FM97.5 / LIVE

პატარები ბაღის, პედაგოგები კი ხელფასის გარეშე

მთავარისაზოგადოება » განათლება 28.07.2014
2014 წლის 1 ივლისს ახალციხის საბავშვო ბაღებში მოულოდნელად სწავლა შეწყდა, 1600 პატარა ბაღის, 300–მდე თანამშრომელი კი ხელფასის გარეშე დარჩა. ბაღების ადმინისტრაცია მომხდარს რეორგანიზაციით ხსნის, ახალი ადგილობრივი ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ რეორგანიზაცია სწავლის შეწყვეტის გარეშეც შეიძლებოდა.

პატარები ბაღის, პედაგოგები კი ხელფასის გარეშე

29 წლის ნინოს 2 შვილი ჰყავს, 5 წლის გიორგი და 3 წლის მარიამი. ნინო მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს და მუშაობს, დღის განმავლობაში, სამსახურში წასულს, პატარები ბაღში ჰყავდა მიბარებული. თუმცა, ერთი თვის წინ, ერთ დილას, აღმოაჩინა, რომ სამსახურში მშვიდად ვეღარ იქნება, – ბაღი, სადაც მისი პატარები დადიოდნენ, დაიკეტა. ძნელად, მაგრამ ნინომ გამოსავალი იპოვა: პატარები დედასთან, სოფელში გააგზავნა და თითქმის ყოველ მეორე დღეს მათ მოსანახულებლად დადის.

„მიჭირს, სულ ტელეფონზე „ვკიდივარ“, ყოველ საათში დედაჩემს ვურეკავ. უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ მქონდა“, – ამბობს ნინო.

მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 1 ივლისს ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლა შეწყდა, ნინოს მსგავსად არასასიამოვნო გამოსავალის პოვნა ბევრ დედას მოუხდა. რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ ბაგა–ბაღების თანამშრომლებიც, 300–მდე ადამიანი, რომელთაგან ბევრი ოჯახს არჩენდა. ისინი უხელფასოდ დარჩნენ...

რატომ შეწყდა სწავლა?

საბავშვო ბაღებში სწავლა მოულოდნელად, 1 ივლისს შეწყდა. მიზეზად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში რეორგანიზაცია დასახელდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ორგანოებად დაყოფის შემდეგ, დაიყო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაც. ბაღების ნაწილი თვითმმართველ ქალაქ ახალციხეში დარჩა, ნაწილი კი თემს მიეკუთვნა.

„30 ივნისს ჩვენმა ინდ.მეწარმემ ჩვენს საიდენტიფიკაციო კოდზე ფაქტურები ვერ გადმოაგზავნა და შეგვატყობინა, რომ კოდი იყო შეცვლილი. ჩვენი სამსახურის ლიკვიდაცია არ მომხდარა, მოხდა რეორგანიზაცია და საჯარო რეესტრს ჩვენი ძველი კოდი არ უნდა გაეჩერებინა“, – განმარტავს ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა გელაშვილი.
მისივე თქმით, დაყოფილ ბაღებს ორი სხვადასხვა კოდი მიენიჭათ, ვერ განხორციელდა საკვების შესყიდვა და იძულებული გახდნენ ბაღები გაეჩერებინათ.

უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლები

ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში და ახალციხის თემის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ჯამში 17 ბაგა–ბაღია, აქედან – 8 თვითმმართველ ქალაქში, დანარჩენი კი თემში (5 – ტიპიური, 4 – ალტერნატიული). ამ ეტაპზე 1600 აღსაზრდელი ბაგა–ბაღის, 300–მდე თანამშრომელი კი ხელფასის გარეშეა.

„ადგილობრივი მთავრობა შეიცვალა, ვის მივმართოთ, არ ვიცით. დალაგდებიან ალბათ და არავინ გაჩუმდება, პროტესტს გამოვთქვამთ, რომ შვებულების ხელფასი მოგვცენ“, – ამბობს მეხუთე ბაგა–ბაღის მენეჯერი ნინო ბაღდოშვილი.

პირველი საბავშვო–ბაღის მენეჯერი თამარ ქიმერიძე ფიქრობს, რომ რეორგანიზაცია სასწავლო პროცესის შეწყვეტის გარეშე უნდა მომხდარიყო: „შეიძლებოდა ალბათ, ადამიანებმა კანონები უნდა იცოდნენ“.

პირველი ბაგა–ბაღის მენეჯერის ციცო საანიშვილის განმარტებით, მის ბაღში 27 თანამშრომელი მუშაობს და სასწავლო პროცესის შეწყვეტის გამო ყველა უკმაყოფილოა: „ჩვენი დანაშაული ნამდვილად არ არის რომ ვერ ვმუშაობთ. მზად ვიყავით აგვისტოშიც გვემუშავა, ოღონდ ხელფასები აგვეღო.ზოგის ოჯახი ამ შემოსავალზეა დამოკიდებული, კრედიტები აქვთ გამოტანილი“.

