FM97.5 / LIVE

EMC-მ მოხის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.09.2016
ადიგენში, სოფელ მოხეში, მუსლიმი თემის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე სტრასბურგის სასამართლო იმსჯელებს.

EMC-მ  მოხის საქმეზე  სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2014 წელს სოფელ მოხეში მუსლიმი თემის უფლებების დარღვევის ფაქტებზე განაცხადი წარადგინა.

განაცხადში EMC დავობს მშვიდობიანი შეკრების მონაწილე ოთხი მუსლიმი პირის მიმართ პოლიციის მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და განმცხადებლების მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე) მუხლების დარღვევას ამტკიცებს. EMC საქმეს პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ ცენტრთან ერთად (EHRAC) აწარმოებს.

2014 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში მდებარე ისტორიული მეჩეთის დემონტაჟის დროს, საკულტო ნაგებობასთან მობილიზებულმა პოლიციამ ადგილზე სპონტანურად შეკრებილი მუსლიმები კოლექტიურად (მთლიანობაში 14 ადამიანი) დააკავა და ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგ არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა. საქმეში განმცხადებლებს წარმოადგენს ის ოთხი პირი, რომელთა მიმართ პოლიციამ განსაკუთრებით სასტიკი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა. შეკრების ადგილზე დაკავებისას ცემის გარდა, აღნიშნული პირები პოლიციის განყოფილებაში ფსიქოლოგიური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ, ერთ-ერთი მათგანის მიმართ კი სასტიკი ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. აგრეთვე, საპოლიციო ღონისძიების ყველა ეტაპზე დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ რელიგიური ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები.

განმცხადებლების მიერ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებები გამყარებულია მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის, 14 დაკავებული პირის გარდა, 13 ნეიტრალური პირის ახსნა-განმარტებით; განმცხადებლების ფიზიკური დაზიანებების დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაციით; წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) მიერ სპეციალურად ჩატარებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამოკვლევის ექსპერტული დასკვნებით.

მე-3 მუხლის არსებითი მოთხოვნის დარღვევის კონტექსტში განმცხადებლები სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე დავობენ. პოლიციის მიერ ქართველი მუსლიმების მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენა, რომელიც რელიგიური ნიშნით განპირობებულ დამამცირებელ მიმართვებში გამოიხატა, მათ მიერ არასათანადო მოპყრობის სიმძიმეს აძლიერებს და განმცხადებლების განსაკუთრებულ მოწყვლადობაზე მიუთითებს.

განაცხადში მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევის ნაწილში განმცხადებლები დეტალურად განიხილავენ გამოძიების მიმდინარეობის ხარვეზებს და მის არაეფექტურობაზე საუბრობენ.

პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება თითქმის ორი წელია მიმდინარეობს, თუმცა EMC-ის არა ერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე განმცხადებლებს დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვთ მინიჭებული. ეს გარემოება განმცხადებლებს სრულად ართმევთ გამოძიების პროცესის კონტროლისა და ზედამხედველობის შესაძლებლობას. საქმეში პრობლემურია სადავო ქმედების კვალიფიკაციის საკითხიც, რადგან პროკურატურა სრულიად უგულებელყოფს პოლიციის ქმედებებში სიძულვილის მოტივის არსებობის შესახებ შექმნილ გონივრულ ვარაუდს. მოწმეების მხრიდან კანონის დარღვევით მოქმედი კონკრეტული პოლიციელების იდენტიფიცირების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი თანამშრომლის მიმართ არ ჩატარებულა ამოცნობის საგამოძიებო ღონისძიება და არც სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულა. მნიშვნელოვანია, რომ მოწმეთა მიერ დასახელებული პირების რაიმე ფორმით დასჯის ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი გელა კოხოძე დაწინაურდა და აღნიშნული ინციდენტის შემდგომ მოხეში საგანგებოდ გახსნილი პოლიციის განყოფილების უფროსად დაინიშნა.

საქმეზე გამოკვეთილი სიძულვილის მოტივი და შემდგომი არაეფექტური გამოძიება მე-3 მუხლის გარდა, კონვენციის მე-14 მუხლის, კერძოდ სახელმწიფოს მიერ დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების დარღვევაზეც მიანიშნებს.

განაცხადში, მოხეში მუსლიმი თემის უფლებების დარღვევის გარდა, EMC უთითებს, მუსლიმი თემის მიმართ რელიგიური ნიშნით ძალადობისა და შეუწყნარებლობის სისტემურ ფაქტებზე (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, მოხე, ქობულეთი, ადიგენი) და ამ მიმართულებით სახელმწიფოს არაეფექტურ და არასეკულარულ პოლიტიკაზე. ამ კუთხით ორგანიზაცია უთითებს ბოლო დროს საერთაშორისო ორგანიზაციების (მათ შორის, რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის , გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის, ) კრიტიკულ შეფასებებზე. აღსანიშნავია, რომ მუსლიმი თემის უფლების შეზღუდვის ფაქტზე ზემოთ მითითებულ საქმეებზე არც ერთ პირს ამ დრომდე პასუხისმგებლობა არ დაკისრებია და მიმდინარე კონფლიქტები, მუსლიმების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე, ფაქტობრივად კონსერვირდა.

EMC სასამართლოს საქმის გარშემო არსებულ ვრცელ პოლიტიკურ კონტექსტში შეფასებას სთხოვს და იმედს გამოთქვამს, რომ დარღვევის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნულ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პრევენციულ ფუნქციას შეასრულებს არადომინანტი რელიგიური ჯგუფების რელიგიური და სხვა უფლებების დაცვისთვის.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტრასბურგის სასამართლომ EMC–ის საჩივარი წარმოებაში მიიღო
სტრასბურგის სასამართლომ მოხეს საქმის განხილვა დაასრულა
ჭელასა და მოხეში მიმდინარე მოვლენები EMC–ს შეფასებებში მოხვდა
ადიგენის გამგეობას მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლებენ
EMC: მოხეს კონფლიქტი მუსლიმი თემის დისკრიმინაციის სისტემურობაზე მიუთითებს
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სამი მოწმე დაიკითხა
არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა