FM97.5 / LIVE

კითხვები მაჟორიტარობის კანდიდატებს - ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქი

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 08.10.2020
რა ხედვები აქვთ ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატებს უმუშევრობის დაძლევის, მუნიციპალიტეტებში მოსაგვარებელი პრობლემებისა და უმცირესობების საკითხებზე - „სამხრეთის კარიბჭემ“ ოლქში დარეგისტრირებულ კანდიდატებს ერთი და იგივე კითხვები დაუსვა.

კითხვები  მაჟორიტარობის კანდიდატებს - ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქი

8 ოქტომბრის მდგომარეობით, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში რეგისტრირებულია სულ 14 კანდიდატი. მათგან 3 ქალი და 11 კაცი. უმრავლესობას „სამხრეთის კარიბჭე“ დაუკავშირდა. პასუხები ვერ მივიღეთ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილისგან. რედაქცია ვერ დაუკავშირდა პარტია „საქართველოს“ კანდიდატს რამაზ გელაშვილს, პარტია „ შეცვალე საქართველოს“ კანდიდატს მარიამ ჭრელაშვილსა და პარტია „ქართული არჩევანის“ კანდიდატს მარიზა ჯიქიას. გთავაზობთ 10 კანდიდატის პასუხებს.

1. რა ინიციატივებს შესთავაზებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად?


N2 „ევროპული საქართველო“ - ზურაბ ჩილინგარაშვილი: ჩვენი ინიციატივა ასეთი იქნება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა და ტყე გადაეცეს ხალხს. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ამ ტყით სარგებლობს, უფრო უკეთესად მოუვლის ტყეს, ვიდრე ვინმე მეტენდერე თბილისიდან ან სხვა ადგილიდან ჩამოსული. ასევე გაბერილი შტატები, შექმნილი ააიპ-ები და სსიპ-ები. ისინი ან საერთოდ უნდა გაუქმდეს ან შემცირდეს. ამით 2 მილიარდი ლარის დაზოგვა შეიძლება. ვაპირებთ, რომ შევამციროთ საგადასახადო წნეხი, რომელიც საქართველოშია და ეს თანხა დარჩეს უკვე ხალხში ან მცირე ბიზნესში, ან საშუალო ბიზნესში და მათ მივცეთ საშუალება, რომ გააფართოვონ საკუთარი წარმოება და დაასაქმონ ხალხი.

N4 „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ” - გელა კვარაცხელია: აუცილებელია მმართველობის სისტემის შეცვლა და თვითმმართველობას უნდა მიეცეს სრულყოფილად ფუნქციონირების საშუალება, ეკონომიკური მოდელი უნდა განთავისუფლდეს საბანკო და ინტერეს ჯგუფების დიქტატისგან და სახელმწიფომ ფუნქციონირება უნდა დაიწყოს მართული ეკონომიკური წნეხის გარეშე. საბანკო რეგულირების სფერო ფუნდამენტურად შესაცვლელია.

N5 საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - ვაჟა ჩიტაშვილი: მცირე და საშუალო ბიზნესის რეალური ხელშეწყობაა, ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივება. ადამიანებს უნდათ განავითარონ ტურიზმი, ეკონომიკაში გარკვეული სახის ინვესტიციები განახორციელონ, მაგრამ იმდენად რთულია ბიუროკრატიული ბარიერები, იმდენად უკარგავს ხალისს ამ ადამიანებს, რომ გადის წლები თვეები. მიწების დაკანონებაზე, კონკრეტულად რაიონებში, ნებართვების აღება - გამარტივება, ყველაფერი ერთობლიობაში იწვევს ბიზნესის ხელშეწყობას და მხარში დგომას. რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობაში.

N8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - დავით გოგიჩაიშვილი: სოციალური პირობების გაუმჯობესება აუცილებელია და ჩვენს პარტიას შემუშავებული აქვს პროგრამა, რომლითაც, ხელი ეწყობა მცირე მეწარმეობას. არა როგორც ბანკი აძლევს სესხს, არამედ ჩუქნის და დათვლილია თუ როგორ შეიძლება გადაეცეს დაზგა-დანადგარები მოსახლეობას, გაიზარდოს იმპორტზე გადასახადი, რომ ადგილობრივი პროდუქციით იყოს ჩანაცვლებული იმპორტი, ადგილორბივ ბაზარზე. ეს პირდაპრ პროპორციულია სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკის გაძლიერებისა.

