FM97.5 / LIVE

“უაპტრონო უბანი”

მთავარიეკონომიკა 18.05.2012
20 წელიწადია მიქუტიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს სასმელი წყლის, გზის, ნაგვის გატანისა და განათების პრობლემა აქვთ. დახმარების მოლოდინში კი მათი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება

“უაპტრონო უბანი” - ასე უწოდებენ საკუთარ დასახლებას მიქუტიშვილის ქუჩის მცხოვრებლები, რომლებიც 17 წელიწადია წყალს სხვადახვა უბნებიდან ეზიდებიან. ორი წლის წინ “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” წერილობითი განცხადი შეიტანეს და პრობლემის მოგვარება ითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. კომპანიისთვის განმეორებით მიმართვა კი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გასულ წელს ყველა ოჯახს წყლის საკმაოდ სოლიდური გადასახადი მიუვიდა.

- “86 ლარი მომივიდა წყლის გადასახადი. 16-17 წელია წყალი არ გვქონია და საიდან ამოწერეს ეს ჩვენებები არ ვიცი. ამის გასარკვევად მეორე დღესვე რამდენიმე ოჯახი “წყალკანალში” მივედით და აღნიშნული თანხის გაუქმება მოვითხოვეთ. არქივში 2010 წლის ის განცხადებაც მოვაძებნინეთ, რომელიც ამტკიცებდა, რომ წლებია წყალი არ გვქონია”, - ამბობს მიქუტიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მაია გოგოლაძე.

ამის შემდეგ “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ მიქუტიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს აღნიშნული გადასახადი მოუხსნა.

- “იურიდიული დოკუმენტი მოგვცეს, რომელიც წყლის გადასახადის გაუქმებას ადასტურებდა. ამავე დოკუმენტის თანახმად, ჩვენ აბონენტებად აღარ ვითვლებით და შესაბამისად, წყლის გადასახადიც აღარ მოგვსვლია”, - ამბობს მაია გოგოლაძე.

მას მერე მიქუტიშვილის ქუჩის მოსახლეობამ “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას” განცხადებით კიდევ რამდენჯერმე მიმართა. აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელობამ მოსახლეობას შესთავაზა, რომ წყლის მილებს და სხვა საჭირო მასალას მისცემდა და წყალი ყველა ოჯახს საკუთარი ხარჯებით გაეყვანა. თითოეულ ოჯახს დაახლოებით 200 ლარის გაღება უწევდა.

- “მეც ვიცი წყალი როგორ უნდა შევიყვანო, მთავარი ხარჯია. მარტო სასმელი წყლის მილები არ უშველის საქმეს. ვერ ვხვდები ეს ხარჯი მე რატომ უნდა გავწიო. ვალდებულები არიან ცენტრალური მილი გააკეთონ და მერე ჩვენი საქმეა საიდან და როგორ მივიყვანთ წყალს”, - ამბობს ზაზა გელაშვილი.

მიქუტიშვილის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი პრობლემის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაში ინფორმირებულები არიან.

- “ყოფილი გამგებელი დავით ათუნაშვილი დაგვპირდა, რომ წყლის პრობლემას მოაგვარებდა. ახლანდელი გამგებელი გელა დემეტრაძეც იგივეს დაგვპირდა. გვითხრა, ტრაქტორითაც დაგეხმარებით, მაგრამ მას მერე თითქმის ერთი წელი გავიდა”, - ამბობს ზაზა გელაშვილი.

სასმელი წყალი ერთადერთი პრობლემა არ არის. მიქუტიშვილის ქუჩის მცხოვრებლები ნაგვის გატანაზეც ჩივიან. ბუნკერების არარსებობის გამო მოსახლეობა ნარჩენებს იქვე ჩამავალ მდინარე ოცხეში ყრის. ისინი ამბობენ, რომ 20 წლის განმავლობაში აღნიშნულ ქუჩაზე ნაგვის მანქანა მხოლოდ ორჯერ მივიდა.

