FM97.5 / LIVE
გაფიცული მუშები და გაკვირვებული დირექტორის მოადგილე

გაფიცული მუშები და გაკვირვებული დირექტორის მოადგილე

მთავარისაზოგადოება 23.10.2012
ბორჯომის" N1 ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები პროტესტს აგრძელებენ და აცხადებენ, რომ საწარმო იქამდე იქნება გაჩერებული, ვიდრე ადმინისტრაცია ანაზღაურებას არ გაუზრდის. დირექტორის მოადგილე კი ირწმუნება, რომ ბორჯომის ქარხანაში საშუალო ხელფასები, საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესოა

გაფიცული მუშები და გაკვირვებული დირექტორის მოადგილე
ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანაში ყველა საწარმო გაჩერებულია. ეზოში 250-მდე ადამიანია შეკრებილი: ქარხნის მუშები, მტვირთავები, დამლაგებლები, გარდერობის ზედამხედველები და ბარკოდის აღმრიცხველები. ყველა მათგანს ერთი და იგივე მოთხოვნა აქვს - სამუშაო საათების შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა და ხელფასების მომატება.

მუშები აცხადებენ, რომ ქარხანაში, შესვენების გარეშე, დღეში 8 საათს მუშაობენ, ანაზღაურება კი 375 ლარი აქვთ, საიდანაც სამედიცინო დაზღვევის თანხაც ექვითებათ.

”ოჯახი რომ დავაზღვიო, უნდა გადავიხადო 80 ლარი. ამხელა კომპანიაა, თვითონ უნდა იხდიდეს, ჩვენ კი არ უნდა ვიხდიდეთ. 295 ლარით ვარჩინო ორი შვილი?! კომფორტზე არ მაქვს საუბარი, ელემენტარულ პირობებს ვითხოვთ. გადავიანგარიშოთ, ოთხსულიან ოჯახს რამდენი უნდა რომ იარსებოს”, - ამბობს კახა ჩხენკელი, რომელიც 16 წელიწადია ქარხანაში მუშად მუშაობს.

მუშები ამბობენ, რომ მათი საშუალო ანაზღაურება, 500 ლარი მაინც უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ ხშირად, როცა ქარხანაში შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო გეგმის შესრულება ფერხდება, 8 საათის ნაცვლად 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადიან.

”დილის 8-დან 4-მდე თუ უნდა ვმუშაობდეთ, ვმუშაობთ 8-მდე. შესვენება არასოდეს არ არის, ესენი ვიცით რასაც გვეტყვიან: გაგიკეთებთ შესვენებას, ოღონდ თუ მუშაობს ოთხი კაცი ცვლაში, დავტოვებთ სამსო. ამით გვემუქრებიან, გაგიშვებთ სამსახურიდანო”, - გვეუბნება ზაზა ტეტუნაშვილი.

ანაზღაურების სიმცირეზე ჩივიან დამლაგებლებიც, რომელთა ხელფასი დღეში 6.88 ლარიდან 9.00 ლარამდეა.

ქეთევან ინდუიაშვილი ბორჯომის ქარხანაში 27 წელიწადია მუშაობს. ბოლო 7 წელიწადია დამლაგებელია, მანამდე პროდუქციის ჩაწყობაზე მუშაობდა. მისი ანაზღაურება დღეში 9.00 ლარია.

”შემცირდა ხაზი, დანადგარი მოიტანეს ისეთი, რომ აღარ ჭირდებოდათ ჩამწყობები და გადავედი დამლაგებლად. 8.50 ლარი მქონდა ხელფასი დღეში და მომიმატეს 50 თეთრი. ჩვენი მოთხოვნა ხელფასების გაორმაგებაა”, - ამბობს იგი.

ინდუაშვილის მსგავსად ბოთლების ჩამწყობად მუშაობდა და ანაზღაურებას გამომუშავების მიხედვით იღებდა ნუნუ ბალასანიძესაც, რომელსაც ქარხანაში მუშაობის 31-წლიანი გამოცდილება აქვს. ახლა მზა ნაწარმის საამქროში დამლაგებლად მუშაობს და დღეში 6.88 ლარს იღებს.

”გარდეროფი, ხალათების რეცხვა, უბორკები, 8 საპირფარეშოს დალაგება -ყველაფერი მე მაბარია. ადრე უკეთესი ხელფასები იყო, ახლა უფრო მეტი წყალი გადის, ხელფასზე არ ისახება. არც პრემიებია ჩვენთვის და არც არაფერი. ადრე გადიოდა 70-80 ვაგონი, ახლა გადის 110-115, ერთ ვაგონში შედის 73 720 ბოთლი წყალი, გადაიანგარიშეთ 70 თეთრზე რამდენია”, - ამბობს იგი.

