერინეს, ამაზე სულუშვილიც საუბრობს: „კონკურსი, რომ გამოცხადდა ბოლო დღემდე არ შემქონდა განაცხადი. ვფიქრობდი, მე ისევ დირექტორი ვიქნებოდი და სამხატვრო ხელმძღვანელი სხვა, უფრო კომპეტენტური კანდიდატი გვეყოლებოდა, რომელიც მისაღები იქნებოდა თეატრისთვის. მაგრამ ჭორი გავიგე, რომ იმნაძე ცუდი გზით მოდიოდა და ეს ადამიანურად ძალიან მეწყინა. როცა თეატრში მქონდა წარმატებები და არა ერთი გამარჯვება, ელემენტარულად ღირსი ვიყავი, რომ ამის შესახებ მცოდნოდა“.

მსახიობი მარინა გოგოლაძე, რომელმაც იმნაძის რეკომენდაციასა და წარდგენას ხელი მოაწერა, მიიჩნევს, რომ განცხადება იმის შესახებ, თითქოს არ იცოდნენ მსახიობებმა ხელს რაზე აწერდნენ, შეურაცხმყოფელია: „45 წლის ქალს მასწავლიან რაზე მოვაწერო ხელი და რაზე არაა?! თანაც ორ სხვადასხვა დოკუმენტს მოვაწერე ხელი შეცდომით?! არ ვიცი ჩვენი შეცდომაში შეყვანის შესახებ ინფორმაციას ვინ ავრცელებს!“

მისი თქმით, იმნაძემ დასს 4-წლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო და მსახიობებმა ხელისმოწერის გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღეს: „თეატრის ძირითადი ბირთვი ფიქრობს, რომ კარგი არჩევანი გააკეთა“.

გოგოლაძის მოსაზრებას იზიარებს იმნაძე.

„თეატრში ნამუშევარმა არტისტმა არ იცის რაზე აწერს ხელს?! ერთი და იგივე რაოდენობის ხალხის ხელმოწერა ორჯერ გაკეთდა, მიმართვაზე და წარდგენაზე. დასის 16 წევრი მიჭერს მხარს. ძალით ხდება ჩარევა თეატრის საქმიანობასა და მისი მომავლის გაადაწყვეტაში“, - აცხადებს იმნაძე.

ბრალდებები სულუაშვილის მისამართით

მსახიობები აცხადებენ, რომ სულუაშვილის 20-წლიანი მმართველობის პერიოდში ძალიან ბევრი კითხვა და უკმაყოფილება დაგროვდა.
„შემოქმედების თვალსაზრისით მისი საწინააღმდეგო არაფერ გვაქვს, მაგრამ ფინანსების კუთხით ბევრი რამ ბუნდოვანია. ამბობდა არ მაქვს შტატი, არ არის ფული, მერე კი აღმოჩნდებოდა რომ ვიღაცეებისთვის ერთიც იყო და მეორეც“, - ამბობს მესხეთის თეატრის მსახიობი მანანა ბერიძე.

მისი განცხადებით, თეატრში რაღაც შტატები გაბერილია: „არავის არ ვებრძვი, მაგრამ თუ უნდა იყოს იურისტის და მებაღის შტატი, ვფიქრობ, მაშინ გრიმიორის და რეჟისორის შტატიც აუცილებლად უნდა არსებობდეს, მით უფრო, როცა სახელმწიფო თეატრი გქვია“.