- “ისიც მეზობლებმა დარეკეს და იმიტომ მოვიდა. მას მერე ყველანაირ ნარჩენს მდინარეში ვყრით ან სარდაფებში ვინახავთ და მერე მანქანით და ურიკებით მიგვაქვს”, - ამბობს ვალოდია გვირჯიშვილი.

აღნიშნულ პრობლემებს გზის და განათების პრობლემაც ემატება. გზის შეკეთებას ადგილობრივები ჯერ კიდევ იმ დროს ითხოვდნენ, როცა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩიტაშვილი იყო.

- “რამდენიმე წლის წინ პირველ საჯარო სკოლასთან გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. ტრაქტორი მაინც მუშაობდა, ამიტომ მაშინდელ გამგებელს ვთხოვეთ ჩვენი ტერიტორიაც მოეხრეშათ. თუმცა, უარი მივიღეთ, იმის გამო, რომ გზის რეაბილიტაცია მხოლოდ პირველ სკოლამდე იყო დაგეგმილი”, - ამბობს ზაზა გელაშვილი.

რამდენიმე წლის წინ კი აღნიშნული ქუჩიდან ბორდიულები მოშალეს და ძველი განათების ბოძებიც მოჭრეს.

- “იმის მაგივრად, რომ გზა და განათება გაგვიკეთონ, პირიქით რაც ამ გაუბედურებულ ქუჩას შემორჩა, იმასაც ჭრიან. ორი წლის წინ ბორდიულები მოშალეს და გვითხრეს, რომ ახალ ბორდიულებს გააკეთებდნენ. იგივე პასუხი გაგვცეს მაშინაც, როცა განათების ბოძებს ჭრიდნენ”, - ამბობს ვალოდია გვირჯიშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე ამბობს, რომ სასმელი წყლისა და ნაგვის გატანის პრობლემა ამ ქუჩის მცხოვრებლებს უახლოეს პერიოდში მოეხსნებათ. გამგეობამ ერთი ნაგავმზიდი და 50 ნაგვის კონტეინერი შეიძინა, რომლებსაც იმ უბნებში დადგამენ, სადაც ჯერ არ დგას: “გავაფართოვებთ მომსახურეობის ზონას და ქალაქის ისეთ უბნებს მოვემსახურებით, სადაც ნაგვის გატანის პრობლემა დგას, მათ შორის, მიქუტიშვილის ქუჩასაც”.

რაც შეეხება წყლის პრობლემის მოგვარებას, გამგებლის თქმით, “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” რეგიონში სასმელი წყლის რეაბილიტაციის სამუშაოებს იწყებს. შედეგად, მომარაგდება ყველა ის უბანი, სადაც წყალი წლებია არ მოდის: “კომპანია უკვე შეგვითანხმდა საპროექტო სამუშაოებზე. დაგეგმილი აქვს ქალაქში დიდი სამუშაოების ჩატარება, რომელიც წყალსადენების რებილიტაციას და ახალი მაგისტრალის მშენებლობას ითვალსიწინებს”.

წლების განმავლობაში უყურადღებოდ დარჩენილი მიქუტიშვილის ქუჩის მცხოვრებლები იმედოვნებენ, რომ ეს დაპირებები გასული წლების მსგავსად მხოლოდ დაპირებებად არ დარჩება და “უპატრონო უბნის” სტატუსიც მალე დავიწყებას მიეცემა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოცი წელი წყლის გარეშე
ორბელიანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა
დასახლება მხოლოდ მშრალი ამინდისთვის
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
‘სასმელ წყალს სავარაუდოდ კანალიზაცია ერევა’ – მესხეთის ქუჩის მცხოვრებლები
რატომ მიეწოდება ქალაქს წყალი შეფერხებით
ახალციხეში გორის ქუჩას მოაასფალტებენ, თუმცა მალევე აყრიან