
მეორე კვირაა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს ლექციები უცდებათ. განათლების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გიგლა გობეჩია, რომელიც ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს ლექციებს 2009 წლიდან უკითხავდა, მიმდინარე წლის 6 მარტიდან უნივერსიტეტის თანამშრომელი აღარ არის. იგი პროფესორ–მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსზე გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის გამო გაათავისუფლეს.
აკადემიური პერსონალის კონკურსი უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 6 მარტს ჩატარდა. კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად პროფესორ–მასწავლებლებს დოკუმენტაცია უნდა წარედგინათ. ახალი დებულების გათვალისწინებით კონკურსს მეორე ეტაპიც დაემატა. მეორე ეტაპი კონკურსანტთან გასაუბრებას გულისხმობდა.
‘კონკურსის დებულებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კონკურსანტმა საჭიროების შემთხვევაში უნდა გაიაროს გასაუბრება. კონკურსანტი აუცილებლად უნდა დასწრებოდა გასაუბრებას. ეს წინასწარ იცოდა ყველამ’, - ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი.
გიგლა გობეჩია კი ამბობს, რომ მისთვის არავის აუხსნია, რომ დასწრება სავალდებულო იყო: ’ეს რომ მცოდნოდა, აღარ წავიდოდი თბილისში და დავესწრებოდი გასაუბრებას. ვიცოდი, რომ გასაუბრებაც ჩატარდებოდა საჭიროების შემთხვევაში. ვესაუბრე კომისიის თავმჯდომარესაც და წევრებსაც და გავაფრთხილე ჩემი არყოფნის შესახებ, თუმცა, ჩემთვის არავის აუხსნია, რომ დასწრება სავალდებულო იყო’.
საკონკურსო კომისიის თავმჯდომერე, ფილოლოგიის დოქტორი, სრული პროფესორი ნესტან სულავა ამბობს, რომ გობეჩიამ დებულების ერთი მუხლი დაარღვია, რის გამოც კომისიამ მისი ადგილის ვაკანტურად დატოვება გადაწყვიტა.
‘ბატონმა გობეჩიამ კონკურსის წინადღეს დამირეკა და მითხრა, რომ გასაუბრებაზე ვერ იქნებოდა, რადგან შეხვედრა სხვაგან ჰქონდა. ავუხსენი, რომ დებულებით გათვალისწინებულია კონკურსანტთან შეხვედრა და ეს აუცილებელი იყო. მან მიპასუხა, მე საქმის კურსში ჩაგაყენეთო. მითხარით, რას ნიშნავს საქმის კურსში ჩაყენება?! მე მგონი, გასაგებად ავუხსენი. მას შეეძლო ენახა დებულება. მან საკუთარი თავი თვითონ გაწირა’, - ამბობს სულავა.
გობეჩია ფიქრობს, რომ მისი უნივერსიტეტიდან გაშვება წინასწარ იყო დაგეგმილი. მისი თქმით, მისი უნივერსიტეტიდან გაშვება უნივერსიტეტის ახალ რექტორს მერაბ ბერიძეს უნდოდა: ‘ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ამაში ეჭვი არ მეპარება. კომისიაზე მოხდა გარკვეული ზეწოლა’.
მერაბ ბერიძე გობეჩიას ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
’რა სისულელეა, ვინ წასულა ჩვენგან პოლიტიკური ნიშნით. ხელახლა გამოცხადდება კონკურსი და შეუძლია მიიღოს მოანწილეობა”, - აცხადებს იგი.
წინასწარ რაიმეს გადაწყვეტას კატეგორიულად უარყოფს სულავაც: ’არავის ჩემთვის წინასწარ არაფერი უთქვამს, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო კომისიას, რადგან ვინც მე მიცნობს, ძალიან კარგად იცის ჩემი ობიექტური დამოკიდებულება ყოველგვარი საქმისადმი. კომისიამ კენჭი უყარა ვაკანსიის დატოვებას. რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარედ ჩემს არჩევას, კომისიის წევრებმა მე თავმჯდომარედ დამასახელეს, როგორც უხუცესი. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი წესისამებრ ჩატარდა, კომისიამ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება’.
კომისიის წევრი. ფილოლოგიის დოქტორი, სრული პროფესორი ნანა ტალახაძე ვიღაცის მითითებით მოქმედებას აბსურდს უწოდებს: ‘კომისია აბსოლუტურად ნეიტრალურად მოქმედებდა და სრულიად ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. ძალიან მიკვირს, რატომ არ სჯერა გიგლას თუნდაც ჩემი. მას რა ეჭვები აქვს, ნამდვილად არ ვიცი’.
ახალკაცი ამბობს, რომ გობეჩიას შეუძლია ჩვეულებრივად ჩაატაროს ლექციები, თუმცა ის არ იქნება შტატიანი თანამშრომელი და საათობრივად აუნაზღაურდება თანხა.
ამ წინადადებაზე გობეჩია კატეგორიულ უარს აცხადებს: ‘ძალიან ვღელავ სტუდენტებზე და ნამდვილად არ მინდოდა მათი შუა გზაზე მიტოვება. მაგრამ დაბრუნებას არ ვაპირებ’.
განათლების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გიგლა გობეჩია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს ლექციებს 2009 წლიდან უკითხავს. მიმდინარე კონკურსზე მას კონკურენტი არ ჰყავდა.
[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]