FM97.5 / LIVE

ახალი მოწვევის საკრებულოები – პლუსები და მინუსები

მთავარიპოლიტიკა 03.07.2014
რომელი პარტიის რამდენი წარმომადგენელია არჩეული მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის მიხედვით სამცხე–ჯავახეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში და რამდენად ეფექტური იქნება თვითმმართველობის მუშაობა მაშინ, როცა საკრებულოს წევრების უმრავლესობა მმართველი გუნდიდანაა.

ახალი მოწვევის საკრებულოები – პლუსები და მინუსები
სამცხე–ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტიდან 4–ში არჩევნების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. შესაბამისად, უკვე ცნობილია ისიც, რომელი პარტიიდან რამდენი დეპუტატი შევა საკრებულოებში, რამდენი მმართველი გუნდიდან, რამდენი ოპოზიციიდან და რამდენი იქნება უპარტიო.

ამ ოთხ მუნიციპალიტეტში ცნობილია ისიც, რამდენი ქალი დეპუტატი იქნება საკრებულოში. რაც შეეხება ჯავახეთს, ახალქალაქსა და ნინოწმინდას, იმის გამო, რომ საჩივრების განხილვა ჯერ საბოლოოდ დასრულებული არ არის, დეტალური მონაცემები ამ ოლქებიდან ჯერ უცნობია.

როგორ კომპლექტდება საკრებულოები – ქალაქი ახალციხე

თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოში 15 დეპუტატი იქნება, 5 მაჟორიტარი და 10 პარტიული სიით გასული. 5–ვე მაჟორიტარი მმართველი გუნდიდანაა.

10 პარტიული სიით გასული დეპუტატიდან კი 6 მმართველი გუნდიდანაა, 3 –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდანაა“, 1 კი „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“.

შედეგად, თვითმმართველი ქალაქის ახალციხის 15 მანდატიან საკრებულოში, მმართველი გუნდი 11 მანდატით იქნება წარმოდგენილი. 15 დეპუტატიდან მხოლოდ 3–ია ქალი.

ახალციხის თვითმმართველი თემი

ახალციხის თვითმმართველი თემის საკრებულოში 30 დეპუტატი იქნება, 15 მაჟორიტარი და ამდენივე პროპორციული სისტემით არჩეული.

15 მაჟორიტარიდან 12 მმართველ გუნდს წარმოადგენს, 3 კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. 15 პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატიდან კი 10 მმართველი გუნდიდანაა, 5 „ნაციონალებიდან“.

გამოდის რომ, 30 დეპუტატიდან 22 „ქართული ოცნებიდანაა“, 8 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ახალციხის თვითმმართველი თემის საკრებულოს 30 დეპუტატში ქალბატონი მხოლოდ 4–ია.

ასპინძის თვითმმართველი თემი

ასპინძის თვითმმართველი თემის საკრებულოში 27 დეპუტატი იქნება. 12 მაჟორიტარი და 15 პარტიული მანდატით.

12 მაჟორიტარიდან 8 მმართველ გუნდს წარმოადგენს, თითო–თითო – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ნინო ბურჯანაძე – ერთიან ოპოზიციას“ და 2 უპარტიო დეპუტატია. პროპორციული სისტემით არჩეულ დეპუტატებს შორის კი 9 – მმართველი გუნდიდან იქნება, 4 – „ნაციონალებიდან“, თითო–თითო კი „ნინო ბურჯანაძე –ერთიანი ოპოზიციიდან“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“.

გამოდის, რომ 27 დეპუტატიდან 17 „ქართული ოცნების“ მანდატით იქნება. მმართველი გუნდის შემდეგ ყველაზე მეტი, 5 დეპუტატი ეყოლებათ „ნაციონალებს“. აღსანიშნავია, რომ ასპინძის თემის საკრებულოს ქალი დეპუტატი არ ჰყავს, თუმცა, ახალციხისგან განსხვავებით ჰყავს 2 უპარტიო კანდიდატი.

ბორჯომის თვითმმართველი თემი

ბორჯომის თვითმმართველი თემის საკრებულო 26 დეპუტატით დაკომპლექტდება, 11 მაჟორიტარი იქნება, 15 კი პარტიული მანდატის მქონე.

11 მაჟორიტარიდან 9 მმართველი გუნდიდანაა, 2 კი უპარტიო დეპუტატია. პროპორციული სისტემით შესული 15 დეპუტატიდან კი 8 მმართველი გუნდის წარმომადგენელია, ორ–ორი – „ნაციონალური მოძრაობიდან“, „ნინო – ბურჯანაძე –– ერთიანი ოპოზიციიდან“ და „პატრიოტთა ალიანსიდან“ არიან და ერთი „ლეიბორისტული პარტიიდანაა“.

ანუ, უმრავლესობა ბორჯომის 26–წევრიან საკრებულოშიც „ქართული ოცნებაა“ – 17 დეპუტატი. ქალაქ ახალციხის მსგავსად, ბორჯომის საკრებულოშიც ყველა მაჟორიტარი მმართველი გუნდიდანაა. აქ ქალი მხოლოდ 2 დეპუტატია.

ადიგენის თვითმმართველი თემი

ადიგენის თვითმმართველი თემი, ახალციხის თემის მსგავსად, 30 დეპუტატით დაკომპლექტდება. აქაც 15 მაჟორიტარი და 15 პარტიული მანდატის მქონე დეპუტატი იქნება.

15 მაჟორიტარიდან, 12 მმართველი გუნდიდანაა, 2 – „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“ და 1 – საინიციატივო ჯგუფიდან. პროპორციული სისტემით არჩეული 15 დეპუტატიდან კი „ქართული ოცნებიდან“ 9 დეპუტატი შევა, „ნაციონალებიდან“ 4 და „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“ – 2.

სამცხე–ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, მმართველი გუნდი აქაც ლიდერია – 21 მანდატი 30–დან, მეორე ადგილზე არიან „ნაციონალები“ – 6 მანდატით და მესამეზე „ნინო ბურჯანაძე“ 2 მანდატით. ადიგენში, ისევე როგორც ახალციხეში, სხვა პოლიტიკური პარტიები არ არიან წარმოდგენილი. თუმცა, ახალციხისგან განსხვავებით, ადიგენში 1 უპარტიო კანდიდატია. ადიგენის 30 წევრიან საკრებულოში მხოლოდ 3 დეპუტატი იქნება ქალბატონი.

ჯავახეთის მუნიციპალიტეტები

რომელ პარტიას რამდენი წევრი ეყოლება ახალქალაქის თვითმმართველი თემის საკრებულოში ჯერ ცნობილი არაა. N40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ერთ უბანზე კენჭისყრა განმეორებით უნდა ჩატარდეს, ამიტომ საბოლოო შედეგებს ამ ეტაპზე ვერ გვეუბნებიან.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო 25 დეპუტატით დაკომპლექტდება. აქედან, 10 მაჟორიტარი იქნება, 15 კი პროპორციული სიით გამარჯვებული დეპუტატი. ნინოწმინდის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატებიდან 8 „ქართული ოცნებას“ ეყოლება, 1–საინიციატივო ჯგუფს და 1– „არასაპარლამენტო ოპოზიციას“. „არასაპარლამენტო ოპოზიციას“ პროპორციული სიით დეპუტატი არ ეყოლება.

დეტალურ ინფორმაციას ვერც ნინოწმინდიდან გვაწვდიან, რადგან სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ვადა ჯერ არ ამოწურულა.

