FM97.5 / LIVE

ახალციხელი ‘რესპუბლიკელები’ ყოფილ თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ

მთავარიპოლიტიკა 25.02.2014
„მე რომელიმე საწარმოს უფროსი ვარ და მუშახელის ადგილი მაქვს? მე როგორ უნდა დავასაქმო?! - ‘რესპუბლიკელების ’ ყოფილი თავმჯდომარე თანაპარტიელების ბრალდებებს პასუხობს. რატომ გადაირჩიეს თამარ გოგოლაძე რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან?

ახალციხელი ‘რესპუბლიკელები’ ყოფილ თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ
18 თებერვალს “რესპუბლიკური პარტიის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე თამარ გოგოლაძე იოსებ კაპანაძემ შეცვალა. საერთო კრებაზე, რომელსაც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ესწრებოდა, პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრების ნაწილი ყოფილ თავმჯდრომარეს თამარ გოგოლაძეს დაუპირისპირდა. პარტიის წევრები აცხადებდნენ, რომ თუ გოგოლაძე თავმჯდომარეობას არ დატოვებდა, პარტიიდან გავიდოდნენ და მანდატებს სახალხოდ დახევდნენ.

„ჩემი ერთადერთი მოთხოვნა იყო გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან. იმის გამო, რომ ვერ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას. 2010 წლის 12 თებერვლიდან პარტიაში ვარ და ვერ დავინახე ის, რომ პარტია გაძლიერებულიყო და ეთქვა თავის სათქმელი, მითუმეტეს, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია ვართ“,-ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ რაიონული ორგანიზაციის წევრი კახა ლომიძე.

იგი გოგოლაძეს უყურადღებობაშიც ადანაშაულებს. მისი თქმით, გოგოლაძესა და პარტიის წევრებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თანაპარტიელებმა გოგოლაძეს დასაქმების თხოვნით მიმართეს.

„2013 წლის აპრილის დასაწყისში დავუკავშირდი და ვუთხარი: როდემდე ვიყოთ ასე, იმაზეც თანახმა ვარ, რომ ქუჩა დავგავო, ოჯახი მშიერი მიწყდება-მეთქი. როგორი მოსასმენია, სახლში რომ შედიხარ, შვილი პურს გთხოვს და ვერ შეგაქვს?! მიპასუხა, არ მაინტერესებს, შენ თავს მიხედე, მეორედ ამ თემაზე არ დამირეკო და არ დამელაპარაკოო“, - იხსენებს ლომიძე.

მისივე თქმით, ამ ზარიდან რამდენიმე დღეში, 7 აპრილს, პარტის წევრები რაიონულ შტაბში შეიკრიბნენ, თუმცა ხელმძღვანელისგან იგივე პასუხი მიიღეს: „გვითხრა: მე, თამარ გოგოლაძე, არ ვაპირებ თქვენს გამო ყელი გამოვიღადრო და ვინმეს ვეხვეწო თქვენს სამსახურებზე, ჩემი კარიერის მოწყობით ვარ დაკავებულიო. ეს სიტყვები 18 თებერვლის კრებაზეც ვთქვი, ხათუნა სამნიძემ მითხრა, რომ ასეთი პასუხი გოგოლაძეს ჩემთვის არ უნდა გაეცა“.

გოგოლაძის მიმართ პრეტენზიები სხვა თანაპარტიელებსაც აქვთ. მათი განცხადებით, წინასაარჩევნოდ და მის შემდეგაც, ყველაზე აქტიურად და ერთგულად თამარ გოგოლაძეს გვერდში დაახლოებით ათამდე ადამიანი ედგა, თუმცა ისინი ამჟამად აღარავის ახსოვს.

„10 წელიწადია ჩემი შვილი უმუშევარია, სამჯერ ჰქონდა შეთავაზება „ნაციონალებიდან“, მაგრამ თამარი გვეუბნებოდა, არ გაბედოს, არ გაისვაროს, ჩვენ მოვალთ და მაშინ იქნება ყველაფერი კარგადო. ამ ლოდინში გავიდა 9 წელი, დამიბერდა შვილი სახლში. მთელი ოჯახით გვედით ვედექით, თუ დახმარება არ შეეძლო, მორალურად მაინც უნდა დაგვდგომოდა გვერდით“, - ამბობს ნათელა გრიგალაშვილი.

მისივე თქმით, გოგოლაძე 18 თებერვლისთვის წინასწარ ემზადებოდა: „კომიტეტის წევრები, ვინც ახლა აირჩიეს, ერთის გარდა ყველა მისი ხალხია. ამის შესახებ სამნიძესაც ვუთხარით, არ დაგვიმალავს. ქაოსი შეიქმნა და დაპირისპირება დაიწყო, ხათუნა სამნიძე არ ელოდა ასეთ სიტუაციას, გაოგნებული იყო. ჩვენი აზრით, სიტუაციიდან გამომდინარე ქალბატონმა ხათუნამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თამარის თავმჯდომარეობა აღარ შეიძლებოდა. ეს სპონტანურად გადაწყდა“.