ბერიძის თქმით, ფინანსური თვალსაზრისით ბევრი რამ გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, ამ ყველაფერს ასეთი დასასრული არ ექნებოდა: „იყო წლები, როცა ზამთარში გაჩერებული ვიყავით და ხელფასს არ ვღებულობდით. ეს კი კითხვის ნიშნებს ბადებდა: თუ კულტურის სამინისტრო მიხდის ხელფასს, ხომ უნდა ვიცოდე, რომ ის ხელფასს იანვარშიც მომცემს და ივნისშიც?!“

ის, რომ წლების განმავლობაში, ზამთარში, თეატრის მსახიობები ხელფასს არ ღებულობდნენ, იმნაძის თქმით, აღმოჩენა იყო კულტურის სამინისტროსთვისაც: „სამინისტრო თეატრს ერთი წლის ფულს ურიცხავდა, სულუაშვილი კი თანამშრომლებს, გარდა 3-4 კაცისა და მათ შორის ერთ-ერთი თავად გახლდათ, უხელფასო შვებულებაში უშვებდა. სამინისტროშიც დაინტერესდნენ თუ სად წავიდა დარჩენილი ფული“.
არტისტებს სულუაშვილთან, როგორც მსახიობთან, პრეტენზია არ აქვთ. თუმცა, ფიქრობენ, რომ მან როგორც მმართველმა, საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა.

„19 წელი საკმარისია, რომ ამოწურო რესურსები. გადაყოლილია თავის ოჯახს. თეატრისთვის არაფერი გაუკეთებია. ამიტომ თეატრში მას მხარი არავინ დაუჭირა. როცა არ უნდიხარ 95 პროცენტს, თავი უნდა დაანებო. იმდენი რამ ვიცი სულუაშვილზე, ხმა რომ ამოვიღო დაიჭერენ“, - ამბობს რაულ ბარბაქაძე.

მისი თქმით, სულუაშვილი ერთპიროვნული მმართველი და დიქტატორია: „გაყარა მსახიობები თეატრიდან. ჩემი მეუღე, იზო ოქრომელიძე, ზაზაძე, ხათუნა ლომიძე, გულადი კოხრეიძე. ხელს რომ ვაწერდით იმნაძის მმართველობაზე, ხელს ყოფნა-არყოფნაზე ვაწერდით. თქვენ არ იცით, როგორ ფეხის ბაკუნით გვემუქრებოდა, გაგყრით თეატრიდანო. სულუაშვილები შთამომავლობით უნდა იყვნენ თეატრში?! ჯერ ლია, შემდეგ მისი შვილი, მერე მისი შვილიშვილი.... უკაცრავად, მაგრამ ბაგრატიონები არიან?!“

როგორ „ანაწილებს“ სულუაშვილი თანხებს

მსახიობი, რომელიც პრესასთან ვინაობას არ ამჟღავნებს, ამბობს, რომ სულუაშვილი თბილისიდან მოწვეულ მსახიობს ლია გოგიძეს, რომელიც მისი შვილიშვილია და თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობს, ერთ სპექტაკლზე 150 ლარს უწერს, სხვა თბილისიდან მოწვეულებს კი 50-60 ლარს უხდის: „გადაამოწმეთ რამდენს უხდის სულუაშვილი თავის შვილს, კახა გოგიძეს, როცა მას თბილისიდან როგორც რეჟისორს სპექტაკლის დასადგმელად იწვევს და რამდენს აძლევს სხვა მოწვეულ რეჟისორებს“.

ინკოგნიტო მსახიობის თქმით, ხშირად, როცა თეატრს სოფლებში სპექტაკლი მიაქვს, დასს თან სულუაშვილიც მიყვება: „არადა მისი წამოსვლა აუცილებელი არაა, ჩვენ უნდა გამოგვყვეს ადმინისტრატორი. მაგრამ იქ თუ დავუშვათ სკოლაში გაყიდული ბილეთების თანხა არის 100 ლარი, სულუაშვილი 50 აჩვენებს და სად მიდის დანარჩენი 50, არავინ იცის“.

მისივე განცხადებით, სულუაშვილი მიყვება მხატვრებს თან, როცა ისინი სპექტაკლისთვის საჭირო მასალის შესაძენად მიდიან: „თეატრს ჰყავს სადადგმო ნაწილის გამგე. სწორედ ისაა ვალდებული გააკეთოს ხარჯთაღიცხვა და იყიდოს საჭირო მასალა მხატვრებთან ერთად. რეალურად ლიას გამოაქვს თანხა , მხატვრებთან ერთად მიდის ლილოს ბაზრობაზე და იქ რა ხდება, არავინ იცის“.

