FM97.5 / LIVE

„სკოლებში ავტორიტარული სისტემა მუშაობს“

მთავარისაზოგადოება » განათლება 30.05.2012
უნდა იცოდეს თუ არა განათლების სამინისტრომ სად წავა პედაგოგი გაკვეთილების შემდეგ და რაზე ისაუბრებს

„სკოლებში ავტორიტარული სისტემა მუშაობს“

ახალციხის საჯარო სკოლების პედაგოგები „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ შეხვედრაზე გაკვეთილების შემდეგ, 3:00 საათზე მიიწვია. შეხვედრა „ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ტარდებოდა და უსაფრთხო სკოლის საკითხებს ეხებოდა.

შეხვედრის ორგანიზატორი ახალციხეში თითქმის ყველა საჯარო სკოლაში უშუალოდ მივიდა და ოფიციალურ წერილთან ერთად, პედაგოგებს შეხვედრაზე მიწვევის შესახებ სიტყვიერადაც გადასცა. თანხმობა მიიღო პედაგოგებისგანაც, თუმცა შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გაირკვა, რომ პედაგოგები „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ვერ მივიდოდნენ თუ ეს საკითხი არ იქნებოდა შეთანხმებული განათლების სამინისტროსთან.

- „შეხვედრაზე მოსვლა პრობლემა არაა, მთავარია, ამის შესახებ განათლების სამინისტროსთან შევათანხმოთ“, - განაცხადა პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა მაკა ჯანაშვილმა.

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარის ია ანთაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ შეხვედრა ეწყობოდა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ და თან გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ორგანიზაციას შეხვედრის შესახებ სამინისტროს საქმის კურსში ჩაყენება საჭიროდ არ ჩაუთვლია: „ეს ცენტრი ამერიკელებმა იმისთვის დაარსეს და იმაში იხდიან ფულს, რომ ასეთი დისკუსიები გაიმართოს. მაგრამ პედაგოგებს ეუბნებიან, რომ ვერსად გაადგამთ ფეხს თუ ეს სამინისტროს არ ეცოდინება. თურმე სად წავა პედაგოგი გაკვეთილების შემდეგ და რა თემაზე ილაპარაკებს, სამინისტროს ნებართვა ყოფილა საჭირო“.

ანთაძე განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს ნინო პოტრჟებსკაიას დაუკავშირდა: „მოგვიანებით თავადვე დამირეკა და მითხრა, რომ პედაგოგების შეხვედრაზე მოსვლა გაკვეთილების შემდეგ პრობლემა არ იქნებოდა“.

სანამ ანთაძე ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დარეკავდა, სამინისტროდან უკვე დარეკილი იყო, რომ პედაგოგებს უფლება ჰქონდათ შეხვედრაზე წასულიყვნენ: „ამხელა წრე მოვიარეთ და კარგია რომ პოზიტიურად დასრულდა. უარი რომ ეთქვათ, ეს სკანდალი იქნებოდა“.
შეხვედრა 8 მაისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, 3:00 საათზე შედგა და მას პედაგოგები ოთხი სკოლიდან ესწრებოდნენ: მეორე, მესამე, მეექვსე და კერძო სკოლა „მზექა“.

შეხვედრას არ ესწრებოდნენ პირველი და მეხუთე საჯარო სკოლების წარმომადგენლები. ჯანაშვილის განცხადებით, ეს არც სამინისტროს, არც დირექტორისა და არც პედაგოგების ბრალია, შეხვედრა არაორგანიზებული იყო.

- „როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ამის შესახებ სამინისტროსთან უკვე შეთანხმებული იყო, რესურსცენტრში შეხვედრაზე ვიყავი. ამ დროს აღარც მასწავლებლები იყვნენ სკოლაში, - აცხადებს ჯანაშვილი - თუმცა ვერც იმას გეტყვით, ასეც რომ არ ყოფილიყო, პედაგოგებს ნამდვილად ექნებოდათ ამ შეხვედრაზე წასვლის საშუალება- მეთქი. გაკვეთილების შემდგომი პერიოდი არ ნიშნავს სამსახურის შემდგომს. გაკვეთილების შემდგომი პერიოდი ჩვეულებრივ სამსახურს ეკუთვნის. შრომითი განაკვეთი 41 საათია კვირაში, ეს კოდექსითაა გათვალისწინებული და თუ ფიზიკურად სკოლაში არ ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მუშაობ“.