შეიძლებოდა თუ არა რეორგანიზაცია სწავლის შეწყვეტის გარეშე

ახალციხის მერი გიორგი კოპაძე სასწავლო პროცესის შეჩერებაში წინა მოწვევის საკრებულოს ადანაშაულებს: „არასწორად მოახდინეს გაყოფა და რეგისტრაცია, ამან წარმოშვა საკანონმდებლო შეუთავსებლობა და დაპირისპირება“.

თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე კი ფიქრობს, რომ ააიპ–ები ნაადრევად გაიყო და პრობლემებიც ამიტომ გაჩნდა: როგორც აგვიხსნეს, საიდენტიფიკაციო კოდზეა საუბარი. ერთ–ერთი ააიპ–ის უნდა დარჩენილიყო ძველი კოდი და ამ კოდით მოხდებოდა ანგარიშსწორება. რაღაც გამოსავალი შეიძლებოდა გამოენახათ“.

პროცესის შეჩერების გარეშეც რომ შეიძლებოდა რეორგანიზაცია, თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ოთარ კონჯარიაც საუბრობს. მითუმეტეს, რომ მუნიციპალიტეტის ორად გაყოფის შესახებ თებერვალში უკვე იცოდნენ: „როგორც ვიცი, საჯარო რეესტრში, რეგისტრაციის დროს გარკვეული გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. რაღაც ინფორმაციის მიწოდება ისე არ მოხდა, როგორც საჭირო იყო და შესაბამისად ახალი საიდენტიფიკაციო კოდი მიენიჭა. არადა, რეორგანიზაციის დროს შესაძლებელი იყო ერთ ააიპ–ს დარჩენოდა ძველი, მეორეს კი ახალი მინიჭებოდა და აღარ შეიქმნებოდა პრობლემა“.

საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა ერგემლიძე კი განმარტავს, რომ რეორგანიზაციისას ხარვეზები არ ყოფილა: „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება იყო ერთი სუბიექტი, არასამეწარმეო, არამომგებიანი იურიდიული პირი, რომლის გაყოფა დაიწყო მათივე განცხადების საფუძველზე. ორი სხვადასხვა სუბიექტი წარმოიშვა, კოდი ყველა შემთხვევაში შეეცვლებოდა, ეს კანონის მოთხოვნაა, ჩვენი მოგონილი არ არის“.

რა იქნება ხვალ

რეორგანიზაციის შემდეგ, ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას ისევ ნანა გელაშვილი ხელმძღვანელობს, თემში კი დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ყოფილი სამსახურის საქმის წარმოების სპეციალისტი ლელა ოქრომელიძე დაინიშნა.
ზაზა მელიქიძე თემის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში რეორგანიზაციას არ გამორიცხავს, თუმცა, ხელმძღვანელის შეცვლას არ გეგმავს და ამ პოსტზე ლელა ოქრომელიძის დანიშვნას აპირებს. გიორგი კოპაძე კი მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს: „თანამშრომლებზე ვერ გეტყვით, ალბათ შევცვლით, ჯერ განხილვის პროცესში ვართ“.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ სასწავლო პროცესი 1 სექტემბერს აღდგება. თანამშრომლებს კი ხელფასებს აუცილებლად აუნაზღაურებენ.

„ეს ადამიანები, ვინც მუშაობდნენ, მიიღებენ ხელფასს 14 ივნისიდან. რა როგორ იქნება გასარკვევია, მაგრამ ყველა მიიღებს ორი თვის ხელფასს“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

ბაღების ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზოგი ბაღი იხურება და სწავლა ფასიანი ხდება.

„ეს არის ჭორი. აქამდე მითითებული იყო, რომ ბაღში უფასოდ ორიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვი ივლიდა, ახლა ესეც არ აქვს მითითებული და შეგვიძლია უფრო პატარა ასაკის ბავშვებიც მივიღოთ. თუმცა, ბაღებში ადგილები არ არის, ივლისში სასკოლო ბავშვებს რომ ვუშვებთ, ავტომატურად იმ ბავშვებს ვღებულობთ, ვისაც განცხადება აქვს დაწერილი“, – ამბობს ნანა გელაშვილი.

„გაუქმება კი არა, შესაძლებელია დავამატოთ კიდევ, რადგან დიდი მოთხოვნაა. ყველა ბაღს კი სტანდარტებში მოვიყვანთ“, – ირწმუნება ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაგა-ბაღებში ერთი კვირით სწავლა შეწყდა
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 1 სექტემბრიდან განახლდება
ახალციხეში ბაღის გარეშე 1200 ბავშვი დარჩა
ახალციხის სოფლების ბაღებს ლელა ოქრომელიძე უხელმძღვანელებს