დასაქმების ფორუმი სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული ზრდისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ფორუმში მონაწილეობდნენ საჯარო სამსახურის ბიურო, ახალციხის იუსტიციის სახლი, ახალციხეში მოქმედი მცირე და საშუალო კომპანიები, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ახალციხის ოფისები, ახალციხეში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და საჯარო სკოლების წარმომადგენლები. ფორუმზე, როგორც დამსაქმებელი, მიწვეული იყო „სამხრეთის კარიბჭეც“, რომელმაც სტუდენტებს რამდენიმე ვაკანსია შესთავაზა.
„სტუდენტებს გავაცანით როგორ ხდება ჩვენთან ვაკანსიების გამოცხადება და შემდეგ თანამშრომლების მიღება. ჩვენ ძირითადად ვაკანსიები გვაქვს ქონების მართვის, აუდიტისა და ინფრასტრუქტურის კუთხით. როდესაც ამ მიმართულებით ვაკანსიებს გამოვაცხადებთ, სტუდენტებს შეუძლიათ თავიანთ მონაცემები ატვირთონ hr.gov.ge -ზე, რის შემდეგაც მათ მოუწევთ რამდენიმე ეტაპის გავლა“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურამ მელიქიძე.
სესხისა და გაყიდვების ოფიცერის ვაკანსია შესთავაზა სტუდენტებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ HR სპეციალისტმა თამარ ლომთაძემ: „ჩვენი ორგანიზაცია ახალციხეში ახალი გახსნილია. ზოგადად დაკრედიტების კუთხით 10 წელზე მეტია ვმუშაობთ. თანადათან ვითარდებით, ამ ეტაპისთვის 500 დასაქმებული გვყავს, წლის ბოლომდე ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. უპირატესობას ვანიჭებთ სტუდენტებს“.
ფორუმზე მყოფმა სტუდენტებმა თავიანთი რეზიუმეები ყველა იმ ორგანიზაციას დაუტოვეს, რომელთა ვაკანსიებმაც მათი ყურადღება მიიპყრო.
„სტუდენტები მოსვლითანავე დაინტერესდნენ ვაკანსიებით, გაიგეს დამსაქმებლების პირობები და სურვილისამებრ დატოვეს თავიანთი მონაცემებიც. ფორუმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი დასაქმდეს“, – აღნიშნა სტუდენტთა კარიერული ზრდისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა მერი სახამბერიძემ.
სამცხე– ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე ამბობს, რომ ფორუმი უნივერსიტეტის ბაზაზე, რეგულარულად ჩატარდება: „სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დამსაქმებლებს შეხვედროდნენ და მათ წინაშე გარკვეული უნარ – ჩვევები წარმოეჩინათ. დამსაქმებლებიც დაინტერესდნენ ჩვენი სტუდენტებით. მთავარია, რომ ამ ყველაფერს დამსაქმებლები ძალიან სერიოზულად მოეკიდნენ“.
სტუდენტებს იმედი აქვთ, რომ დამსაქმებლები განიხილავენ მათ cv– ებს და დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდებიან.
„დამსაქმებლების უმრავლესობა ითხოვს გამოცდილებას, რაც სტუდენტების უმრავლესობას არ აქვს“, – გვითხრა სამცხე – ჯავახეთის სახელმიწფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტმა დავით ხარშილაძემ.
დასაქმების ფორუმის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა და ფორუმში მონაწილე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტანსაცმლის მხატვრულ – კოსტუმირებისა და ქვის და სხვა მასალათა დეკორატიული დამუშავების პროფესიული პროგრამის სტუდენტების ნამუშევრები დაათვალიერეს.
[მანანა სარაშვილი, ახალციხე]