ნუგზარ ბარძიმაძე: არჩევნებზე აუცილებლად უნდა წავიდეთ და ხმა ჩვენს რჩეულს მივცეთ. რომ არ წავიდეთ, ჩვენს ბიულეტინს სხვა გამოიყენებს. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ვიცნობ გიორგი კოპაძეს, გედევან ფოფხაძესა და ნუგზარ პარუნაშვილს.
ტარიელ კურტანიძე: 8 ოქტომბერს არჩევნებზე აუცილებლად წავალთ და ავირჩევთ ჩვენს რჩეულს. ჩამოყალიბებული აზრი, ვინ უნდა ავირჩიო, უკვე მაქვს, მაგრამ თქვენ არ გეტყვით, ეგ ჩემი საიდუმლოა.
ალექსანდე როგავა: მუშა გლეხს პატივი უნდა სცენ თუ რა?! აი რატომ იკლავენ თავს პარლამენტში შესვლაზე?! არჩევნებზე აუცილებლად წავალ.
გოჩა ლაბაძე: აუცილებლად მივალ. ამომრჩევლის ბარათი უკვე მომიტანეს, მაგრამ ჯერ ჩემი რჩეული არ მყავს.
ტარიელ ჩუბინიძე: ეს არის პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ჩემში არსებობს. პატივი უნდა ვცეთ ქვეყანას, მხარეს. მაჟორიტარობის კანდიდატებს ვიცნობ, „ქართული ოცნებიდან“ და „ნაციონალებიდან“. ორივე კარგი კანდიდატია. ჩემი რჩეული უკვე მყავს.
დათო მოდებაძე: არჩევნებზე მისვლა აუცილებელია. ყველა კანდიდატი ვიცი სათითაოდ. ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ „ოცნებას“, „ქართული ოცნება“ ნომერ პირველია.
მარიამ გვარამაძე: ჯერ არ ვიცი კანდიდატები ვინ არიან. არჩევნებზე წავალ და ჩემ ნებას გამოვხატავ. ჩემი რჩეული უკვე მყავს, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა.
გრიგოლ ლაბაძე: ოჯახის ყველა წევრი მივდივართ არჩევნებზე. მე მხარს „ქართულ ოცნებას“ ვუჭერ. არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს ვიცნობ.
ლევან მიქაბერიძე: აუცილებლად მივდივარ არჩევნებზე, ეს საყოველთაო ვალდებულებაა. მე ჩემი რჩეული უკვე მყავს, თუმცა საიდუმლოა. რაც შეეხება კანდიდატს, მხოლოდ გიორგი კოპაძეს ვიცნობ .
დავით მომცელიძე: არ ვიცი ვინ არიან მაჟორიტარობის კანდიდატები., მე უკვე მაქვს ჩემი პოზიცია, ვის უნდა მივცე ხმა, მაგრამ ჯერ არ ვამბობ.
ქეთევან ნაკაშიძე: მივდივარ თუ არა არჩევნებზე?! როგორ არა, არჩევნებზე აუცილებლად უნდა წავიდე იმისთვის, რომ რაღაც შეიცვალოს.
ნიკო მაღალდაძე: ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, რომ წავიდეს არჩევნებზე. მე უკვე მყავს ჩემი რჩეული პარტია.
მალხაზ მჭედლიძე: ჩემი ნება რომ იყოს, ყველას ვეტყოდი, რომ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. ახალი ხალხი გვინდა, ახალი!
ელდარ ტალახაძე: გიორგი კოპაძეს ვიცნობ, არჩევნებამდე ჯერ დროა, მხარს ვის დავუჭერ, ჯერ არ ვიცი.
ჯოტო კუჭაძე: გიორგი კოპაძესა და ვაჟა ჩიტაშვილს ვიცნობ, სხვები არ ვიცი. ჯერ არ გადამიწყვეტია, ხმას ვის მივცემ.
ზაზა ზაზაძე: ცოტა ხანი ვიფიქრებ, ვინ რისი გამკეთებელია და შემდეგ გადავწყვეტ ვის მივცე ჩემი ხმა.
ლევონ გუკასიანი: კი, არჩევნებზე მივდივარ, მაგრამ ვინც გინდა, ის იყოს. ჯერ არ მყავს შერჩეული, ხმა ვის უნდა მივცე. მაჟორიტარობის კანდიდატებსაც არ ვიცნობ.
მალხაზ გოზალიშვილი: ვაჟა ჩიტაშვილს ვიცნობ, გიორგი კოპაძესაც. არჩევნებზე აუცილებლად წავალ,მაგრამ ხმას ვის მივცემ, ამაზე საუბრისგან თავს ვიკავებ.
შოთა ხითარიშვილი: ვაჟა ჩიტაშვილი ვიცი კანდიდატი, სხვა არ ვიცი. არჩევნებზე აუცილებლად უნდა წავიდე და ხუთიანი უნდა შემოვხაზო.
მკრტიჩ ამბარცუმიან: ჯერ არაფერი არ ვიცი, ვის მივცემ ხმას. ხომ უნდა მოვიდნენ და მითხრან რა უნდათ.
მიშა იგიტბაშიანი: რომელიც კარგი დეპუტატი იქნება, იმას მივცემ ხმას. ჯერ არ ვიცი.
[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით