ყოფილმა შს მინისტრმა „რუსთავი 2“– თან სატელეფონო ინტერვიუში
განაცხადა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნდება. მისივე თქმით, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გაერთიანდნენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ძალიან განსხვავდება შეხედულებებით. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ეს ორი პარტია გაერთიანდეს. მე მაინც მგონია, რომ მერაბიშვილი კონსოლიდაციაზე საუბრობდა და კონსოლიდაციისთვის კი მზად ვართ. ჩვენი მიზანია სახელმწიფო ივანიშვილის რეჟმისაგან გადავარჩინოთ“, – ამბობს ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ ბაქარ შირაძე.
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბაკურ გელაშვილი კი ამბობს, რომ მერაბიშვილის ინტერვიუს არ იცნობს: „არ ვიცი რაზე ისაუბრა და ვერაფერს გეტყვით“.
ასპინძაში „ევროპული საქართველოს“ ორგანიზაციის წარმომადგენელი და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ტარიელ ლონდარიძე ფიქრობს, რომ ვანო მერაბიშვილი რეალურად ინფორმაციას არ ფლობს, მან არ იცის გარეთ რა ხდება: „გაერთიანდება თუ არა პარტიები ეს მომავლის საქმეა. მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ თუ რა პოლიტიკური სიტუაცია იქნება არავინ იცის. რომ გამოვა, რა თქმა უნდა, ორივე მხარესთან გაარკვევს მოცემულობას, რა არის მიზეზები და რამ გამოიწვია გაყოფა და შემდეგ ლიდერები ვიფიქრებთ იმაზე, გავერთიანდეთ თუ არ გავერთიანდეთ. ამ ეტაპზე პირი არ უჩანს გაერთიანებას“.
შესაძლებელია თუ არა ორი წლის წინ გაყოფილი პარტიების გაერთიანება, ამაზე საუბარი უჭირს „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ასპინძაში მალხაზ მოსიძეს: „ეს ორი პარტია თავის დროზე არ უნდა გაყოფილიყო“.
ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში ამბობენ, რომ მერაბიშვილის განცხადებას პარტიების გაერთიანების შესახებ არ იცნობენ. „ევროპულ საქართველოში“ კი ფიქრობენ, რომ „მერაბიშვილი პარტიების ცალსახა გაერთიანებას არ გულისხმობდა“.
"ვანო ცოტახანში დატოვებს საპყრობილეს და შემდეგ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. უბრალოდ, 2016– ში როცა პარტია გაიყო, რაღაც პრინციპულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე.
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი არსენ კარაპეტიანი ფიქრობს, რომ „ვანო ძლიერი პოლიტიკოსია, მას აქვს ძალა ქვეყანა სწორ გზაზე დააყენოს. პარტიების გაერთიანების საკითხი კი ალბათ ციხიდან რომ გამოვა, ამის შემდეგ გაირკვევა“.
ორი წლის წინ გაყოფილი პარტიების გაერთიანება რომ აუცილებელია, ამაზე ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აშოტ რაისიანიც საუბრობს: „ორივე პარტია უნდა გაერთიანდეს. ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს მოვუწოდებ, რომ დაფიქრდნენ მოვიდნენ და შემოგვიერთდნენ“.
რაც შეეხება ადიგენს, აქ არც „ევროპულ საქართველოსა“ და არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიების გაერთიანებაზე საუბარი არ სურთ.
„ვანო ჭკვიანი პოლიტიკოსია. მე მისი ბევრ საკითხში მწამს და მას ბევრი რამ შეუძლია“,– ამბობს ადიგენში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ოგანეზიანი.
[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]