FM97.5 / LIVE

”ოცნების” აქცია საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ

მთავარიპოლიტიკა 24.05.2013
გადადგეს საკრებულოს თავმჯდომარე - ამ მოთხოვნით დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ”ქართული ოცნების” წევრთა ნაწილმა აქცია გამართა

”ოცნების” აქცია საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ
ადმინისტრაციულ შენობასთან ”ქართული ოცნების” წევრების აქცია დღის სამ საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ ოლეგ სანდროშვილი, რომელიც კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი იყო და საკრებულოს თავმჯდომარედ გასული წლის დეკემბერში დაინიშნა, თანამდებობიდან გადადგეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ოლეგ სანდროშვილი ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირდება.

- ”ვაპროტესტებთ სანდროშვილის თანამდებობაზე ყოფნას, მის საკადრო პოლიტიკას და საერთოდ იმას ვაპროტესტებთ, რომ ”ოცნების” სახელით ხელისუფლებაში მოსულ ხალხს ნამდვილ ”ოცნებასთან” შეხება საერთოდ არ აქვს”, - ამბობს ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი მაია უსტიმენკო.

ჯიმშერ გოგოლაური, რომელიც ”ქართული ოცნების” შტაბის ერთ-ერთი დამფუძნებელია ამბობს, რომ ოლეგ სანდროშვილი ”ნაციონალურ მოძრაობასთან” იყო შეკრული.

- ”არსად არ მომხდარა საქართველოში ისეთი შემთხვევა, რომ საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ თანამდებობა ახალ თავმჯდომარეს დაუთმო. ეს იყო გარიგება. ოლეგ სანდროშვილი არის გამყიდველი ერისა და ხალხისა. ერთი რამე ნათლად ჩანს, რომ ის მარტო არაფერს წყვეტს. მას ზემოდან რასაც უბრძანებენ ”ნაც. მოძრაობის” ლიდერები, იმას აკეთებს”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ არჩევნების შემდეგ არაფერი შეცვლილა და ახალი ხელისუფლება თანამდებობებზე ისევ ნათესავებს და ახლობლებს ნიშნავს.

კოალიციის წევრის ლელა ჩიტორელიძის თქმით, ოლეგ სანდროშვილის დამსახურებაა ის, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტიდან არჩევნებში ”ქართულმა ოცნებამ” ხმების დიდი რაოდენობა ვერ მოიპოვა.

- ”ასეთი პიროვნება ”ქართული ოცნების” სახელით არ უნდა საუბრობდეს. დღეს შეიკრიბა ნამდვილი ”ქართული ოცნება”, ვინც გაბედა, დააფიქსირა საკუთარი აზრი და არავისთან არ შეიკრა. იმ ადამიანებმა კი ვინც დღეს ადგილობრივ ხელისუფლებაში არიან, თანამდებობები ჯილდოდ მიიღეს თავისი გამყიდველური საქციელით, რასაც ისინი სჩადიოდნენ შტაბში”, - ამბობს ლელა ჩიტორელიძე.

აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების ახალ წარმომადგენლებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

- ”ერთი თვეა რაც საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადაეხადა, ვინმე ჰყავს პატრონი? არჩევენ ვისი ბრალია, რომელი ბრიგადა იყო იქ და ასე შემდეგ. ამ დროს ხალხი ზარალდება. 9 აპრილის ქუჩაზე წყლის მილია დაზიანებული, სად არის საკრებულო, რაში იხარჯება ბიუჯეტი?” - კითხულობს მაია უსტიმენკო.

მათი თქმით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ კაბინეტებში მიღებაზეც კი უარს ამბობენ.

- ”ჩვენ სამსახურებს არ ვითხოვთ, უბრალოდ გვინდა, რომ სამართლიანობა აღდგეს”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, თამარ გოგოლაძეს, რომელიც ამჟამად გამგებლის მოადგილეა არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე იმუშაოს.

- ”როცა აქ ბრძოლა იყო და ქვებს გვესროდნენ, როცა ნებისმიერ სოფელში ჩვენი შესვლა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გასვლა იყო, მაშინ ის ქალბატონი უსუფაშვილის კართან იყო და დღეს გამგებლის მოადგილედ მუშაობს”, - ამბობს მაია უსტიმენკო.

აქციაზე მონაწილეობა ”რესპუბლიკური პარტიის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წევრებმაც მიიღეს, რომლის თავმჯდომარეც სწორედ თამარ გოგოლაძეა. ისინი ამბობენ, რომ ”რესპუბლიკური პარტია” დღევანდელ აქციას უერთდება და მოითხოვენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ და თანამდებობებზე დანიშნულმა სხვა პირებმა გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერონ.

