FM97.5 / LIVE

‘ოაზისის’ საეჭვო სქემა - როგორ ყიდულობს ეპარქია სოფელ ასფარას საკუთარი შუამავლების მეშვეობით

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.10.2020
ნინოწმინდის სოფელში, სადაც მიტროპოლიტი ნიკოლოზი „ოაზისის“ შექმნას გეგმავს, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია უძრავ ქონებას შუამავლების მეშვეობით, თითქმის ორჯერ ძვირად ყიდულობს. „სამხრეთის კარიბჭემ“ მოიძია ხელშეკრულებები, რომლებიც ქონების გადაყიდვას და ათასობით ლარის მოგებას ადასტურებს. ყიდვა-გაყიდვის საეჭვო სქემა უკვე წლებია მუშაობს, მასში მონაწილე პირები კი შეკითხვებს თავს არიდებენ.

‘ოაზისის’ საეჭვო სქემა - როგორ ყიდულობს ეპარქია სოფელ ასფარას საკუთარი შუამავლების მეშვეობით

რა იცის საზოგადოებამ ასფარას „ოაზისზე“

ნინოწმინდის დაცლილ სოფელში, ასფარაში, სადაც ასე 35-მდე სახლი დგას, თუმცა მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია მიტოვებულ სახლებს ყიდულობს. ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, „სამხრეთის კარიბჭეს“ უყვებოდა, რომ მთელი სოფლის ყიდვას, ახალი დასახლების აშენებას და მისი გალავნით შემოსაზღვრას აპირებდა.

„სახლებში გათბობა ქარსა და მზეზე იქნება. ანუ ლამაზი სახლები იქნება, თავისი ეზოთი, რომელშიც აუცილებლად დავთესავთ კარტოფილს, თან ეს ნესტიანი მიწაა და ხშირი მორწყვა არ დასჭირდება. ნატურალური მეურნეობა იქნება. დაყენდება ყველგან კამერები და სახლის მფლობელს შეეძლება თავისი სახლის კონტროლი. ცხოვრება ყველას შეეძლება, ოღონდ რა თქმა უნდა აქ სახლები იაფი არ იქნება“ – ამბობდა მეუფე 2019 წელს „სამხრეთის კარიბჭესთან“ და იქვე განმარტავდა, რომ ქონებას ეპარქიის ფულით და შეწირულობებით ყიდულობდა.

იმ დროს, როდესაც მეუფე ნიკოლოზი მედიას თავის გეგმებს უზიარებდა, ეპარქიას სოფელში უკვე 10–მდე სახლი და 18 სასოფლო სამეურნეო ნაკვეთი ეკუთვნოდა.

„ოაზისის“ სქემა

2013 წელს, როდესაც მიტროპოლიტმა საკუთარი იდეის ხორცშესხმა დაიწყო, ეპარქიამ ადგილობრივისგან ოთხი მიწის ნაკვეთი პირდაპირ შეიძინა. ამის შემდეგ, საჯარო რეესტრის ჩანაწერებით, ეპარქიას ასფარაში უძრავი ქონება თვითონ აღარ შეუძენია. სოფელში მიტოვებული სახლების ყიდვა დაიწყეს სხვა ადამიანებმა, რომლებისგანაც ქონებას ეპარქიის სასწავლო ცენტრი, მოგვიანებით, პირველად ფასთან შედარებით ძვირად ყიდულობდა.

ერთ-ერთი შუამავალი, ლელა ჭინჭარაული, რომელიც დღეს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მონაზონია (დედა ეფემია), სოფელ ასფარაში უძრავ ქონებას 2013 – 2019 წლებში ყიდულობდა. რეესტრის ჩანაწერებით, ამ დროის განმავლობაში, მან სოფელში 11 მიწის ნაკვეთი შეიძინა და სხვადასხვა პერიოდში, ეპარქიის სასწავლო ცენტრს მიჰყიდა. ამ 11 ნაკვეთში ლელა ჭინჭარაულმა ჯამში 33 280 ლარი გადაიხადა, ეპარქიას კი მისგან ამ ნაკვეთების ყიდვა, დაახლოებით ორჯერ მეტი, 63 750 ლარი დაუჯდა.

„სამხრეთის კარიბჭე“ საჯარო რეესტრში დაცულ იმ ნასყიდობის ხელშეკრულებებს გაეცნო, რომლებითაც ლელა ჭინჭარაულმა ადგილობრივებისგან ქონება შეიძინა და შემდეგ ეპარქიას მიჰყიდა.

