FM97.5 / LIVE

მოხეში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს

მთავარი 22.10.2014
საქართველოს სახალხო დამცველი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოუწოდებს, საკითხის სენსიტიურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოხეში შენობის დემონტაჟი შეაჩეროს.

მოხეში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ყოფილი მეჩეთის დემონტაჟი მიმდინარეობს. შენობა მუსლიმ მრევლს საბჭოთა პერიოდში ჩამოერთვა, და მას შემდეგ წლებია ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა მის დაბრუნებას ითხოვს.
საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ შენობის კლუბად გადაკეთებასთან დაკავშირებით. გამგეობამ „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის კლუბის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის შესახებ“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე დაიწყო შენობის დემონტაჟი, რასაც ადგილობრივი მუსლიმი მრევლის პროტესტი მოჰყვა. შესაძლო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, შენობის პერიმეტრს პოლიცია იცავდა. შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პოლიციის ავტომანქანები დააზიანეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია მუსლიმი თემის 14-მდე წარმომადგენელი. მათ შორის 11 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებისათვის – წვრილმანი ხულიგნობა (მუხლი 166) და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა (მუხლი 173), ხოლო 3 პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლით (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი უკვე წლებია საუბრობს სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების საკითხის მოგვარების საჭიროებაზე, მათ შორის სოფელ მოხეში მდებარე ისტორიული მეჩეთის საკითხზე.

როგორც 2013 ასევე 2014 წელს ადგილი ჰქონდა მუსლიმთა უფლებების დარღვევის არაერთ შემთხვევას, რაც საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში დეტალურად არის განხილული. სოფელ მოხეში მომხდარი ფაქტი კვლავ ქმნის რელიგიური ნიშნით დაპირისპირების საფრთხეს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საკითხის სენსიტიურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეაჩეროს შენობის დემონტაჟი. მნიშვნელოვანია, ყველა მსგავსი საკითხი, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მოსახლეობის და განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობით განიხილონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. მითუმეტეს, რომ საკითხი კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უფლებაში ჩარევას შეიძლება შეეხებოდეს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია სოფელ ჭელის მეჩეთის წინამძღვრის განცხადება, რომლის მიხედვით 20 ოქტომბერს, ადგილობრივ თვითმმართველობასა და მუსლიმებს შორის სოფელ მეხის მეჩეთთან დაკავშირებულ საკითზე გამართულ შეხვედრაზე, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი მუსლიმებს დაემუქრა, არ მოისმინა მათი პოზიცია და განუცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და კულტურის სახლი მაინც გაიხსნება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული თანასწორუფლებიანობის და რელიგიის თავისუფლების პრინციპების დაცვით.

საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის სადავო შენობასთან დაკავშირებულ საკითხებს და მონიტორინგს გაუწევს დღეს დაკავებულ პირთა საქმეების სასამართლოში განხილვა".


შეგახსენებთ, რომ სოფელ მოხეში დღეს დილიდან ხმაური იყო. მუსლიმმა მოსახლეობამ ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გააპროტესტა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოყვა. ამ დროისთვის დაკავებულია 14 მუსლიმი.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს მოხეში მოქალაქეების დაკავების მოტივს განმარტავს
ომბუდსმენი: „სწრაფად გადაწყვიტეთ მოხეში სადავო შენობის კუთვნილების საკითხი“
მოხეში ძველი მეჩეთის დემონტაჟი პოლიციის დაცვით მიმდინარეობს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადება მოხეში მიმდინარე მოვლენებზე
უჩა ნანუაშვილი სოფელ მოხეში მუსლიმებს ხვდება [Photo]
მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა
მოხის მეჩეთი და კომისია  სახალხო დამცველის ანგარიშში