- ”ჩვენი უფლებები დაირღვა, ასი პროცენტით თუ ირღვეოდა ”ნაციონალების” დროს, დღეს ორასი პროცენტით ირღვევა. ჩვენ ვიცავ ჩვენ უფლებებს. ჩვენი პარტიის ლიდერმა, ქალბატონმა თამარ გოგოლაძემ, რომელიც გამგებლის მოადგილეა, ასეთი პასუხი გაგვცა, რომ ის საკუთარი კარიერის მოწყობითაა დაკავებული და ჩვენი სამსახურების გამო არაფერს გააკეთებს”, - ამბობს ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი კახაბერ ლომიძე.

”ქართული ოცნების წევრები, რომლებმაც ოლეგ სანდროშვილის წინააღმდეგ აქცია გამართეს, ამბობენ, რომ დღეს გამაფრთხილებელი აქცია იყო. ისინი საკრებულოს თავმჯდომარეს ვადას სამშაბათამდე აძლევენ და ამბობენ, რომ თუ ოლეგ სანდროშვილი თანამდებობიდან არ გადადგება, აქციები მასობრივ ხასიათს მიიღებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი დღევანდელ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლება დემოკრატიულ საქართველოს აშენებს, აქედან გამომდინარე საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება თითოეულ მოქალაქეს აქვს.

- ”მე ძალიან მიხარია, რომ ეს დღეს ახალციხეში ხდება, იმ ქალაქში სადაც ადრე ვერც ერთი მათგანი საკუთარ აზრს ღიად ვერ აფიქსირებდა. იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებსაც მე მიყენებენ ბატონი ჯიმშერ გოგოლაური, ლელა ჩიტორელიძე და მათთან ერთად კიდევ სხვა პიროვნებებიც, მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ დაახლოებით სამჯერ მაინც დაისვა საკითხი ჯიმშერ გოგოლაურის შტაბიდან გამორიცხვის შესახებ, მაგრამ ჩემი ჩარევის შედეგად შტაბში დარჩა და ამას დაადასტურებენ შტაბის სხვა წევრებიც”, - განმარტავს ოლეგ სანდროშვილი და ამატებს, რომ ლელა ჩიტორელიძე, არჩევნებამდე სულ რამდენჯერმე იყო შტაბში და სხვადასხვა აქტივობებში ჩართული არ ყოფილა.

ოლეგ სანდროშვილი ასევე ამბობს, რომ აქციაზე ბევრი ისეთი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც საერთოდ კოალიციის შტაბში არ ყოფილან და მხოლოდ არჩევნების შედეგ გახდნენ ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები.

რაც შეეხება იმას, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას აქციის მონაწილეები უმოქმედებაში ადანაშაულებენ, ოლეგ სანდროშვილი პასუხობს, რომ ყველამ კარგად უნდა იცოდეს რისი უფლება-მოსილება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს და რა ევალება მას.

- ”მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს მიერ სულ რამდენიმე ადამიანი იქნა დანიშნული, ეს არის გამგებელი, ააიპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი და ახალციხის ციხის დირექტორი. სამივე ”ქართული ოცნების” წევრები იყვნენ. გარდა ამისა, მინდა დავამატო, რომ ჯიმშერ გოგოლაურს გამგებლის თანამდებობაზე ჰქონდა განცხადება შემოტანილი, ვინაიდან ის ვერ გახდა გამგებელი, მას მერე გაუჩნდა პრეტენზიები და ჩემს წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი”, - ამბობს ოლეგ სანდროშვილი.

დღევანდელ აქციას გამოეხმაურა ”საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამარ გოგოლაძე და აღნიშნა, რომ მისი პარტიის წევრებს არანაირი უფლება არ ჰქონდათ პატიის სახელით გამოსულიყვნენ. რადგან არც თავმჯდომარესთან და არც კომიტეტთან შეთანხმებული არ იყვნენ.

- ”ეს სამი განაწყენებული ადამიანია, რომლებიც პარტიის არცერთ წევრთან არ იყვნენ შეთანხმებული. ჩვენ გვესმის, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი, არამარტო ადგილობრივ ხელისუფლებას, არამედ ცენტრალურ ხელისუფლებასაც ადანაშაულებენ უმოქმედებაში. რაც შეეხება პროფესიონალიზმს, რომელზეც ისინი საუბრობენ, მე ჯერ მაინტერესებს რა პროფესიონალიზმზეა ლაპარაკი”, - ამბობს თამარ გოგოლაძე და ამატებს, რომ მათი გამოსვლები სამუშაო ადგილების მოთხოვნასთან არის დაკავშირებული: თუმცა, როდესაც სხვას სთხოვენ პროფესიონალიზმს ჯერ თავად უნდა იყვნენ საკუთარი საქმის პროფესიონალები”.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სანდროშვილის პასუხი ”ოცნების” წევრებს
დაპირისპირება ‘რესპუბლიკელების’ ახალციხის ორგანიზაციაში
”ოცნების” აქტივისტი საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ
საკადრო ცვლილება ადგილობრივ თვითმმართველობაში
განხეთქილება ”ოცნებაში”
’ოცნების’ ფრაქციას ’ქრისტიან-დემოკრატი’ თავმჯდომარე ჰყავს
დაპირისპირება ”ოცნებაში” შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს