FM97.5 / LIVE

სასამართლომდე მისული სამეზობლო დავა ახალქალაქში

მთავარისამართალი 28.02.2013
გრიგორიანების საცხოვრებელი სახლის კედლები გვერდზე მდებარე მაღაზიის მშენებლობის გამო დაიბზარა. ბზარები დღითიდღე ღრმავდება, მეზობლებთან მუდმივი კამათის გამო კი პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება.

სასამართლომდე მისული სამეზობლო დავა ახალქალაქში

რამდენიმე წელია გრიგორიანების ოთხსულიანი ოჯახი, ცოლ–ქმარი და მათი ორი არასრულწლოვანი შვილი, სახლის დანგრევის შიშით ცხოვრობს. მათ შიშს, ერთის მხრივ მეზობლად მაღაზიის მშენებლობისას დაბზარული კედლები იწვევს, მეორეს მხრივ, კი გრიგორიანებს ეშინიათ, რომ მეზობლებმა შეიძლება მათ სახლი წაართვან.

ორ ოთახს ერთმანეთთან გრძელი კორიდორი აკავშირებს. შენობა, ფანჯრების სიმცირის გამო, ცუდადაა განათებული. ერთ ოთახში ღუმელი დგას, მეორეში კი ორი საწოლი. სახლში ყველა კუთხე დაბზარულია. ბზარებია გრიგორიანების არასრულწლოვანი შვილების საწოლ ოთახშიც. მშობლები შიშობენ, რომ ამ ბზარების გამო ძველი სახლი ბავშვებს თავზე ჩამოენგრევათ. საწოლებს მუდმივად ადგილს უცვლიან. კედლებზე ბზარების დასაფარად ხალიჩაა დამაგრებული.

ჯულიეტა გრიგორიანის თქმით, სამი წელია, რაც მათ ოჯახსა და მეზობლებს: ფამბუხჩიანებსა და კორკოტიანებს შორის დაპირისპირებაა. სამი წლის წინ გრიგორიანების სახლის ახლოს მდგომი ძველი სახლი არტავაზდ ფამბუხჩიანმა იყიდა, რათა პატარა სახლის ადგილას მაღაზია აეშენებინა. ჯულიეტა გრიგორიანი გვიამბობს, რომ პრობლემები სწორედ აქედან დაიწყო.
მაღაზიის ასაშენებლად ფამბუხჩიანს უნდა აეღო კედელი, რომელიც გრიგორიანების სახლს ემიჯნებოდა. ამას კი შესაძლოა ამ უკანასკნელების სახლის დანგრევა გამოეწვია.

’’ჩვენი სახლი ძველია, 60–იან წლებშია აშენებული. ვეუბნებოდი, თუ კედელს აიღებ, ჩემი სახლი დაინგრევა-თქო, მაგრამ ამბობდა, რომ მაინც აიღებდა. ნებას არ ვაძლევდით, ამიტომ პოლიციაში გვიჩივლა და მეუღლე დააპატიმრეს. როდესაც ჩემს ქმართან წასული უკან დავბრუნდი, კედელი აღებული დამხვდა”, - გვიამბობს ჯულიეტა გრიგორიანი.
პრობლემები ამით არ ამოწურულა.

’’ერთ დღეს, ჩვენს სახლს ამწე მოუახლოვდა, რომელიც მაღაზიის სახურავისთვის რკინას მოათრევდა. ვუთხარი, რომ თუ ამ რკინას დაადებდა, ჩვენი ძველი სახლი დაინგრეოდა, მიპასუხა - მე მაღაზიას ვაშენებო!“ – იხსნებს ჯულიეტა.
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვა გრიგორიანებმა რატომღაც არ ისურვეს და პრობლემის მოგვარებას მუდმივად კამათით ცდილობდნენ.

ჯულიეტა გრიგორიანის თქმით, მას შემდეგ, რაც მეზობლებთან უსიამოვნება აქვთ, ოჯახის უფროსს რაფიკ გრიგორიანს პოლიციამ რამდენჯერმე მოაკითხა, თუმცა, ქალბატონს ამის მიზეზის ახსნა არ შეუძლია.

