FM97.5 / LIVE

‘ვერ გაგვიგია სოფელში ვცხოვრობთ თუ ქალაქში’ – ივანე ახალციხელის ქუჩიდან აქციებით იმუქრებიან

მთავარიეკონომიკა 06.07.2015
ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა გზის, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. ამ მოთხოვნით ქუჩის მაცხოვრებლები ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ.

‘ვერ გაგვიგია სოფელში ვცხოვრობთ თუ ქალაქში’ – ივანე ახალციხელის ქუჩიდან აქციებით იმუქრებიან

ახალციხეში, ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დღეს დილიდან ადმინისტრაციულ შენობასთან იყო შეკრებილი. ისინი ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, ივანე ახალციხელის ქუჩაზე სოფელთან დამაკავშირებელი გზის მოწესრიგება უკვე დაიწყო, თუმცა ამ დასახლებაში კიდევ რამდენიმე ჩიხია, სადაც იგივე პრობლემებია.

„სამი–ოთხი წელია, რაც ეს მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, გვპირდებიან, დღეს იქნება, ხვალ იქნება, აგერ უკვე მარტიდან უნდა დაწყებულიყო გზასთან დაკავშირებული სამუშაოები, გაეყვანათ კანალიზაცია, მაგრამ ჯერ არაფერი კეთდება. ვერ გაგვიგია სოფელში ვცხოვრობთ თუ ქალაქში, სოფლიდან ჩამოხვალ სუფთად და ქალაქში, ივანე ახალციხელის ქუჩიდან ვერ გამოხვალ, რომ არ გატალახიანდე“, – ამბობს ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრები თამაზ კაპანაძე.

‘ვერ გაგვიგია სოფელში ვცხოვრობთ თუ ქალაქში’ – ივანე ახალციხელის ქუჩიდან აქციებით იმუქრებიან იგივე პრობლემებზე საუბრობს ამავე ქუჩაზე მცხოვრები შოთა კაპანაძე. მისი თქმით, ათი წლის განმავლობაში, ამ საკითხებზე არაერთ მთავრობას მიმართეს, თუმცა, ამ დრომდე პრობლემა პრობლემად რჩება და დასახლებაში არაფერი გაკეთებულა.

„წყალი მოდის ნახევარი საათი, იმ ნახევარ საათშიც ჰაერი გამოდის, ჰაერი წერს ფულს და სინამდვილეში ჩვენ წყალს ვერ ვიღებთ. ათასჯერ შეგვპირდნენ, რომ ორი საათი დილით მოვიდოდა წყალი, ორი საათი საღამოს, მაგრამ სიტყვა სიტყვად დარჩა და ფაქტობრივად არაფერი კეთდება. ახლა ჩვენ გვინდა სრულყოფილად გავიგოთ პასუხი იქნება ეს ყველაფერი, თუ არ იქნება“, – ამბობს შოთა კაპანაძე.

იმ შემთხვევაში თუ ამ კითხვაზე პასუხს ვერ მიიღებენ, ადგილობრივები ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

ადმინისტრაციულ შენობის წინ შეკრებილ მოსახლეობასთან შესახვედრად ახალციხის მერის წარმომადგენელი აღნიშნულ დასახლებაში დავით სამსონიძე მივიდა. მისი თქმით, წყლის პრობლემა ამ დასახლებაში სეზონურია, მოსახლეობა წყალს სარწყავად იყენებს და შესაბამისად წყლის სიმცირეც ამან გამოიწვია.

„ეს პრობლემა ძირითადად დაკავშირებულია ზაფხულის სეზონთან, გარდა ამისა, ქალაქში თითქმის 70–80 პროცენტი სასმელი წყლის მილები შეიცვალა, როგორც კი გადაირთვება ახალ მილებზე, კარგვა ნაკლები იქნება, მარაგი მოიმატებს და ეს პრობლემა ნაწილობრივ მოწესრიგდება“, – ამბობს დავით სამსონიძე.

რაც შეეხება საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას, მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ეს პრობლემაც მოგვარდება. თუმცა, წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ეკუთვნის.

‘ვერ გაგვიგია სოფელში ვცხოვრობთ თუ ქალაქში’ – ივანე ახალციხელის ქუჩიდან აქციებით იმუქრებიან ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრებლები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ფილიალშიც მივიდნენ და მენეჯერს გიორგი ბაგინაშვილს შეხვდნენ.

გიორგი ბაგინაშვილის თქმით, ამ დასახლებაში საკანალიზაციო სისტემა მთლიანად მოწესრიგდება და აღნიშნული სამუშაოები მალე დაიწყება. ამისთვის 473 ათასი ლარი დაიხარჯება.

„სამინისტროსგან პასუხი მიღებულია და კანალიზაციის ახალი ქსელი გაკეთდება, ასფალტთან ერთად ეს პრობლემაც მოგვარდება. კანალიზაცია თუ გაკეთდება, გაკეთდება ყველგან, მთელ დასახლებაში“, – განაცხადა გიორგი ბაგინაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

სასმელი წყლის სიმცირესთან დაკავშირებით, ბაგინაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ერთმანეთს ანგარიში გაუწიონ და სასმელი წყალი სარწყავად არ გამოიყენონ.

ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრები ჟორა სამსონიძე არ მალავს, რომ წყალს სარწყავადაც იყენებს და ამბობს, რომ იგი წყლის ფულს იხდის და რამდენი წყალიც დასჭირდება, იმდენს დახარჯავს.

რაც შეეხება იმას, რომ მილებში ჰაერი გამოდის და მრიცხველი იმაზე მეტს წერს, ვიდრე მოსახლეობა ხარჯავს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომანიის რეგიონულ ფილიალში განმარტავენ, რომ მოსახლეობა ინფორმაციას არასწორად ავრცელებს.

„ამბობენ, რომ ორმოცი წუთი მრიცხელი ტრიალებს და ჰაერი გამოდის. მაგრამ ეს არასწორია, ამის საშუალება არსებობს, შეიძლება მრიცხველზე დააყენონ შესაბამისი უკუსარქველი, რომელიც გამოდევნის ჰაერს და მრიცხველამდე აღარ მივა წყალი“, – ამბობს ბაგინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ ახალციხის მერიასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონულ ფილიალს ერთი კვირის წინაც მიმართა. თუმცა, მაშინ მხოლოდ სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე მცხოვრებლები შეიკრიბნენ. ახლა კი პროტესტი ამ დასახლებაში სხვა ჩიხებში მცხოვრებლებმა გამოთქვეს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ
ივანე ახალციხელის ქუჩაზე ჯერ გზას დააგებენ, შემდეგ საკანალიზაციო ქსელს მოაწყობენ
დღის კითხვა: რას ითხოვენ ივანე ახალციხელის ქუჩაზე [Video]
აბის დასახლებაში წყლისა და საკანალიზაციო სისტემა მოწესრიგდება
'სამსახურიდან რომ მიხვალ სახლში, აბანო მინისტრსაც უნდა და გლეხსაც' – დასახლება კანალიზაციის გარეშე
ერთ კვირაზე მეტია,  ივანე ახალციხელის ქუჩა  ჩაბნელებულია
საბარგო სადგურის დასახლებაში გზის გადაკეტვით იმუქრებიან