‘ოაზისის’ საეჭვო სქემა - როგორ ყიდულობს ეპარქია სოფელ ასფარას საკუთარი შუამავლების მეშვეობით
2013 და 2016 წლების ხელშეკრულებები სამი ნაკვეთის ყიდვა–გაყიდვის შესახებ

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ თავდაპირველად, 2013 წლის დეკემბერში, მან ადგილობრივისგან სამი მიწის ნაკვეთი 2 000 აშშ დოლარად, მაშინდელი კურსით 3480 ლარად, შეიძინა. (ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ასფარაში ქონება დოლარში გაიყიდა, ყველა დანარჩენი შესყიდვა ეროვნულ ვალუტაშია).

იგივე ტერიტორია 2016 წელს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიამ ლელა ჭინჭარაულისგან 18 750 ლარად იყიდა, რაც მაშინდელი კურსით 7 000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

ამის შემდეგ, 2017 წლის მაისში, ლელა ჭინჭარაული ასფარაში კიდევ ორ მიწის ნაკვეთს 8 000 ლარად ყიდულობს. ერთი წლის შემდეგ, ერთ-ერთ ნაკვეთს ჭინჭარაულისგან 5 500 ლარად ყიდულობს ეპარქია. ორი წლის შემდეგ, 2019 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში, ჭინჭარაული 29 000 ლარად იძენს ექვს მიწის ნაკვეთს, ხოლო 2020 წელს ეპარქია მისგან ჯამში 39 000-ად ყიდულობს ამ ექვს და კიდევ ერთ, 2017 წელს შეძენილ ნაკვეთს.

ამავე სქემით ყიდულობდა სახლებს ასფარაში ნატალია სვიმონიშვილიც, რომელიც ასევე მეუფესთან დაახლოებული პირია და რომელმაც 2014-2016 წლებში სოფელში შვიდი მიწის ნაკვეთი შეიძინა, რაშიც ჯამში 17 050 ლარი გადაიხადა. მოგვიანებით, შვიდივე, ეპარქიამ მისგან სხვადასხვა პერიოდში 37 975 ლარად იყიდა.

„სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, გადაყიდვების მეშვეობით, ეპარქიასთან დაახლოებულმა პირებმა 50 ათას ლარზე მეტი ისარგებლეს.

შუამავლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეპარქიის სახელით ხელს დეკანოზი ალექსანდრე ქასრაშვილი აწერს, რომელიც დოკუმენტებში ეპარქიის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილედაა მოხსენიებული. ცენტრის დირექტორი ეპარქიის ხელმძღვანელი მიტროპოლიტი ნიკოლოზია.

რაში სჭირდება ეპარქიას ქონების შუამავლებით ყიდვა?

ამის გარკვევა პირველად მიტროპოლიტ ნიკოლოზთან ვცადეთ, თუმცა მან ჩვენს შეკითხვებს მას შემდეგ აღარ უპასუხა, რაც ავუხსენით, რა თემაზე ვურეკავდით. გვითხრა, რომ ასფარაზე „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული მასალის გამო არ სურდა და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არცერთ შემთხვევაში არ გააკეთებდა.

უარის მიუხედავად, „სამხრეთის კარიბჭემ“ საჭიროდ მიიჩნია, მიტროპოლიტს უფრო დეტალურად სცოდნოდა, თუ რა საკითხზე ვთხოვდით კომენტარს, ამიტომ სატელეფონო საუბრის შემდეგ, მას ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის შესახებ დეტალურად მივწერეთ და ვთხოვეთ აეხსნა, რატომ იყენებდა ეპარქია შუამავალს ქონების შეძენისას, თუმცა მიტროპოლიტმა ჩვენი შეტყობინებაც უპასუხოდ დატოვა.

ლელა ჭინჭარაულმა როდესაც შეიტყო, რომ კითხვები ასფარას ეხებოდა, გვითხრა, მოგვიანებით დაგვერეკა, თუმცა მას შემდეგ, უკვე კვირაზე მეტია, ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს. მას არც იმ შეტყობინებისთვის უპასუხია, რომელიც მიტროპოლიტის მსგავსად, მასაც გავუგზავნეთ.

ნატალია სვიმონიშვილს სოციალურ ქსელში მივწერეთ ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის შესახებ და კომენტარი ვთხოვეთ, თუმცა წერილი მანაც უპასუხოდ დატოვა.