N10 „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - გიორგი ჩიტაური: თუ არ იქნება სერიოზული სისტემური ცვლილებები, შეუძლებელია ერთმა დეპუტატმა განახორციელოს რაიმე სახის ცვლილება. მე დავუჭერ მხარს ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც მოემსახურება იმას, რომ რეგიონში შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი. შევიმუშავებთ ისეთ კანონპროექტს, რომელიც ადამიანების კეთილდღეობაზე იქნება მორგებული. ასევე ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს ტერორისა და ზეწოლისაგან და სახელმწიფოში უნდა შეიქმნას პრეცენდენტი, რომ ადამიანებმა დამოუკიდებლად იმუშაონ. თუ არ იქნა პოლიტიკური ნება იმისი, რომ ბიზნესი თავისუფალი იყოს, სამუშაო ადგილები ვერ შეიქმნება.

N 19 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ - ბესარიონ ფოფხაძე: უდიდესი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში არ შემოდის ინვესტიციები, რაც საშუალებას მისცემდა, რომ განვითარდეს ეკონომიკა. სასამართლოს არ ენდობა არავინ, არც ქვეყნის შიგნით, არც გარეთ და შესაბამისად, ძალიან რთულია ბიზნესის წარმოება, როცა სასამართლოს მიმართ არის უნდობლობა. გარდა ამისა, ქვეყნის ხელისუფლება ვერ ჩამოყალიბდა საითკენ მიდის. დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ თუ რუსეთისკენ. ჩვენ თუ მკაცრად არ გამოვხატეთ პროდასავლური ორიენტაცია, ჩვენთან ეკონომიკა არ განვითარდება. როგორც აფხაზეთი და ცხინვალია მკვდარი, რომლებმაც პრორუსული ორიენტაცია აირჩიეს, ისე მოგვკლავენ ჩვენც.

N21 „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“ - გოდერძი კუბლაშვილი: ბიუჯეტი ხმარდება ტენდერებს და ეს ტენდერები 99.9% არის უხარისხო. ყოველ წელს, ერთი და იგივე ფული იხარჯება ერთსა და იმავე ტენდერზე. ჩემი ინიციატივა იქნება, რომ მაქსიმალური კონტროლი დაწესდეს ტენდერზე. ეს ბიუჯეტი ხალხის ფულია. უმუშევრობის დასაძლევად უნდა განვითარდეს ადგილობრივი წარმოება. უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა და მაქსიმალური შეზღუდვები უნდა დაწესდეს შემოტანილ პროდუქციაზე, რომ განვითარდეს ჩვენი სოფლის მეურნეობა, რასაც მოყვება ტექნოლოგიური, გადამამუშავებელი მეურნეობები.

N31 თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა - ზურაბ ხუციშვილი: სიმართლე და სამართლიანობა უნდა იყოს ყველასთვის!

N55 „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“ - ოლეგი სანდროშვილი: უმუშევრობის დაძლევისთვის, პირველ რიგში, ალბათ სოფლის მეურნეობის კუთხით უნდა იყოს შეთავაზება. სოფლად მიწები დაუმუშავებელია, რაც იწვევს სოფლად მოსახლეობის შემცირებას, ახალგაზრდობის გადინებას ქალაქში, სადაც სამუშაო ადგილები არ არის. ჩვენ გვინდა შევთავაზოთ პროექტი „გეორგია“ რომელიც ისრაელის მაგალითზე დამუშავებული პროექტია და ითვალისწინებს სოფლად კოოპერატივის ჩამოყალიბებას.

N56 „ლელო - მამუკა ხაზარაძე“- იზოლდა ლომიძე: უმუშევრობა ეს არის გლობალური პრობლემა. სამუშაო ადგილების შექმნისთვის „ლელოს“ აქვს ძალიან კარგი პროგრამა. პირველ რიგში, ეკონომიკის გაძლიერება უნდა მოხდეს და მთელი რეგიონის მასშტაბით, მუნიციპალიტეტებს რაც აქვს რესურსი ამის საფუძველზე უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები. რისი შესაძლებლობაც აქვთ მუნიციპალიტეტებს ეს უნდა წამოიწიოს.


2. რა სახის პრობლემებს ხედავთ თქვენს საარჩევნო ოლქში და როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოგვარდეს პირველ რიგში?


N2 ზურაბ ჩილინგარაშვილი: მე ვიყავი გამგებელი, პარლამენტის დეპუტატიც და სასაცილოა უკვე, რომ 2007 წლიდან დღემდე ამ ხალხს ისევ ის პრობლემები აწუხებს: წყალი, გზა, სოფლებში არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ხალხი, რომლებსაც სხვა პრობლემებიც აქვთ. შეიძლება იყოს სოფელი, სადაც შუქი არ არის, გაზიფიცირებას მოითხოვს ხალხი, ადიგენისა და ბორჯომის ზედა სოფლებში და ამბობენ, თუ გინდათ შევინარჩუნოთ ტყე, გაზი მოგვიყვანეთო. ასევე სამედიცინო მომსახურება ამავე სოფლებში სირთულეს წარმოადგენს.

N4 გელა კვარაცხელია: უმუშევრობა, ეკონომიკური პრობლემები და სამწუხაროდ, ისევ ინფრასტრუქტურა.