რამდენად ეფექტური იქნება საკრებულოს მუშაობა

როგორც ირკვევა, სამცხე–ჯავახეთის იმ ოთხ მუნიციპალიტეტში, სადაც საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია, ახალი მოწვევის საკრებულოებში უმრავლესობას მმართველი გუნდი წარმოადგენს. მაგალითად, ოთხი მუნიციპალიტეტის: ადიგენი, ახალციხე, ასპინძა და ბორჯომი და ასევე თვითთმმართველ ქალაქის ახალციხის საკრებულოებში ჯამში 128 დეპუტატი იქნება. აქედან, 88 მმართველი გუნდიდან, 24 – „ნაციონალებიდან“, 7 – „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“, 3 – „დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ , 1 – „შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტიიდან“ და 5 – უპარტიო.

ახალი მოწვევის საკრებულოები – პლუსები და მინუსები „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარის კოტე კანდელაკის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის საკრებულოებში გაცილებით მეტი ოპოზიციური პარტიებია წარმოდგენილი, ვიდრე, წინა, ორი მოწვევის საკრებულოში იყო.

„როცა საკრებულოში ერთპიროვნული მმართველობის სისტემა იქნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ ხელს არავინ შეუშლის, ერთის მხრივ, ეფექტური იქნება საკრებულოს მუშაობა. მაგრამ, მეორეს მხრივ, განვლილი წლების პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ როცა საკრებულოში ერთპარტიული წარმომადგენლობაა, ნაკლებად ითვალისწინებენ განსხვავებულ მოსაზრებებს“, – ამბობს კანდელაკი და ამატებს, რომ როცა საკრებულოში პოლიტიკური სპექტრი უფრო მრავლადაა წარმოდგენილი და მათაც აქვთ გარკვეული შესაძლებლობა გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, ამ შემთხვევაში უფრო ეფექტური იქნება მათი მუშაობა.

მისივე თქმით, როცა საკრებულოში არცერთ პარტიას არ აქვს უპირატესობა, გადაწყვეტილების მიღება ჭირს: „შეთანხმების მიღწევას უფრო დიდი დრო მიაქვს, ყველას თავისი მოსაზრება აქვს, რომელსაც ანგარიში უნდა გაეწიოს და ამ შემთხვევაში რთულია გადაწყვეტილების მიღება. მთავარია, რომ საკრებულოებში იქნებიან სხვა პარტიები, რომლებიც პოზიციებსაც დააფიქსირებენ და გარეთაც გამოიტანენ იმას, რა ხდება. აღარ იქნება ის ჩაკეტილი სივრცე, რაც აქამდე გვქონდა“.

ახალი მოწვევის საკრებულოები – პლუსები და მინუსები არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე ფიქრობს, რომ რამდენად ეფექტური იქნება საკრებულოს მუშაობა არა პარტიულ შემადგენლობაზე, არამედ კონკრეტული პირების აქტივობაზეა დამოკიდებული.

„შესაძლებელია ძალიან ბევრი პარტიის წარმომადგენელი შესულიყო საკრებულოში, მაგრამ საკრებულო უუნარო ყოფილიყო. შესაძლებელია ერთპარტიული საკრებულო იყოს, მაგრამ იმდენად კარგი ადამიანები იყვნენ იქ და კარგი მიზნები ჰქონდეთ, რომ საკრებულოს მუშაობა ძალიან კარგი იყოს. ამიტომ პარტიული შემადგენლობის მიხედვით, საკრებულო იქნება თუ არა ეფექტური ამაზე საუბარი ძნელია, ეს თვითონ პიროვნებებზეა დამოკიდებული“, – განმარტავს გიორგი ანდღულაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის საკრებულოში 2 უპარტიო დეპუტატი იქნება
ქალები თვითმმართველობაში
ადიგენის საკრებულოში უმრავლესობა 'ქართული ოცნების' დეპუტატები იქნებიან
როგორ დაკომპლექტდება  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ბორჯომის საკრებულოში  „ოცნებას“ უმრავლესობა არ ჰყავს
ვინ არიან ასპინძის საკრებულოს დეპუტატები
როგორ დაკომპლექტდა საკრებულოები ჯავახეთში