FM97.5 / LIVE

რაზე გაიწერა 2012 წლის ბიუჯეტი?

მთავარიეკონომიკა 16.02.2012
მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტი და შეცვლილი პრიორიტეტები; გაზრდილი ხარჯები და ინფრასტრუქტურული პროექტები

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი 6 650 000 ლარით დამტკიცდა. გასული წლებისგან განსხვავებით, ამჟამად რიგით პირველი პრიორიტეტები გზა და წყალი აღარაა. წელს რაბათის განვითარების პროგრამისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 817 000 ლარია გაწერილი, ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე ხელოვნური ტბის რეაბილიტაციისთვის კი 360 000.

- “რაბათის განვითარებისათვის, მთავრობის განკარგულებით, 9 მილიონი ლარი გვაქვს დამატებული”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანასო განყოფილების უფროსი გაგა ივანიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარის მალხაზ გიქოშვილის თქმით, ტბაზე ამფითეატრი მაისში გაიხსნება, რაბათის ციხე კი აგვისტოში: “გასული წლის ბიუჯეტი რა თანხითაც დავასრულეთ, იმ რაოდენობით წელს მუშაობა დავიწყეთ”.


რაც შეეხება მუნიციპალიტეტში მთლიანად ინფრასტრუქტურის განვითარებას, ივანიძის განმარტებით, 745 000 ლარია გაწერილი. ეს თანხა შიდა გზების მოვლა-პატრონობის, დასუფთავებისა და გარე განათების ექსპლუატაციისთვის დაიხარჯება.
წელს საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის 300 000 ლარია გათვალისწინებული, სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის - 560 000, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის - 460 000.

- “ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ყველა ოჯახი ახალშობილზე ერთჯერად დახმარებას, 100 ლარს მიიღებს. გაიზარდა ქულების რაოდენობაც, თუ აქამდე იმ მშობიარეებს ვეხმარებოდით, ვისაც ქულები 90 ათასის ჩათვლით ჰქონდა, ახლა მას მივცემთ დახმარებას, ვისაც ქულა 150 ათასი ლარის ჩათვლით ექნება”, - აცხადებს ივანიძე.

“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ახალციხის ოფისის თავმჯდომარე და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნუგზარ თამარაშვილი მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მშობიარობა უფასო უნდა იყოს: “ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა. საამისოდ, საშუალოდ, 15 000 ლარის გამოყოფა იქნებოდა საჭირო, თუმცა ჩემი წინადადება არ მიიღეს”.

უგულებელყოფილი იქნა თამარაშვილის წინადადება მშობიარეებისათვის 200- ლარიან დახმარებაზეც: “მშობიარობა დაახლოებით 400-დან 500-ლარამდე ჯდება და თუ ოჯახებს 200 ლარით დავეხმარებოდით, მაშინ ეს მთლიანი ღირებულების თითქმის ნახევარს შეადგენდა და მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იქნებოდა”.

გასული წლის ბოლოს ადგილობრივი თვითმმართველობა და სამხარეო ადმინისტრაცია ახლადგარემონტებულ, ყოფილ ოფიცერთა სახლის შენობაში გადავიდა. ადგილმდებარეობის შეცვლა კომუნალურ ხარჯებზეც აისახა. 2011 წელს კავშირგაბმულობის ხარჯები 23 000 ლარით იყო წარმოდგენილი, 2012 წელში კი 25 000 ლარია დამტკიცებული. რაც შეეხება კომუნალურ ხარჯებს შარშან 60 000-მდე იყო გაწერილი და წელს 85 ათასამდე აიწია.

- “ტესტირებისას, თუ რამდენი უნდა დახარჯულიყო შენობის გასათბობად სულ, საკმაოდ ბევრი დაიხარჯა. სერიოზული მუშაობაა საჭირო, რომ ეს შემცირდეს”, - ამბობს თამარაშვილი.

2012 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შემდეგ, მასში ორი ცვლილება უკვე შევიდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, 1 600 000 ლარი გამოიყო. აქედან 650 000 შიდა გზების, ტროტუარებისა და საყრდენი კედლებისთვის დაიხარჯება; 300 000 შენობებისა და კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება 10 000-ით გზებზე უსაფრთხოების ნიშნები გაკეთდება 200 000 კი საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისთვის გაიწერება.

- “ასევე, იგეგმება გარე განათების ქსელის მოწყობა ასპინძის ქუჩაზე, განათება გაკეთდება ახლადაშენებულ ხიდსა და ქალაქში ახლადგაკეთებულ შემოსასვლელ გზაზე”, - გვიხსნის ივანიძე.

რომელ სოფლებამდე მისასვლელი გზა გაკეთდება, ან რომელ ქუჩებზე დაიგება ასფალტი, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ არ იციან.

- “ავარიულია კლდემდე მისასვლელი გზა, ცუდ მდგომარეობაშია წყალთბილისა და პამაჯის დამაკავშირებელი მონაკვეთიც, მაგრამ ამ თანხით რომელიმეს გავაკეთებთ თუ არა, ვერ გეტყვით”, - ამბობს მალხაზ გიქოშვილი და ამატებს, რომ ჯერ რეგიონული განვითრების სამინისტროდან თანხის გადმორიცხვას ელოდებიან და სოფლებამდე მისასვლელი გზებისთვის თანხა შესაძლოა სწორედ აქ იყოს გაწერილი.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში უკვე ასახულია 667 387 ლარი. აღნიშნული თანხა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვისაა” გამოყოფილი.

- “გასულ წელთან შედარებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის გამოყოფილი ფული დაახლოებით 25 პროცენტითაა მომატებული. სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრების და პრიორიტეტების შერჩევა უკვე დაწყებულია”, - გვიხსნის საფინანსო სამსახურის უფროსი. მისი თქმით, ბიუჯეტში წარმოდგენილი სხვა მუხლები თითქმის უცვლელადაა წარმოდგენილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა
საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული
გაგრძელდება თუ არა რაბათის რეაბილიტაცია?
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 5.076.700 ლარია