FM97.5 / LIVE

‘გავნადგურდით’ – სოფელი ვარხანი სტიქიიდან მეორე დღეს [PHOTO]

მთავარისიახლე, ეკონომიკა 30.05.2016
ადიგენში, სოფელ ვარხანში, გუშინდელი წყალდიდობისგან დატბორილ სახლებს ამ დრომდე ასუფთავებენ. ჯერ სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა არ იციან, თუმცა, ზუსტად იციან, რომ მოსავლის გარეშე რჩებიან.

‘გავნადგურდით’ – სოფელი ვარხანი სტიქიიდან მეორე დღეს  [PHOTO]

სოფელ ვარხანში მცხოვრებმა ბიჩახჩიანებმა გუშინდელი ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს. მთელი ღამის განამავლობაში ოჯახის წევრები სახლის პირველ სართულს წყალდიდობის დროს შევარდნილი სილისგან წმენდნენ. ბიჩახჩიანები ამბობენ, რომ შევარდნილმა წყალმა საოჯახო ტექნიკა დაუზიანათ.

„სარეცხის მანქანა და მაცივარი განადგურდა. ტანსაცმელი, ავეჯი და კომპიუტერი წყალში ტივტივებდა“, – გვეუბნება მარინა ბიჩახჩიანი და ამატებს, რომ წყალმა ორი ოქროს ბეჭედიც გასტაცა, – „ოქრო „კამოდში“ მქონდა შენახული, წყალმა გადააყირავა, ალბათ გამოვარდა და დავკარგე“.

„ტანზე რაც მაცვია, ეს ტანსაცმელი დამრჩა. დანარჩენი წყალმა წაიღო“, – ამბობს შოთა ბიჩახჩიანი.

წყალდიდობამ ბიჩახჩიანებს სხვა კუთხითაც მიაყენა ზარალი.

„8 გოჭი და 8 ქათამი დამეხრჩო“, – ამბობს მარინა.

‘გავნადგურდით’ – სოფელი ვარხანი სტიქიიდან მეორე დღეს  [PHOTO]

ბიჩახჩიანები გამონაკლისები არ არიან. წყალი შევარდა მინაძეების სახლშიც.

„11 ქათამი გამტაცა წყალმა. სარდაფში შემოვარდნილმა ნიაღვარმა ქატო, ფქვილი, ლობიო და 100 კილოგრამი პურის მარცვალი გამინადგურა“, – გვეუბნება ბეგლარ მინაძე.

ადიდებულმა ოცხემ მინაძეებს ნათესებიც დაუტბორა.

„20 მეასედზე სიმინდი, ლობიო, კარტოფილი და პომიდორი მომყავდა. ეს იყო ჩვენი შემოსავალი“, – ამბობს ბეგლარი და ამატებს, – „გამგებელი იყო მოსული, თვითონაც წუხან და გვპირდებიან დაგეხმარებითო“.

ცისანა დემეტრაძე სტიქიის დროს სახლში მარტო იყო. ამბობს, რომ წყლის შეკავებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ: „ჭიშკარი შემოგლიჯა, სახლის კარს ვაწვებოდი წყალი რომ შემეკავებინა, მაგრამ ვერ შევძელი“.

‘გავნადგურდით’ – სოფელი ვარხანი სტიქიიდან მეორე დღეს  [PHOTO]

დღეს დილიდან ცისანა დემეტრაძეს ქუთაისიდან შვილები ჩამოუვიდნენ და სახლიდან წყლის ამოტუმბვაში ეხმარებიან.

მეზობლების მსგავსად, წყალდიდობის გამო კარტოფილის, სიმინდისა და ლობიოს ნათესები გაუნადგურდათ და შინაური ფრინველები დაეხრჩოთ კუპრაძეებს.

„ 30 წიწილა დამეხრჩო. კარტოფილის, ლობიოსა და სიმინდის მოსავლის იმედი მქონდა, ცოდოები ვართ“... – ამბობს ანტონ კუპრაძე.
მოვარდნილი ნიაღვრისგან დასილულია გორგოძეების სახლის ეზო და საქონლის სადგომი.

„ნაწილი ქათმები დამეხრჩო ნაწილი კი, ეზოშია ჩასილული. ავეჯი აღარ მივარგა“, – ამბობს ლიანა გორგოძე.

‘გავნადგურდით’ – სოფელი ვარხანი სტიქიიდან მეორე დღეს  [PHOTO]


სტიქიის დროს მეზობლებს დახმარებისთვის ეძახდა ჟუჟუნა გორგოძე, რომელიც იმ დროს სახლში მეუღლესთან ერთად იყო: „მეუღლეს ფეხი აქვს მოტეხილი და გარეთ ვერ გამოდის. ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა“...

‘გავნადგურდით’ – სოფელი ვარხანი სტიქიიდან მეორე დღეს  [PHOTO]

„მთელი ყანა წაიღო , 35 წიწილა დამეხრჩო. იმხელა წყალი იყო, წიწილა კი არა, მე კინაღამ წამიღო. გავნადგურდით, ამდენი ნაწვალები წყალში ჩაგვეყარა“, – გვეუბნება კიდევ ერთი დაზარალებული ია იაკობაძე.

სტიქიიდან მეორე დღეს ვარხანში მცხოვრებლებმა ჯერ ისევ არ იციან ზუსტად, რა ზარალი მიიღეს. დასილულ სახლებსა და ავეჯს ჯერ ახლა წმენდენ და ასუფთავებენ. თუმცა, სახლებისგან განსხვავებით, ჯერ ვერ შედიან დატბორილ ნათესებში.

„ჯერ ისეც ამდენი წვიმაა მავნებელი ნათესებისთვის, ამ დატბორვის მერე კი ან გადარჩება რამე და ან არა“, – ამბობენ ვარხანში.
აგროდაზღვევით აქ თითქმის არავინ სარგებლობს, ყოველ შემთხვევაში არავინ მათგან, ვინც ჩვენ ჩავწერეთ, შესაბამისად, მათ ამ კუთხით მიყენებულ ზარალსაც არავინ აუნაზღაურებს.

„მშივრები ვრჩებით“, – ამბობენ ვარხანში და მოღრუბლულ ცას უიმედოდ უყურებენ. მათი იმედი მაინც სახელმწიფოს დახმარებაა, თუმცა, როგორც სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში ამბობენ, სავარაუდოდ ადიგენში მხოლოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიყენებული ზარალი ანაზღაურდება.

შეგახსენებთ, ძლიერმა წვიმამ ადიგენში გუშინ 9 სოფელი დააზარალა, მათგან, სოფელი ვარხანი განსაკუთრებით. ზარალს ადიგენის გამგეობაში შექმნილი კომისია სწავლობს. გამგეობაში ამბობენ, რომ ზარალის დათვლას რამდენიმე დღე დასჭირდება.

‘გავნადგურდით’ – სოფელი ვარხანი სტიქიიდან მეორე დღეს  [PHOTO]

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წყალდიდობა ვარხანში: დატბორილია 25–მდე სახლი, დანგრეულია 3 საქონლის სადგომი
სოფელ ვარხანში  წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან [PHOTO]
ვარხანში მცხოვრები მსხვილიძეები გამგეობის დახმარებას ელიან
შსს: წყალდიდობის შედეგად ადიგენში არავინ დაშავებულა
ადიგენში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია
ადიგენში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან
ადიგენის სოფლებში სტიქიის შედეგებს ებრძვიან