„სამხრეთის კარიბჭემ“ წარმომადგენლობითი ხარჯების ოდენობისა და მათი გახარჯვის შესახებ ინფორმაცია ახალციხის მერიიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და სამცხე–ჯავახეთის გუბერნიიდან 2014 წლის ივლისიდან ამავე წლის დეკემბრამდე გამოითხოვა;
სამივე უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გასულ წელს წარმომადგენლობითი ხარჯისთვის 5 800, ქალაქის მერიაში 7 600, სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში კი 3 000 ლარი იყო გათვალისწინებული.
თვითმმართველობები სტუმრებს „ალავერდში“ უმასპინძლდებიან
გუბერნიამ 3 000–დან 946 ლარი დახარჯა. ამ თანხით მათ რესტორანში სტუმრების მიპატიჟება არ დასჭირვებიათ. ხარჯის ძირითადი ნაწილი გუბერნიაში სხვადასხვა შეხვედრების დროს მატონიზირებელი და მინერალური სასმელების შესაძენად გაიხარჯა.
გუბერნიისგან განსხვავებით, გასული წლის ბოლო ექვს თვეში, ქალაქის მერიას ერთხელ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას კი ორჯერ, სტუმრების გამასპინძლება რესტორანში მოუხდათ. ორივე უწყებამ ხელშეკრულება ახალციხეში, აბასთუმნის გზატკეცილზე მდებარე რესტორანთან, შპს „ალავერდთან“ გააფორმა.
12 დეკემბერს მერიამ „ალავერდთან“ ხელშეკრულება 1 920 ლარზე გააფორმა. ეს თანხა მინისტრებისა და სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით გასამართი სადილის უზრუნველყოფას დასჭირდა.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გამგეობას, მან შპს „ალავერდთან“ პირველი ხელშეკრულება 8 ნოემბერს 896 ლარზე გააფორმა, მეორე კი 12 დეკემბერს 540 ლარზე; პირველად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, მეორედ კი მთავრობის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
თანამდებობის პირების ოჯახის წევრების წილი „ალავერდში“
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (N 712272), რომელიც 2014 წლის 11 თებერვალს მომზადდა, შპს „ალავერდს“ სამი მეწილე ჰყავს: 34%–იანი წილის მფლობელი ნინო კარკაძე ქალაქის საკრებულოს დეპუტატის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თვმჯდომარის მამუკა მიქელაძის მეუღლეა; 33%–ინი წილი მანანა კბილაშვილს, გუბერნატორის მოადგილის ავთანდილ კაჭკაჭაშვილის მეუღლეს ეკუთვნის; ასევე, 33%–იანი წილი აქვს იური ჩინჩალაძეს, იგი მექანიზაციის სერვისცენტრის მმართველის კახა ჩინჩალაძის მამაა.
მიუხედავად იმისა, რომ გუბერნატორის მოადგილე მეუღლის აღნიშნულ წილს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში,
იმ მოტივით მალავს, რომ ობიექტი მოგებაზე არ მუშაობს, მიქელაძე დეკლარაციაში სწორედ „ალავერდიდან“ მიღებულ შემოსავალს 3 128 ლარს უთითებს.
იცრუა თუ არა გუბერნატორის მოადგილემ?
მიქელაძეს დეკლარაცია გასული წლის 5 სექტემბერს აქვს შევსებული, კაჭკაჭაშვილს კი ამ თარიღიდან შვიდი თვის შემდეგ – 2015 წლის 9 მარტს. მიუხედავად ამისა, იგი აცხადებს, რომ რესტორანი ამ დრომდე შემოსავლის გარეშე, ვალებით მუშაობს.
„ფაქტია, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ცრუობს. თუ შემოსავალი მიიღო მეწილემ, ეს ნიშნავს, რომ საწარმო მომგებიანია“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე და ამატებს, – „სულ რომ აღარც არსებობდეს ეს ობიექტი და მხოლოდ რეესტრში იყოს რეგისტრირებული, ვალდებულია საჯარო მოხელე დეკლარაციაში ასახოს. ეს პირდაპირი დარღვევაა, თან აშკარად ჩანს, რომ ობიექტი ფუნქციონირებს“.
კითხვაზე, ქმნის თუ არა უხერხულობას საჯარო მოხელეებისთვის ის გარემოება, რომ ხელშეკრულებას იმ რესტორანთან აფორმებენ, რომელიც, ასევე საჯარო მოხელეებისაა, გვპასუხობენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან.
„არ ვიცი ვისია ეს რესტორანი, სადაც კარგი ინტერიერი, მომსახურება და ნორმალური ფასებია, სტუმრებიც იქ მიგვყავს“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.
[თამუნა უჩიძე, ახალციხე]