კითხვების მოსმენა არ ისურვა დეკანოზმა ალექსანდრე ქასრაშვილმა, რომელსაც კომენტარი ჯერ ტელეფონით ვთხოვეთ, შემდეგ კი ვრცელი შეტყობინება გავუგზავნეთ. უარი დეკანოზმა იმით ახსნა, რომ ჩვენმა რედაქციამ 2019 წელს ასფარაში მეუფის საქმიანობა „ისე არ გააშუქა, როგორც არის“, ამიტომ დაგვემშვიდობა და მორიგი ზარებისა და შეტყობინებისთვის აღარ უპასუხია.

სასულიერო პირებთან პირისპირ შეხვედრაც ვცადეთ, თუმცა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში მისულებს გვითხრეს, რომ იქ არც მიტროპოლიტი, არც დეკანოზი და არც დედა ეფემია არ იმყოფებოდნენ.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, ასფარას ამბის მოსმენის შემდეგ, გვირჩია, ეპარქიისთვის მიგვემართა, - „მე არც დოკუმენტები მინახავს, არც ის ვიცი, რომელ ქონებაზეა საუბარი. მსგავს საკითხებზე მიმართეთ ადგილობრივ ეპარქიას“, - ხოლო კითხვაზე, საიდან ფინანსდება ახალქალაქის და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრი, გვიპასუხა, - „როგორც წესი, ასეთი დაწესებულებები იმ თანხიდან ფინანსდება, რომელსაც სახელმწიფო გამოყოფს ეკლესიისთვის, მაგრამ დააზუსტეთ ეპარქიაში.“

რას ჰყვებიან ასფარელები

ბეზოიანების ოჯახმა, რომელიც ახლა ნინოწმინდის სოფელ ფოკაში ცხოვრობს, ასფარაში სახლი და მიწა 2019 წელს გაყიდა. იხსენებენ, რომ ქონების გაყიდვაზე მათ მეუფე ნიკოლოზი პირადად შეუთანხმდა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ბეზოიანების სახლიც და მიწაც გაყიდვის შემდეგ ლელა ჭინჭარაულზე გაფორმდა.

“ჩვენ ასფარაში სახლის გაყიდვა არ გვინდოდა, მაგრამ იძულებული გავხდით. მიწების ყიდვა და იქ ცხოვრება გვინდოდა, ერთი წელი ვიცხოვრეთ ასფარაში, მაგრამ მაინც არ მოგვცეს მიწის ყიდვის ან იჯარით აღების საშუალება, თბილისშიც ვიყავით წასულები, მაგრამ უარი გვითხრეს. ვერ გავიგეთ, მეუფეს შეუძლია, რომ მიწები იყიდოს, გლეხს კი არა. საქონელს ვერ ვაჭმევდით, ბევრი სესხი გვქონდა, ვეღარ ვიხდიდით და ბოლოს სახლიც ამიტომ გავყიდეთ”, - გვითხრეს ბეზონიანებმა.

„სამხრეთის კარიბჭე“ სხვებსაც დაუკავშირდა, ვინც ასფარაში სახლი და მიწა გაყიდა. ისინიც ამბობენ, რომ მათი ქონებით თვითონ მიტროპოლიტი იყო დაინტერესებული და მოლაპარაკებებზეც დეკანოზ ალექსანდრესთან ერთად დადიოდა. მათ შემთხვევაშიც, უკვე გაყიდული სახლები არა ეპარქიის სასწავლო ცენტრზე, არამედ შუამავლებზე ფორმდებოდა.

არიან ისეთებიც, ვისაც სახლი ჯერ არ გაუყიდია, თუმცა მოლაპარაკებები მიტროპოლიტთან უკვე ჰქონდათ.

„ორი სახლი მაქვს. სასულიერო პირები იყვნენ მოსული მოლაპარაკებაზე, მაგრამ მე არ გავყიდე, მეუფე და ალექსანდრე იყვნენ, 15 000 ლარამდე შემომთავაზეს და არ გავყიდე. ჩემი ძმა ცხოვრობს ასფარაში და მე რომ სახლი გავყიდო შეიძლება ჩემი ძმაც გააგდონ. პრინციპულად არ ვყიდი,“- გვეუბნება სეირან ისპირიანი, რომლის ძმაც ჰაირაპეტ ისპირიანი სოფლის ერთადერთი მუდმივი მცხოვრებია.

სოფლის დატოვებას არც ის აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ დაცლილ სოფელში მარტოა.