მანუჩარ გოგოლაური: „სულუაშვილი წარმატებული მმართველია“

არ ეთანხმება კოლეგებს მანუჩარ გოგოლაური და აცხადებს, რომ მას თეატრში უსამართლობის განცდა არასდროს ჰქონია: „თეატრი რა დაფინანსებასაც იღებდა, მაქსიმალურად სწორად იყო განაწილებული თანამშრომლებზე. ერთადერთი ის იყო, რომ სულუაშვილის კეთილი ნებით, ის მსახიობები, რომლებიც ნაკლებად დატვირთულები იყვნენ, ხელფასს მაინც ღებულობდნენ. ეს იმიტომ, რომ მშივრები არ დარჩენილიყვნენ. არ ვფიქრობ, რომ ეს უსამართლობა იყო“.

გოგოლაური მიიჩნევს, რომ სულუაშვილი მომავალშიც წარმატებული მმართველი იქნება: „17 წლიანი მუშაობიდან გამომდინარე , მჯერა, რომ თუ სულუაშვილი იქნება მმართველი, მაშინ თეატრი წინ წავა. რაც შეეხება ფინანსურ დარღვევებს, ამისთვის არსებობს შესაბამისი ორგანოები და მათი კომპეტენციაა შეისწავლონ, ჰქონდა თუ არა ადგილი თეატრში ასეთ ქმედებებს. მანამდე არავის აქვს უფლება განაცხადოს, რომ იქ რაღაცა დარღვევა იყო“.

მესხეთის თეატრის მმართველს კარის აჭედვით ემუქრებიანბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს სულუაშვილი: „რატომ დაიწყეს ასეთი ჭუჭყიანი გზებით ბრძოლა არ ვიცი. ებრძოლონ სამინისტროს გადაწყვეტილებას, მე რა შუაში ვარ?! ის მსახიობები, კი რომლებიც ჩივიან, რომ დაბალი ხლეფასები აქვთ, ყველაზე მაღალ ანაზღაურებას ღებულობენ და შემდგომშიც უფრო მეტი ექნებათ, რადგან ვიბრძოლებ იმისთვის, რომ მეტი თანხა გამოიყოს მესხეთის თეატრისთვის“.

რეჟისორი ხელფასზე და არა ჰონორარებით

მესხეთის თეატრის მსახიობები მიიჩნევენ, რომ რეჟისორმა ხელფასზე უნდა იმუშაოს და არა მხოლოდ მაღალი ჰონორარების გადახდის შემთხვევაში დადგას სპექტაკლი.

იმნაძის განცხადებით, თუ ის იქნება სამხატვრო ხელძმღვანელი წელიწადში 8 სპექტაკლიდან 8-ვეს ხელფასზე მომუშავე რეჟისორი დადგამს. იგი ასეთი რეჟისორების მოწვევას თბილისიდან გეგმავს: „მაღალი ჰონორარებით 2 კვირაში გაკეთებული სპექტაკლები უნდა მოისპოს, ასე მესხეთის თეატრში არა ერთი წარმოდგენა იდგმებოდა“.

მსახიობებს იმნაძის 4-წლიან გეგმაში ყველაზე მეტად ის მოეწონათ, რომ იგი ერთპიროვნულ მმართველობას არ აპირებს.
„თეატრში შეიქმნება სამხატვრო საბჭო, 7 ან 9 წევრის შემადგენლობით და გადაწყვეტილებების მიღებისას ყველას მოსაზრება გათვალისწინებული იქნება“, - ამბობს მარინა გოგოლაძე.

