
ტელეკომპანია "პირველის" ეთერში მიტროპოლიტი ნიკოლოზი ასფარას შესახებ 10 წუთის განმავლობაში საუბრობდა, თუმცა ჟურნალისტის კითხვას, რატომ ყიდულობდა ეპარქია ორჯერ ძვირად სახლებს შუამავლის მეშვეობით, კონკრეტული პასუხი არ გასცა. დროის ძირითადი ნაწილი მან იმაზე საუბარს დაუთმო, თუ რატომ გადაწყვიტა მიტოვებულ სოფელში სახლების შეძენა.
„სახლებს კი არ ვყიდულობ მთელი სოფლის ყიდვა მინდა, ეს არის ისტორიული სოფელი, რომელიც ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელი პერიოდისაა საქართველოში“ ასე დაიწყო მან განმარტების გაკეთება „ოაზისის საქმეზე“ და დროის ძირითადი ნაწილი იმის ახსნას მოანდომა, თუ სად მდებარეობს და რა მნიშვნელობა აქვს ისტორიულად ამ სოფელს. ამისთვის მან პირდაპირ ეთერში რუკაც დახატა. ჟურნალისტის კონკრეტულ კითხვაზე, თუ რისთვის იყენებდა ეპარქია შუამავლებს, რომლებისგანაც ეპარქია ორჯერ ძვირად ყიდულობდა იმავე ქონებას, ასე უპასუხა:
„უფრო ძვირად კი არ გვიჯდება, მე გეუბნებით, რომ 2 000 ლარად მაქვს სახლი ნაყიდი იქ და ეს კაცი [ასფარას ერთადერთი მკვიდრი] ითხოვს 25 ათას დოლარს, იგივე სახლში რაც მე ნაყიდი მაქვს უფრო იაფად. იმიტომ რომ ამ კაცმა ახლა უკვე იცის, სხვათა შორის თქვენმა ტელევიზიამ კიდევ უფრო გაამძაფრა ამ კაცის ცნობიერებაში, რომ ესე იგი, რაღაცა ძალიან საჭიროა ეს სახლი. ამათ რომ სცოდნოდათ, რომ ეკლესია ყიდულობს 2 000 ლარად კი არა, ისევ ისეთ ფასს დამიფასებდნენ, ამიტომ შუამავალი, ესენი არიან ადამიანები, თავდადებული ადამიანები, რომლებსაც შეურაცხყოფა მიაყენეს“ – განაცხადა მიტროპოლიტმა და ტელეკომპანია "პირველის" მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო ჟურნალისტებს უსაყვედურა: „კამერა არის იარაღი, ადამიანის ხელში. მეცა მაქვს კამერა და ბრალი დამდეს, რომ ბოლო მოდელის ტელეფონი მაქვს და ეს იმიტომ მაქვს, რომ ამას გადიდების ფუნქცია აქვს, ლინზა არ სჭირდება .. . ამიტომ მიჭირავს ეს ტელეფონი.. ბოლო მოდელია არაა, ბოლო მოდელი გამოვიდა აიფონ 12, ეს არის iphone 11 pro და ამიტომ მაქვს ეს ტელეფონი და მჭირდება როგორც იარაღი მეც“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა.
ამის შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა კიდევ ერთხელ ახსენა შუამავლები და განმარტა, რომ მათ ქონების შესაძენად მოლაპარაკებებისთვის შორი გზის დაფარვა რამდენჯერმე უწევთ, რაც მეტ ხარჯთან ასოცირდება.
„ესენი თუ ათას ლარად მოგვყიდიან თუ ორიათას ლარად მოგვყიდიან, იცით, ერთი ამდენი ამ პროცესის დასრულებას სჭირდება. გაფორმებას, რეესტრში გატარებას. ერთჯერად მოქმედებაზე არაა აქ ლაპარაკი, აქ ლაპარაკია რომ ერთი სახლი, მეორე სახლი, მესამე სახლი, ისე ვიყიდოთ ეს სახლები, რომ ამ სოფლელებს არ გაუჩნდეთ ეჭვი“, – ამბობს მიტროპოლიტი და აქვე აღნიშნავს, სახლის მფლობელების ნაწილი საქართველოში არ ცხოვრობს.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა საუბრის დასასრულს აღნიშნა რომ, ის აქ სამშობლოს ყიდულობს და ტელემაყურებლებს მიმართა – „დაგვეხმარეთ სამშობლოს ყიდვაში, რომ ის არ მოხდეს, რაც დავით გარეჯში ხდება დღეს“.
საბოლოო ჯამში, მეუფეს საუბრიდან გაირკვა, რომ შუამავლები ქონების ყიდვისას იმისთვის სჭირდებოდა, ადგილობრივებს რომ არ გაეგოთ, რას გეგმავდა ასფარაში ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია და ქონება არ გაეძვირებინათ, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ მოლაპარაკებებზე თავად მიტროპოლიტი ნიკოლოზი დადის, იმ შემთხვევებშიც, როცა შეძენილი ქონება შუამავლებზე ფორმდება. ამასთან დაკავშირებით კი მას განმარტება არ გაუკეთებია.
„ოაზისის“ საეჭვო სქემის შესახებ, რომლის მიხედვითაც ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია, დაცლილ სოფელში სახლებს საკუთარი შუამავლების მეშვეობით თავის ფასზე ორჯერ ძვირად ყიდულობს, "სამხრეთის კარიბჭემ“ სტატია 10 ოქტომბერს გამოაქვეყნა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მეუფე ნიკოლოზმა ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა. ტელეკომპანია პირველს ინტერვიუზე კი მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, თუ პირდაპირ ეთერში მიიწვევდნენ.
ასევე ნახეთ:
[რობი ზარიძე]