FM97.5 / LIVE

საარჩევნო წელი ადგილობრივ ბიუჯეტში

მთავარიეკონომიკა 13.09.2012
არის თუ არა განსხვავება საარჩევნო და არასაარჩევნო წლის ბიუჯეტებს შორის და რაზეა ორიენტირებული ადგილობრივი ბიუჯეტი საარჩევნო წელს

საარჩევნო წელი ადგილობრივ ბიუჯეტში

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი 6,650,000 ლარით დამტკიცდა. გასული წლებისგან განსხვავებით, ამჟამად რიგით პირველი პრიორიტეტები გზა და წყალი აღარაა. წელს მთავარი აქცენტი დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა გადატანილი.

დამტკიცებიდან დღემდე ბიუჯეტში ცვლილება რვაჯერ შევიდა: 17 იანვარს, 9 თებერვალს, 9 მარტს, 19 მარტს, 2 აპრილს, 24 მაისს, 14 ივნისს და 13 ივლისს.

ბოლო, მერვე ცვლილების მიხედვით, 2012 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 42,793,083 (ორმოცდაორი მილიონ შვიდას ოთხმოცდაცამეტი ათას ოთხმოცდასამი) ლარს, ხარჯები კი 44,432,074 (ორმოცდაოთხი მილიონ ოთხას ოცდათორმეტი ათას სამოცდათოთხმეტი) ლარს შეადგენს. აქედან, 33,847,355 ისტორიული უბნის, ”რაბათის” განვით არებისთვის იხარჯება.

ბოლო სამი წლის ადგილობრივ ბიუჯეტებს თუ ჩავხედავთ, ციფრები ასე გამოიყურება: 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, ფაქტობრივი შესრულება - 6,229,166 ლარი; 2011 წელი, ასევე დეკემბრის თვის ფაქტი - 18,095,059; 2012 წელი, პროექტი-44,432,074 ლარი.

ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მისაღებად 2011 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურს წერილობით მივმართეთ. ვითხოვდით 2010, 2011 და 2012 წლების დამტკიცებულ (წლის დასაწყისის მდგომარეობით) და დაზუსტებულ (ცვლილებების შეტანის შედეგად მიღებული) ბიუჯეტებს; ინფორმაციას 2012 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესული ცვლილებების შესახებ; მიმდინარე წლის ბიუჯეტში სოციალური პაკეტის ოდენობას; სოციალური პაკეტიდან უკვე გაცემული თანხების შესახებ ინფორმაციას;

გარდა ამისა, ვთხოვდით მოეწოდებინათ ინფორმაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ; საგამომცემლო საქმიანობისთვის გამოყოფილი თანხის შესახებ; ვითხოვდით ბოლო სამი წლის საკრებულოსა და გამგეობის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს; 2010, 2011 და 2012 წელს ჩარიცხული ტრანსფერების ოდენობას და ასევე, გვაინტერესებდა იყო თუ არა წელს ბიუჯეტში დამატებული ისეთი პროგრამები, რომლებიც გასული წლის ბიუჯეტში არ იყო; რა იყო ეს პროგრამები და რა თანხა იყო მათთვის გამოყოფილი.

მიღებულ პასუხში, რომელსაც ხელს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე აწერს, ვკითხულობთ, რომ 2010, 2011 და 2012 წლის ბიუჯეტები შეგვიძლია ვიხილოთ საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე. 2012 წლის ბიუჯეტის სოციალური პაკეტიდან იანვრიდან დღემდე (3 აგვისტომდე) გახარჯულია 258 072,86 ლარი და ისარგებლა 1133-მა მოქალაქემ. საგამომცემლო საქმიანობისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. დანართის სახით პასუხს ახლავს 2010, 2011 და 2012 წლების საშტატო ნუსხა, თუმცა, მხოლოდ გამგეობის.

დანართის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, უცვლელია და 2 360 ლარით განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგებლის ხელფასი. თუმცა, გასულ წლებთან შედარებით, შტატები გაზრდილია. 2010 წელს გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში დასაქმებულია ექვსი ადამიანი; 2011 წელს - 13 ადამიანი, 2012 წელს კი - 15. მიმდინარე წელს დამატებულია ორი შტატი: მთავარი და წამყვანი სპეციალისტები სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში, თანამდებობრივი სარგოებით - 420 და 400 ლარი.

საინტერესოა სოფლის რწმუნებულთა ანაზღაურებაც. 2010-2011 წლებში სოფლის რწმუნებულთა ანაზღაურება 400 ლარია; მიმდინარე წელს კი მათი თანამდებობრივი სარგო 700 ლარით განისაზღვრება.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2012 წელს შექმნილია ახალი სამსახური, - სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური, სამი შტატით: სამსახურის უფროსი, თანამდებობრივი სარგო - 700 ლარი და ორი მთავარი სპეციალისტი, ანაზღაურებით - 420 ლარი.

ასევე, 2012 წელს 2011 წელთან შედარებით, გაზრდილია გამგეობის დამხმარე მოსამსახურეთა რიცხვიც. თუ 2011 წელს გამგეობის დამხმარე მოსამსახურეთა რაოდენობა ოთხით განისაზღვრებოდა (გამგებლის მძღოლი, 2 დამლაგებელი და ერთი ადამიანი ხელშეკრულებით), 2012 წელს მათი რაოდენობა ცხრით განისაზღვრება. დამატებულია ერთი საქმისმწარმოებელი, ანაზღაურება-200 ლარი; ორი ზედამხედელი, თანამდებობრივი სარგო 500 ლარი; სამი დარაჯი, ამათგან, ერთის ანაზღაურება 200 ლარი, ორის - 250.