„შარშან იყვნენ მოლაპარაკებაზე ბოლოს და ვუთხარი, რომ გაყიდვას არ ვაპირებდი. სხვაგან წასასვლელი არსად მაქვს, იმდენს კი არავინ გადამიხდის, რომ სხვაგან შევძლო ცხოვრება. ამიტომ არ გავყიდი,“ – ამბობს ჰაირაპეტი

ასფარას ნასოფლარი

ასფარა ნინოწმინდაში, ზღვის დონიდან 2 080 მეტრზე, ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირზეა გაშენებული. კლიმატი აქ ძალიან მკაცრია, თუმცა მიწა მოსავლიანია, ფარავნის ტბის სანაპირო კი თევზაობისა და კემპინგის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილად შეიძლება იქცეს.

ჯერ კიდევ 2002 წელს, აქ 107 ადამიანი ცხოვრობდა. 2014 წლის აღწერით კი სოფელი უკვე დაცლილია. სოფლის დაცლა მკაცრი კლიმატის გამო ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაწყებულა. აქ უკვე დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს სკოლა, არასდროს ყოფილა მედპუნქტი და მაღაზია. სასმელი წყალიც კი ერთ ადგილას, ასპარიანების სახლიდან საკმაოდ მოშორებით მოდის. გზა, რომელიც ასფარას უახლოეს სოფელთან ვლადიმიროვკასთან და ასევე, ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებს, ზამთარში თვეობით იკეტება.

სოფლის ისტორიის შესახებ ცნობები საკმაოდ მწირია. მისი თავდაპირველი სახელი ასპანა ყოფილა. ამ სახელს უკავშირდება ცნობილი ქართული ბალადა „თავფარავნელი ჭაბუკი ასპანას ქალსა ჰყვარობდა“.

‘ოაზისის’ საეჭვო სქემა - როგორ ყიდულობს ეპარქია სოფელ ასფარას საკუთარი შუამავლების მეშვეობით
რუკაზე ნარინჯისფრად მონიშნულია ის ადგილები, რომლებიც "სამხრეთის კარიბჭეს" ინფორმაციით, ეპარქიის საკუთრებაა

ისტორიკოსების ცნობით, ასფარა მოხსენიებულია 1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“, უკვე როგორც დაცლილი სოფელი.

მოგვიანებით, მეოცე საუკუნის 20–იან წლებში ახალქალაქის ერთ–ერთი სოფლიდან, კარტიკამიდან მოსახლეობის ნაწილი ასფარაში გადასულა და აქ დასახლება ისევ გაჩენილა. სწორედ ამ სოფლის ნასახლარია დღეს ასფარა, სადაც მიტოვებული სახლების უმრავლესობა ფიცრებითაა აჭედილი.

ასფარაში მე-11 საუკუნის ქრისტიანული ტაძრის კედელიღაა შემორჩენილი. სოფელთან მდებარეობს ციხესიმაგრე „ქოროღლის“ ნანგრევებიც.

რატომ შეარჩია მიტროპოლიტმა ეს სოფელი, ან როგორ აპირებს იქ ოაზისის გაშენებას, ამაზე მას 2019 წლის ინტერვიუს შემდეგ აღარ უსაუბრია.

მეუფე სოფლით დაინტერესებას მისი ისტორიული მნიშვნელობით ხსნიდა და წუხდა, რომ დღემდე ამ ადგილით ძეგლთა დაცვის სააგენტო ვერ დააინტერესა. ის იქვე საუბრობდა იმაზეც, რომ სახლებს სოფელში ეპარქიის თანხებით და ბიზნესმენების დახმარებით ყიდულობდა, და რომ როდესაც მთელ სოფელს იყიდდა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრებიც ეპარქიისა გახდებოდა.

„აქ საპატრიარქო არაფერ შუაშია, ჩვენ ვყიდულობთ ნელ–ნელა. გარდა ამისა გვეხმარებიან ბიზნესმენები. აი, მაგალითად, რუმინეთში რომ ვიყავი, იქ ერთ–ერთი მონასტრის წინამძღვარს ვუთხარი ამის შესახებ და ერთი სახლი მან მიყიდა. მინდა ნამდვილი ოაზისი გავაკეთო. გერმანიაში მიუნხენის ბოტანიკური ბაღის დირექტორი გავიცანი, რომელიც თურმე ასფარაში ნამყოფი ყოფილა და მითხრა რომ სოფელში კარგი ბაღიც გაკეთდება,“ - ამბობდა მეუფე ნიკოლოზი.