გრიგორიანების ოჯახს მათი სახლის მაღაზიის მშენებლობისგან დაზიანების გარდა მეზობლებთან სხვა პრობლემებიც აქვთ. ძირითადი პრობლემა ეზოა, სადაც მაღაზიის კარი გამოდის და სხვა მეზობლების ფანჯრებიც იყურება. როგორც ჯულიეტა გრიგორიანი ამტკიცებს, მეზობლებს მათი პატარა ეზოს წართმევა უნდათ. ეზოს თემაზე დაპირისპირება მაღაზიის მშენებლობის შემდეგ დაიწყო.

ორი არასრულწლოვანი, 10 და 12 წლის ბავშვის პატრონ, გაჭირვებულ ოჯახს აღარავინ ეგულება, ვისაც დახმარებისა და დაცვისთვის მიმართავდნენ. როგორც ჯულიეტა გრიგორიანი ამტკიცებს, მათ გამგეობასაც მიმართეს, საკრებულოსაც, რეგიონის გუბერნატორამდეც კი მიაღწიეს, თუმცა, მისი თქმით, დახმარებაზე ყველა უარს ეუბნებოდა. მათი უკანასკნელი იმედი საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილია, რომლის სახელზეც გრიგორიანები მათი ოჯახის უფლებების დაცვის თხოვნით წერილის დაწერას აპირებენ.

„მივმართე ორ პროკურორს, ნაირი ირიციანს, ყველას მივმართე. ახალციხეშიც ვიყავი, სადაც ჩვენი დოკუმენტები სერიოზულად არც მიიღეს. გუბერნატორთანაც ვიყავი, სადაც მითხრეს, რომ ჩვენი დოკუმენტები არ აინტერესებთ. სად წავიდე?!“, – ამბობს იგი.

60–იანი წლების ყიდვა–გაყიდვის დოკუმენტებით ეზო, რომელიც მეზობლებთან შემდგომი დაპირისპირების საგნად იქცა, გრიგორიანების ოჯახს ეკუთვნის. ჯულიეტა გრიგორიანს ეშინია, რომ მათ სახლსაც წაართმევენ და ყველა უბედურების მიზეზად მიიჩნევს ფაქტს, რომ არტავაზდ ფამბუხჩიანი, ბანკის ყოფილი მენეჯერი გავლენიანი ადამიანია, იგი კი ერთ გაჭირვებულ ოჯახს წარმოადგენს და ამიტომაც ყველაფერი, რაც კეთდება, ფამბუხჩიანის სასარგებლოდ კეთდება.

არტავაზდ ფამბუხჩიანმა გრიგორიანებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხზე უარი განგვიცხადა და მიგვითითა, რომ ამ საკითხით არ შევაწუხოთ, რადგან არსებობს სასამართლო საქმე და პასუხები შეგვიძლია იქ ვეძებოთ.

სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით გრიგორიანებმა თავად კარგად ვერაფერი აგვიხსნეს – რა მიზეზი ედო საფუძვლად ამ განხილვას, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მხოლოდ გვითხრეს, რომ საქმე ადვოკატის არყოლის გამო წააგეს, რომლის დაქირავების საშუალებაც არ გააჩნდათ.

გრიგორიანების მონაწილეობით განხორციელებული სასამართლო განხილვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ”სამხრეთის კარიბჭემ” რაიონულ სასამართლოს წერილობითი მოთხოვნა გაუგზავნა. სასამართლო პროცესის დეტალებს და გრიგორიანების ეზოს პრობლემას უახლოეს ნომერში გაგაცნობთ.

ამ დროს კი ჯულიეტა გრიგორიანის ოჯახი შიშობს, რომ შეიძლება არა მხოლოდ ეზო დაკარგოს, რომელიც დაპირისპირებისა და სასამართლო გარჩევების საბაბი გახდა, არამედ მთელი სახლიც.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეზობლებმა 71 წლის ქალი სახლში გამოკეტეს
მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]
სახლში ჩაკეტილ ქალს კარი გაუხსნეს
ხუთი შვილით უსახლკაროდ
სხვილისში დაწყებული სამეზობლო დავა სასამართლოში გაგრძელდება
სოფელ კიკიბოში სამ ოჯახს სახლი ენგრევა
საცხოვრებლად ქცეული სოფლის კლუბი