საარჩევნო წელი ქალაქს ერთი შეხედვითაც ეტყობა. დაწყებულია შიდა გზების კეთილმოწყობა.

მაგალითად, ასფალტის საფარი იგება ყოფილ სამხედრო დასახლებაში, კოსტავას ქუჩაზე, სადაც წლებია გზა ავარიული იყო და მოსახლეობა ყურადღებას ითხოვდა.სამუშაოები დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო და საყურადღებოა ისიც, რომ შპს ”ასტორიას” ტრაქტორს, რომელიც სამხედრო დასახლებაში გზას ასწორებს, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიმბოლიკა, ხუთი ნომერი აქვს დამაგრებული.

საარჩევნო წელი ადგილობრივ ბიუჯეტში

”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშის თანახმად, ”სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვა”, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველომ მიმდინარე წლის 20 ივლისს გამოაქვეყნა, წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი სამშენებლო პროექტების წამოწყება, როგორიცაა, სახელმწიფო ან მუნიციპალური შენობა-ნაგებობების, სამედიცინო დაწესებულებების, სკოლების, პარკების, გზების აღდგენა შეკეთება და ასე შემდეგ, სწორედ სახელმწიფო ხარჯების საარჩევნო მიზნით ხარჯვაა.

ახლციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბოლო ცვლილების დოკუმენტს თუ გადავხედავთ, მუხლში - ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, მიმდინარე წელს 38,836,158 ლარია გათვალისწინებული. გასულ წელს იგივე მიზნით 14,730,545 ლარი დაიხარჯა, 2010-ში კი 3,730,033 ლარი. ამავე მუხლში საინტერესოდ გამოყურება ის თანხები, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში სპორტული მოედნების მოწყობასა და მემორიალების, პარკების, სკვერების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე იხარჯება.

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილების №3 დანართის თანახმად, მაგალითად, 2010 წელს სპორტული მოედნების მოსაწყობად 56,125 ლარი დაიხარჯა, 2011 წელს - 0 ლარი, 2012 წელს კი 94,000 ლარია გათვალისწინებული. ასევე, ”მემორიალების, პარკების, სკვერების მშენებლობა რეაბილიტაციისთვის” 2010 წელს დახარჯულია 151,629 ლარი; 2011 წელს - 0 ლარი; 2012 წელს (13 ივლისის მდგომარეობით) გამოყოფილია 10 000 ლარი.

საარჩევნო წელი იგრძნობა ადგილობრივი ბიუჯეტების სოციალურ პაკეტებშიც. მაგალითად, ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილების №3 დანართის თანახმად, 2010 წელს (საარჩევნო წელს) სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის დახარჯულია 772,357 ლარი; 2011 წელს (არასაარჩევნო წელს) დაგეგმილია იმაზე გაცილებით ნაკლები, ვიდრე წინა წლის შესრულებაა, 430,877 ლარი, დახარჯულია 386,413 ლარი, ხოლო 2012 წელს (საარჩევნო წელს) დაგეგმილია - 535,000 ლარი. (უფრო მეტი ვიდრე წინა წლის ხარჯვაა).

”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშის თანახმად, საარჩევნო წლებში იზრდება სხვადასხვა ფონდებიდან გამოყოფილი თანხების რაოდენობაც. მაგალითად, მიმდინარე წლის 22 მაისს ”საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შედეგად, საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 100 მილიონი ლარით (33,7%-ით) გაიზარდა და 397 მილიონი ლარი გახდა. ეს ცვლილება ემჩნევა ადგილობრივ ბიუჯეტსაც. მიმდინარე წელს გრაფაში რეგიონების ფონდის გადანაწილება, ციფრი - 30,600,000-ით განისაზღვრება. გასულ წელს კი ეს თანხა 5,190,000 ლარს შეადგენდა.

საარჩევნო და არასაარჩევნო წლებს შორის ციფრებში დიდი სხვაობაა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ სახსრებშიც. მაგალითად, 2010 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია 140 000 ლარი, 2011 წელს - 79 000, 2012 წელს კი - 500 000-მდე იზრდება.

“ბოლო წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჯარო ფინანსების ხარჯვის ტენდენციები საარჩევნო წლებში განსხვავებულია – ბიუჯეტი უფრო მეტად სოციალურ, მოკლევადიან დასაქმების და სხვა ტიპის პოპულისტური პროექტების განხორციელებაზეა ორიენტირებული, ამ კუთხით არც 2012 წელია გამონაკლისი”, – ნათქვამია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველოს ანგარიშში.

ექსპერტების განცხადებით, ადგილობრივი ბიუჯეტები იმდენად გაუმჭვირვალეა, რომ ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენება მარტივად ხდება. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, ”საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თუ მთავრობა ბიუჯეტს ზედმიწევნით დეტალურად გაწერს, მცირეა იმის ალბათობა, რომ ხარჯვა საარჩევნოდ მოტივირებული იქნება, რადგან ადვილად გაკონტროლდება სად და რისთვის იხარჯება ფული”.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, ბიუჯეტის საარჩევნო მიზნით ხარჯვას საგრძნობლად შეამცირებს პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლა. მთავრობამ კი თვითმმართველობების ბიუჯეტების პროგრამული სახით გაწერა 2013 წლისთვის გადადო.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.


საარჩევნო წელი ადგილობრივ ბიუჯეტში საარჩევნო წელი ადგილობრივ ბიუჯეტში


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში პროგრამულ ბიუჯეტზე არ გადასულან

ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

რაში დაიხარჯება ახალციხის ბიუჯეტი 2017 წელს
ადმინისტრაციული სამსახურები პრემიების ოდენობას არ ასაჯაროებენ