გაფიცულ თანამშრომლებს უკვე შეხვდა კომპანია ”IDS ბორჯომის” გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ბაღდავაძე. იგი ამტკიცებს, რომ მუშების საშუალო ხელფასი, დარიცხული, 650 ლარია. ზაფხულის პერიოდში, როცა პროდუქციას მეტი გასავალი აქვს, თანხა 800-900 ლარამდე იზრდება. ამას თანამშრომელთა დაზღვევა, უფასო კვება და ტრანსპორტირება ემატება, ამდენად, თანამშრომლებს გაფიცვისთვის საბაბი არ აქვთ.

”გეუბნებით და კატეგორიულად დავასაბუთებ კიდეც, რომ ქარხანაში საშუალო ხელფასი, დარიცხული, არის 650 ლარი. საშუალო ხელფასიდან გამომდინარე, ანაზღაურება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამას დამატებული სოციალური მომენტები, ასევე ის დახმარებები, რასაც ჩვენ ვახორციელებთ თითოეული მუშა-მოსამსახურის მიმართ, იმსახურებს ნორმალურ დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ”, - აცხადებს ბაღდავაძე.

მუშები ბაღდავაძის ნათქვამს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ 500-ლარს და მეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ, თუ დაგეგმილზე ორჯერ მეტს იმუშავებენ.

”რა 650? ჩვენ შეიძილება მუშები ვართ, მაგრამ იმის განათლება გვაქვს, გავიგოთ რა და როგორ ხდება”, - ამბობს ზაზა ტეტუნაშვილი.

”თუ ვიმუშავებთ 12 საათს ყოველდღე, თვეში 47-დღეზე თუ ავალთ, მაშინ გვაქვს. გამოვა ეგრე დამატებით საათებს თუ დავუმატებთ. ეს ხდება ხოლმე ზაფხულში”, - გვეუბნება კახა ჩხენკელი.

ბოლო ათეული წლების განმავლობაში, ეს ქარხნის თანამშრომლების მასობრივი პროტესტის პირველი შემთხვევაა. ბაღდავაძე ამბობს, რომ პერსონალი ქვეყანაში შექმნილი დგომარეობის გამო გაიფიცა: ”მესმის, შეიძლება იკითხოს ვინმემ, რომ თუ ასეთი მდგომარეობაა, რატომ მოხდა გაფიცვა და გამოსვლები. მე მაინც ვფიქრობ, რომ ზოგადი პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე, ვინაიდან არის გარკვეული მოლოდინები, მათაც უნდათ რომ არ ჩამორჩნენ უკეთეს ცხოვრებას. მინდა იცოდნენ, რომ ჩვენთან კლება არ იქნება, არც მუშა-მოსამსახურეების მხრივ და არც ხელფასების მხრივ. მხოლოდ და მხოლოდ მატება, ამის გარანტი ვარ”.

თანამშრომლებს კი ბაღდავაძის დაპირებების არ სჯერათ და არს მის მოსაზრებას ეთანხმებიან იმის შესახებ, რომ მათი პროტესტი მტავრობის შეცვლას მოჰყვა.

”30 წელიწადია რაც ვმუშაობთ და პირველი შემთხვევაა ასეთი მასობრივი პროტესტის. პოლიტიკა და მთავრობის ცვლილება არაფერ შუაშია, ხელფასებს ვითხოვთ! ივლისიდან გვპირდებიან მომატებუილ გაქვთ, მომატებული, აქამდე მოვედით იმედით და არაფერი არ არის”, - ამბობს ფატი ბერიძე.

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხანა, ორ, პირველ და მეორე ქარხნებს აერთიანებს. ორივე საწარმოში 500 ადამიანია დასაქმებული. ამას ბორჯომის დისტრიბუციაში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობაც ემატება. ჯამში საწარმოს 2000-მდე თანამშრომელი ჰყავს. პროტესტი დღეს პირველი ქარხნის მუშებმა გამოთქვეს. არ გაფიცულან, თუმცა არც მუშაობდნენ მეორე საწარმოს მუშებიც. გაფიცულ თანამშრომლებს ლევან ბაღდავაძე პირობების გადახედვას დაჰპირდა. მომსახურე პერსონალი კი აცხადებს, რომ ამ დაპირებებს აღარ ენდობიან და არ განაგრძობენ მუშაობას ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

”ახლა აქ გუგუნი უნდა იყოს მოტორების, ხომ ხედავთ რა სიჩუმეა. ასე იქნება, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და გენერალური დირექტორი არ შეგვხვდება”, - აცხადებენ მუშები. გენდირექტორს კი, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში არ არის, ბორჯომში ხუთშაბათისთვის ელოდებიან.

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ბორჯომის" ჩამომსხმელ ქარხანაში მომსახურე პერსონალი გაიფიცა
ბორჯომის ქარხანაში მოლაპარაკებებზე ვერ შეთანხმდნენ
ბორჯომში მუშების პროტესტი გრძელდება
კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველოს” განცხადება
თანამშრომლებს  კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველო” იმიჯის შებღალვაში ადანაშაულებს
ბორჯომში მოლაპარაკებები შედგა
ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები ისევ გაიფიცნენ