„რესპუბლიკური პარტიის“ რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე თანაპარტილების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს:„ვმუშაობ გამგეობაში, ვარ ახალციხის რაიონულ კომიტეტში წევრად არჩეული. მაქვს დიდი დატვირთვა პარტიულადაც, ეროვნული კომიტეტის წევრი ვარ. მე თვითონ განვაცხადე, რომ არ მინდოდა თავმჯდომარეობა, ამით ვაპირებ გამოთავისუფლებას და გააქტიურებას. უნდა მიეცეს სხვა ადამიანებს საშუალება, ახალი სახეები და ახალი ხედვაც გაჩნდეს. ეს არ ნიშნავს ჩემს გვერდზე გადგომას, პირიქით ძალიან აქტიური ვიქნები“.

გოგოლაძე არჩევნებისთვის წინასწარ მომზადებიასაც კატეგორიულად გამორიცხავს და ვერც მისი მისამართით გამოთქმულ უყურადღებობას იზიარებს: „მე რა უნდა გამეკეთებინა? ეს ადამიანები ითხოვენ დასაქმებას. უკაცრავად, თქვენ ფიქრობთ, რომ მე რომელიმე საწარმოს უფროსი ვარ და მუშახელის ადგილი მაქვს? მე როგორ უნდა დავასაქმო?! ადამიანს როდესაც უნდა დასაქმება, უნდა მოძებნოს სამუშაო და გაიაროს კონკურსები. პარტის თავმჯდომარემ როგორ უნდა მოუძებნოს?! თუ მათ ჰქონდათ საშუალება და მე შევუშალე ხელი, ასეთი რამეც თქვან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ცილისწამებას გააგრძელებენ, სხვანაირად ვუპასუხებ. სხვანაირად ნიშნავს კანონით“, - ამბობს იგი.

„რესპუბლიკური პარტიის“ სათაო ოფისში განმარტავენ, რომ მას შემდეგ, რაც კოალიცია ხელისუფლებაში მოვიდა, პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს მეტი მოლოდინი ჰქონდათ დასაქმების თვალსაზრისით, რეალურად კი თვითმმართველობებში ადგილი ცოტაა.

„ამას ვუხსნით ხოლმე ჩვენი ორგანიზაციის წევრებს და ძალიან კარგად იგებენ. ჩვენ გვყავს ბევრი კონკურენტუნარიანი ადამიანი, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში დაიმკვიდრებენ საკუთარ პოზიციებს, შემდეგ, როცა გამოცხადდება უამრავ ადგილზე კონკურსი“, - ამბობს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, თამარ გოგოლაძის საქმიანობით კმაყოფილები არიან. NDI-ის მიერ სექტემბერსა და დეკემბერში ჩატარებული კვლევებით, „რესპუბლიკელებს“ ახალციხეში ბათუმის შემდეგ ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვთ: „22 პროცენტი გვაქვს ბათუმში და 19 ახალციხეში. ახალციხის ორგანიზაცია ძალიან პოპულარულია მოსახლეობაში“.
ბერძენიშვილი ამბობს, რომ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები სხვა რეგიონებშიც შეიცვლანენ: „რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები, რომლებიც ამავე დროს არიან პარტიის მმართველი ორგანოს ეროვნული კომიტეტის წევრები, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობენ, თავმჯდომარის პოსტზე კენჭს აღარ იყრიან“.

„რესპუბლიკელებს“ ახალციხეში ორგანიზაცია 2006 წლიდან აქვთ. გოგოლაძე პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დაფუძნების დღიდან იყო. 18 თებერვალს საერთო კრებაზე აირჩა რაიონული კომიტეტის ექვსი ახალი წევრი: იოსებ კაპანაძე, თამარ გოგოლაძე, მაკა კაჭკაჭიშვილი, მერი ხაბეიშვილი, არჩილ ბერიძე და დავით კირაკოსიანი. კომიტეტის წევრებმა სოფელ ანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული იოსებ კაპანაძე ერთხმად აირჩიეს თავმჯომარედ.

კაპანაძე სამომავლო გეგმებზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ რაიონული ორგანიზაციიის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. კაპანაძის მოადგილედ მაკა კაჭკაჭიშვილი დაინიშნა. რაიონულ ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპისთვის 30-35 აქტიური წევრი ჰყავთ, სიით კი გაცილებით მეტი ირიცხება.

ახალციხელი ‘რესპუბლიკელები’ ყოფილ თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ
[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”რესპუბლიკელებმა” ახალციხეში თავმჯდომარე აირჩიეს
„რესპუბლიკური პარტია“ ახალციხეში თავმჯდომარემ და წევრებმა დატოვეს
დაპირისპირება ‘რესპუბლიკელების’ ახალციხის ორგანიზაციაში
"რესპუბლიკელებმა" პარტია ადიგენშიც დააფუძნეს
ენმ–ს ასპინძის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ენმ–ში დარჩა
‘თავისუფალი დემოკრატების’ წევრი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
”ოცნების” აქცია საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