ნინოწმინდის მერიაში „სამხრეთის კარიბჭეს“ უთხრეს, რომ ეპარქიას მუნიციპალიტეტისთვის სოფლის განაშენიანების პროექტით ან რაიმე იდეით ჯერჯერობით არ მიუმართავს.

ეპარქია, რომელიც „ვალებში იხრჩობა“

‘ოაზისის’ საეჭვო სქემა - როგორ ყიდულობს ეპარქია სოფელ ასფარას საკუთარი შუამავლების მეშვეობითმიტროპოლიტი ნიკოლოზი (ერისკაცობაში პაატა ფაჩუაშვილი) ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას 2002 წლიდან ხელმძღვანელობს. საპატრიარქოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2000 წლის 8 ნოემბერს, ეპისკოპოს ნიკოლოზს, ეკლესიაში ერთგული და ხანგრძლივი სამსახურისათვის მიენიჭა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2007 წლის ივლისში – მიტროპოლიტის წოდება. 2007 წლის 24 დეკემბერს, მიტროპოლიტი ნიკოლოზი წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

მეუფე ნიკოლოზი პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის მფლობელიცაა. 2013 წელს, იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ის, ლელა ჭინჭარაულთან ერთად დააჯილდოვა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიტროპოლიტი ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრის გარდა, წმინდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებლისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ "აპრილის" დირექტორიცაა. ორგანიზაციების დამფუძნებელი საპატრიარქოა.

მეუფე ასევე ფლობს საკუთარ დაფუძნებულ შპს „მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სტუდია "კუმურდოს”, რომლის დირექტორის თანამდებობასაც 2010 – 2011 წელს ლელა ჭინჭარაული იკავებდა

მიტროპოლიტი ნიკოლოზი ხშირად ჩნდება მედიასთან და სხვადასხვა საკითხზე საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს. ერთ–ერთ ინტერვიუში ის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ 25 მილიონზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ეს თანხა ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა. „მე მაქვს 500 ათასი ლარი ეპარქიაში სასწავლო ცენტრისთვის და მინდა გითხრათ, რომ ვიხრჩობით ვალებში", – აცხადებდა მეუფე ამ წლის მაისში ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ამ დროისთვის, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრს ნახევარ სოფელზე მეტი აქვს ნაყიდი. საჯარო რეესტრში მოძიებული ინფორმაციით, ცენტრის სახელზე ასფარაში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე 25–მდე სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთია, ჯამში 112 242კვ.მ.

თუკი ამბავში მონაწილე პირები მომავალში მაინც მოისურვებენ საკუთარი პოზიციის გამოთქმას, „სამხრეთის კარიბჭე“ მზადაა, მკითხველს მათი კომენტარები შესთავაზოს.

მანამდე კი, ძიებისა და მცდელობის მიუხედავად, უპასუხოდ რჩება ჩვენი შეკითხვები: რა ფინანსებით აპირებს ეპარქია ასფარას აღორძინებას, მაშინ როდესაც მიტროპოლიტის თქმით, ეპარქიის ცენტრს, არსებული ბიუჯეტიც კი არ ჰყოფნის; რატომ მონაწილეობენ მიტროპოლიტი და დეკანოზი ადგილობრივებთან მოლაპარაკებებში, თუკი საბოლოოდ ეს ქონება სხვებმა უნდა შეიძინონ; რა თანხებით ყიდულობდნენ შუამავლები სახლებს ასფარაში; სად და რას ხმარდება ყიდვა-გაყიდვის შედეგად მიღებული მოგება და საერთოდ, რაში დასჭირდა ეპარქიას ასეთი სქემა, მაშინ როდესაც ქონების ყიდვა პირდაპირ თითქმის ორჯერ იაფად შეეძლო.


[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიამ ასფარაში კიდევ ორი მიწის ნაკვეთი იყიდა
‘ნახევარი სოფელი უკვე ვიყიდე’– მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდაში სახლებს ყიდულობს
რა (არ) განმარტა მეუფე ნიკოლოზმა ასფარას ‘ოაზისის’ სქემაზე
ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზი თბილისში 2 ბინას ფლობს - აი, ფაქტი
25 მილიონი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა – ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი
რამდენ ჰექტარს ფლობს საპატრიარქო სამცხე-ჯავახეთში
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ხელმძღვანელად ეპისკოპოსი ლაზარე დაინიშნა