„ჩვენ გადაფურთხებულს აღარ ავლოკავთ“

მესხეთის თეატრი ამჟამად შვებულებაშია და მუშაობას 16 სექტემბრიდან განაახლებს. თუმცა, მანამდე, სანამ კულტურის სამინსიტრო მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, მსახიობები მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებს გამართავენ.
„ჩვენ ჩვენ გადაფურთხებულს აღარ ავლოკავთ! აქციებს გავმართავთ. თუ არ გაჩერდებიან, პროკურატურა ჩაერევა მათ საქმიანობაში, რადგან სულუაშვილს ძალიან დიდი დარღვევები აქვს. და თუ ყველაფერი ისე არ იქნება როგორც ჩვენ გვინდა, სულუაშვილს კარსაც ავუჭედავთ“, - აცხადებს ბარბაქაძე.

ბრძოლა ღია წერილებით

თეატრის მსახიობების განმარტებით, სამინისტროს 7-კაციანი კომისიის მიერ არჩეული კანდიდატი საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, ეს მხოლოდ მათი რეკომენდაციაა და საბოლოოდ სამხატვრო ხელმძღვანელს კულტურის მინისტრი ნიშნავს. ამიტომ, მესხეთის თეატრის დასის იმ ნაწილმა, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე იმნაძეს უჭერს მხარს, საქართველოს კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას 5 სექტემბერს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ დასის 19 წევრიდან, 16 სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე რეჟისორ თამაზ იმნაძეს უჭერს მხარს. დასი სამინისტროს დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვს.

„სულუაშვილისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ჩვენი შეხედულებები თეატრის განვითარებასა და პერსპექტივებზე, მკვეთრად განსხვავებულია, ამიტომ ჩვენ მასთან, სამხატვრო ხელმძღვანლის რანგში, მუშაობას ვერ მოვახერხებთ“, - ნათქვაია წერილში.

კულტურის სამინისტროს თავისი პოზიციის შესახებ 7 სექტემბერს, ასევე ღია წერილით აცნობა მესხეთში მცხოვრებთა ნაწილმაც. წერილში, რომელიც მესხეთის საზოგადოებისა და მესხეთის თეატრის მაყურებელთა სახელითაა გაგზავნილი, ლია სულუაშვილის დამსახურებებზეა საუბარი. წერილის ავტორები იმედოვნებენ, რომ კომისია გადაწყვეტილებას აღარ შეიცვლის.

„სწორედ ქალბატონი ლია სულუაშვილი სჭირდება დღეს მესხეთის სახელმწიფო თეატრს, თუ გვსურს, რომ თეატრმა არ დაკარგოს თავისი მნიშვნელობა და ადგილი კულტურულ სივრცეში“, - ნათქვამია წერილში.

მესხეთის თეატრის მმართველს კარის აჭედვით ემუქრებიანრამდენად შეიძლება ჩაანაცვლოს სულუაშვილი იმნაძემ, რატომ არ იქნა გათვალისწინებული დასის შეხედულება და რამდენად დაინტერესდა სამინსიტრო მესხეთის თეატრში განხორციელებული ფინანსური ოპერაციებით, „სამხრეთის კარიბჭემ“ ამ კითხვებზე არაერთგზის მცდელობის მიუხედდავად კულტურის სამინისტროსგან პასუხი ვერ მიიღო.

როგორ განვითარდება მოვლენები, რას გადაწყვეტს მინისტრი და შეცვლის თუ არა რაიმეს დაისის წინააღდეგობა, ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ სექტემბერის ბოლოს გახდება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელად ლია სულუაშვილი დაამტკიცა
მესხეთის თეატრის დასი სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება
მესხეთის თეატრის დასის ღია წერილი კულტურის მინისტრს
‘პრემიერს უნდა მივწეროთ’ - მესხეთის თეატრის მსახიობები დაკლებულ ხელფასს აპროტესტებენ
მესხეთის თეატრის მმართველი ცვლილებებისთვის მზადაა
რატომ ტოვებენ მესხეთის თეატრს მსახიობები
მესხეთში მცხოვრებთა ღია წერილი კულტურის მინისტრს