შეხვედრაზე გაგზავნის თუ არა პედაგოგებს, მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ზაზა თამარაშვილის თქმით, ეს მისი კომპეტენციაა, თუმცა, პროგრამა, რომელის ფარგლებშიც ესა თუ ის ღონისძიება შედგება, შეთანხმებული უნდა იყოს სამინისტროსთან: „თუ ზემდგომი ამის შესახებ ინფორმირებულია, მაშინ არანაირი პრობლემა აღარაა“.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დიანა ინასარიძის თქმით, არავინ არავის ზღუდავს. გაკვეთილების შემდეგ პედაგოგები სად წავლენ ეს მათი გადასაწყვეტია, მთავარია სწავლის პროცესი არ ჩაიშალოს: „თუმცა, პედაგოგი თუ მიდის რაიმე შეხვედრაზე, სამინისტრომ ამის შესახებ უნდა იცოდეს, იქნებ შეხვედრა 11:00, ან 12:00 საათზე დაინიშნა?!“

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 837-ე ბრძანების თანახმად , სამინისტროს ნებართვის გარეშე არცერთ ფიზიკურ და იურიდიულ პირს არ აქვს უფლება სკოლაში შევიდეს და ლექცია ჩაატაროს, ან უბრალოდ პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდეს.

- „ძალიან ზოგადი მაგალითისთვის, ახალციხეში ნობელის პრემიის ლაურეატი რომ იყოს სტუმრად და გინდოდეთ სკოლაში შვილის თანაკლასელებს შეახვედროთ, სანამ ეს სამინისტროსთან შეათანხმო, მან შეიძლება ქვეყანა დატოვოს“, - ამბობს ანთაძე და ამატებს, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი ახალციხეში მოხვდება თუ არა, არავინ იცის, თუმცა, ფორმალური მიზეზით ბავშვებს შეიძლება ძალიან ბევრი რამ დააკლდეთ - ამ ბრძანების საფუძველზე სკოლა მოწყვეტილია საზოგადოებას“.

837-ე ბრძანების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ თამარაშვილსა და ჯანაშვილს.

- “ბავშვები მოზარდები არიან და დაახლოებით მაინც უნდა ვიცოდე წინასწარ იმის შესახებ, რაზე ესაუბრებიან მათ”, - ამბობს ჯანაშვილი.
რაში ეხმარება ან უშლის ხელს სკოლებს, 837-ე ბრძანება, ასევე, თუ რატომ არ ესწრებოდა არცერთი პედაგოგი მეხუთე საჯარო სკოლიდან “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, “სამხრეთის კარიბჭე” ამის გარკვევას მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორთან, ჟენია მერაბიშვილთანაც შეეცადა, თუმცა, ამაოდ. სკოლის დამლაგებელმა გვთხოვა, სკოლის შესასვლელში მოგვეცადა, ცოტა ხანში კი გადმოგვცა, რომ დირექტორი არ შეგვხვდებოდა. შეხვედრის მოსაწვევიც მერაბიშვილს ერთ-ერთი თანამშრომლის საშუალებით გადასცეს. დირექტორის ნებართვის გარეშე კი “სამხრეთის კარიბჭეს” ვერც პედაგოგები დაელაპარაკნენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტის ირინე ურუშაძისთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო იმ შეხვედრის შესახებ სამინისტროსთან შეთანხმება, რომელიც არასამუშაო საათებში, სკოლის გარეთ ეწყობოდა: “მართალია სკოლები განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე სადმე წასვლა ეკრძალებათ. არ ჰქონდათ დირექტორებს არანაირი უფლება, უარი ეთქვათ პედაგოგებისთვის შეხვედრაზე წასულიყვნენ”.

ანთაძის თქმით, საერთოდ საბიუჯეტო დაწესებულების თანამშრომლებს ძალიან იშვიათად უჩნდებათ პროტესტი თუკი ისინი ხედავენ რომ რაღაცით იზღუდებიან, ფორმალურად იქნება ეს თუ არაფორმალურად: “მათი პროტესტი არ იქნება გადატანილი დიალოგის რეჟიმში, ეს დასრულდება იმით, რომ ისინი სამსახურს დაკარგავენ”.

“სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” განათლების პროგრამის მენეჯერი და განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ 837-ე ბრძანებამ სკოლის კარი დახურა: “ეს ბრძანება აღმოჩნდა სკოლების კონტროლისთვის არაჩვეულებრივი ბერკეტი. ამ ბრძანების შემდეგ ვერტიკალური მენეჯმენტი გაძლიერდა და პრაქტიკულად, სკოლა ყველა ნაბიჯს უთანხმებს სამინისტროს, ან რესურსცენტრს. ამ დროს ავიწყდებთ რომ სკოლა არის დეცენტრალიზებული ორგანო, არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მაგრამ სკოლა დღეს იმ დირექტივებს მიყვბა, რასაც სამინისტროდან მიიღებს”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას დაჰპირდა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი მეხუთე სკოლის პედაგოგებს
ახალციხის მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების სამინისტროს სახელზე ხელმოწერებს აგროვებენ
მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

რატომ ესწრებოდნენ მარგველაშვილის შეხვედრას თისელის სკოლის პედაგოგები
ახალციხის მეხუთე სკოლაში ახალ დირექტორს კარის აჭედვით ემუქრებიან
გასვლითი გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისთვის