FM97.5 / LIVE

ახალციხეში პირველი სამმართველოს უფროსმა ადვოკატი უკანონოდ დააკავა

მთავარისამართალი » შემთხვევა 03.09.2014
საქმე, რომელიც პირველი სამმართველოს უფროსის მითითებით ადვოკატის უკანონოდ დაკავებას ეხება სააპელაციო სასამართლოსა და სამცხე-ჯავახეთის პროკურატურაშია. რას ასაჩივრებს შსს სააპელაციოში და რას მოითხოვს ადვოკატთა ასოციაცია პროკურატურისგან;

ახალციხეში პირველი სამმართველოს უფროსმა ადვოკატი უკანონოდ დააკავა
ადვოკატ ნუგზარ სამარჯიშვილის საქმე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურასა და სააპელაციო სასამართლოშია: სააპელაციო სასამართლოში შსს-მ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის თანახმადაც ნუგზარ სამარჯიშვილი სამართალდამრღვევად არ იქნა მიჩნეული; პროკურატურას გამოძიების დაწყება, სამართალდამცავის მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და უკანონოდ დაკავების მუხლებით ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა სთხოვა.

რა მოხდა 2 აგვისტოს ღამით

სამარჯიშვილი 2 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 2:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მერაბ წურწუმიას მითითებით, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკების მიმართ ბოროტად დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავეს.

„დაბადების დღე მქონდა, მეგობრებთან ერთად აღვნიშნე და სახლში ვბრუნდებოდით. პატრულმა გაგვაჩერა და ჩემ მეგობარს, კობა ხითარიშვილს, რომელიც საჭესთან იჯდა, სიმთვრალეზე შესამოწმებლად უთხრა, რომ ჩაებერა“, - გვიყვება სამარჯიშვილი.

მისი თქმით, ხითარიშვილს ფილტვების ოპერაცია აქვს გაკეთებული და ამიტომ ისე ჩაბერვა, როგორც ამას სამართალდამცავები ითხოვდნენ ვერ შეძლო. თუმცა, პატრულის თანამშრომლებს უთხრა, რომ ნასვამი იყო და ამას ხელმოწერითაც დაადასტურებდა: „ვთხოვდი პოლიციელებს, რომ დაბადების დღე მქონდა და მისი საქციელი ჩემთვის ეპატიებინათ“.

როგორც ადვოკატი გვიხსნის, სამართალდამცავები ხითარიშვილისთვის პირში აპარატის ჩადებას ძალით ცდილობდნენ. ამას სამარჯიშვილი ტელეფონით იღებდა: „წურწუმია წყობილებიდან გამოიყვანა ჩემმა ტელეფონით გადაღებამ. თვითონაც კარგად იცოდა, რომ პირში იძულებით ჩატენის უფლება არ ჰქონდა“.

ამის შემდეგ სამარჯიშვილს პერიმეტრის დატოვება მოსთხოვეს, იგი დაემორჩილა, თუმცა, გადაღებას ისევ აგრძელებდა. ამ დროს წურწუმიამ მისი დაკავების ბრძანება გასცა, თავად ადვოკატს ტელეფონი გამოართვა და მის მიერ გადაღბული კადრები წაშალა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

სასამართლო პროცესი მეორე დღეს ახალციხის რაიონულ სასამრთლოში გაიმართა.

„შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ნუგზარ სამარჯიშვილის მიმართ, მის ქმედებაში საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არ არსებობის გამო. სამარჯიშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან“, - წერია ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გოჩა ჯეირანაშვილის დადგენილებაში (საქმე #14563995-4/256-14წ).

ამავე დადგენილების მიხედვით, კობა ხითარიშვილი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და ჯარიმა დაეკისრა 250 ლარი.
შსს-მ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. მიიღო თუ არა სააპელაციო სასამართომ საქმე წარმოებაში, ჯერ უცნობია, რადგან მოსამართლე, რომელსაც აღნიშნული საქმე დაეწერა შვებულებაშია.

თუმცა, ვიდრე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, სამარჯიშვილი უკანონოდ დაკავების ფაქტზე გამოძიების დაწყებას სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისგან ელოდება. მომხდარზე გამოძიების დაწყება მთავარ პროკურატურას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა სთხოვა. მთავარმა პროკურატურამ კი საქმე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას გადაუგზავნა.

პროკურატურას ჯერ გამოძიება არ დაუწყია

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სამარჯიშვილი და მისი მეგობარი უკვე გამოკითხეს. თუმცა, ჯერ საქმესთან დაკავშირებით არავინ დაუკითხავთ.

„დაიწყებენ თუ არა გამოძიებას, ეს მათ ნებაზეა დამოკიდებული“, - ამბობს სამარჯიშვილი.

პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ ამ დრომდე შესული მასალების მოკვლევა მიმდინარეობს.

„განცხადებაში მოყვანილ გარემოებებს ვსწავლობთ“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გიორგი ბახტაძე.

კითხვაზე, არის თუ არა დამოკიდებული გამოძიების დაწყება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ბახტაძე გვპასუხობს, რომ არა.

სამარჯიშვილი: „წურწუმიას შს მინისტრი მფარველობს“

სამარჯიშვილი კი აცხადებს, რომ თავისი უფლებების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს: „ჩემი უფლებები თუ ვერ დავიცავი, სხვისი უფლებების დაცვაზე რა უნდა ვილაპარაკო და მეორეც, თუ წურწუმია ადვოკატს სხვების თანდასწრებით ასე ექცევა, დაუცველ მოქალაქეს მარტოს რას უზამს?!“

მისი თქმით, ამ დრომდე იგი მინიმუმ სამსახურიდან უნდა იყოს გათავისუფლებული, თუმცა, როგორც მისთვისაა ცნობილი, წურწუმიას შს მინისტრი მფარველობს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი "სამხრეთის კარიბჭესთან" აცხადებს, მათ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს და პასუხს უნდა დაველოდოთ.

„ნუ გადაეფარებიან წურწუმიებს, რადგან ვანო მერაბიშვილი ზის ციხეში და თითოეულმა მათგანმა გაიხსენოს რა დონის ძალაუფლება ჰქონდა მას. რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და აბსოლიტურად ყველა დონეზე ვეცდები ჩემი უფლებები დავიცვა. მომავალ ხელისუფლებას დაველოდები და მაინც დავაპატიმრებინებ წურწუმიას. ამის შესახებ პირადადაც ვუთხარი მას“, - აცხადებს სამარჯიშვილი.

ადვოკატი იმ წაშლილი ფაილების აღდგენასაც აპირებს, რომლებიც წურწუმიამ მას ტელეფონში დაკავებისას წაუშალა: „ამისთვის სამხარაულის ექსპერტიზას მივმართავ“.

სამარჯიშვილის განცხადებით, იგი უშუალოდ წურწუმიამ დააკავა, თუმცა დაკავების ოქმში იგი ნახსენები არ არის, ასე მან თავი დაიზღვია.
„ვიდეოში, რომელიც ჩემმა მეგობარმა ბაჩა გიორგაძემ გადაიღო, ჩანს წურწუმია როგორ აფრთხილებს მას, რომ თუ იმ კითხვების დასმას, რომლებიც მას არ მოსწონს თავს არ დაანებებს, დააკავებს“, - ამბობს სამარჯიშვილი.



სამარჯიშვილთან ერთად, მომხდარზე გამოძიებას ელოდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. ხატიაშვილმა მომხდარის შესახებ განცხადება 8 აგვისტოს გაავრცელა. იგი წურწუმიას უმკაცრესად დასჯას ითხოვს: „წინააღმდეგ შემთხვევაში ადვოკატთა ასოციაცია დაიწყებს საპროტესტო ღონისძიებების განხორციელებას, რაც კარგი არ იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამარჯიშვილი: ‘ახალი ხელისუფლების ზონდერის საქმეს პროკურატურა არ გამოიძიებს’
უკანონოდ დაკავებული ადვოკატი საპატრულოს მორალური ზიანისთვის 100. 000 დოლარს სთხოვს
ადვოკატის უკანონოდ დაკავების საქმეს სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს
შეცვლილი გადაწყვეტილება ზურა ხუციშვილის საქმეზე
რა შუამდგომლობით მიმართავს ახალციხის ყოფილი გამგებლის ადვოკატი პროკურატურას
საპატრულო პოლიცია ყოფილი პოლიტპატიმრის საქმეს სააპელაციოში ასაჩივრებს
გამოძიების დასრულებამდე ახალციხის გამგებელი სამსახურში ვერ დაბრუნდება