N5 ვაჟა ჩიტაშვილი: პირველ რიგში, დგას სიღარიბე, უმუშევრობა და გაჭირვება. ფაქტობრივად, ყოველ არჩევნებზე და წინასაარჩევნო პერიოდში, ერთსა და იმავე საკითხებს ვაწყდებით: სასმელი და სარწყავი წყალი. სათესი მიწების 5%-იც არ ირწყვება. ძალიან ბევრ სოფელში არ არის ინტერნეტი, სამანქანო გზები, შიდა გზები... ძირითადად ეს გამოწვევა დგას ჩვენს წინაშე.

N8 დავით გოგიჩაიშვილი: პირველადი პრობლემა ეს არის უმუშევრობა. კონკრეტული პრობლემებია, მაგალითად წყალთან, გზებთან, კანალიზაციასთან დაკავშირებით.

N10 გიორგი ჩიტაური: ყველა პრობლემა, რომელიც მოსალხეობას აწუხებს, სისტემურად უნდა მოგვარდეს. სოფლებს აქვთ წყლის პრობლემა და ეს დიდი ხანია არსებობს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად რომ ადამიანებს მოუგვარდეთ ეს პრობლემები. რეგიონს აქვს უდიდესი ტურისტული პოტენციალი, მაგრამ ამ კოვიდის პერიოდში ხალხმა ზარალი მიიღო, რადგან ტურისტი არ შემოვიდა და ბევრისთვის შემოსავლის წყარო ეს იყო. შესაბამისად, ეს პოტენციალი უნდა გაუმჯობესდეს და ამაზე სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი.

N19 ბესარიონ ფოფხაძე: რამე განსაკუთრებული პრობლემა, რაც არ ხდება ქვეყანაში, ამ ოლქში არ არის. ამიტომაც ჩვენ გვაქვს ასეთი პოზიცია, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა შეიკრიბოს ადამიანების მცირე ჯგუფი, რომლებიც იქნებიან ამ ქვეყნის მიმართ პატრიოტული და სიყვარულით გამსჭვალული. მთელი პარლამენტი არ უნდა იყოს ერთ კაცზე მორგებული, ვინც არ უნდა იყოს ეს ერთი კაცი.

N21 გოდერძი კუბლაშვილი: ტენდერები ეს ძირითადი თემაა, იმიტომ, რომ ფული იხარჯება ტენდერებში. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა.

N31 ზურაბ ხუციშვილი: სიმართლე და სამართლიანობა ყველასთვის და ყველაფერი დაიძლევა.

N55 ოლეგ სანდროშვილი: ისეთი ხალხი, რომელსაც საპარლამენტო დეპუტატობის კანდიდატი მიყავს ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც უნდა მოეგვარებინა მთელი 8 წლის მანძილზე, ასეთი ხალხი თანამდებობებზე არ უნდა იყოს. მოსაგვარებელი ეს არის. პირველ რიგში, გადასახედია თვითმმართველობაში მომუშავე კადრები, საკადრო პოლიტიკაა გასატარებელი, ძალიან მოუმზადებელი კადრებია და ეს ყველაფერი პრობლემას უქმნის რეგიონის განვითარებას.

N56 იზოლდა ლომიძე: რეგიონში ახლა უმუშევრობის პრობლემა დგას, საოცარი სიღარიბე, კანალიზაციის არქონა, გათბობის პრობლემა. შეშის პრობლემა აქვთ მაღალმთიან დასახლებებს. გაზი აქვთ, მაგრამ ძვირი გვიჯდება და ვერ ვიყენებთო. წყლის პრობლემა დგას კიდევ.

3. როგორია თქვენი ხედვა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების პრობლემების შესახებ, სადაც იგულისხმება: რელიგიური უმცირესობების დაფინანსებისა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხები?

N2 ზურაბ ჩილინგარაშვილი: ჯერ საერთოდ არცერთი უნდა იღებდეს დაფინანსებას სახელმწიფოსგან, მაგრამ თუ გადაწყდა, რომ უნდა მიიღოს რომელიმე კონფესიამ, პროცენტულად ყველა რელიგიურმა კონფესიამ უნდა მიიღოს დაფინანსება.

საქართველო უნდა იყოს ყველა იმისი, ვინც საქართველოში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქედ თვლის თავს. ეთნიკურ უმცირესობებს უნდა ჰქონდეთ საშუალება და დაფინანსებაც, რომ როგორმე ინტეგრაცია მოხდეს მათი. უკვე დიდი ხანია, ახალქალაქში დეპუტატად არის ენზელ მკოიანი, ადამიანი, რომლემაც ერთი სიტყვა ქართული არ ისწავლა. როცა პარლამენტის დეპუტატი ხარ და იქ წარმოება ქართულ ენაზე ხდება, ვალდებული ხარ იცოდე ქართული ენა. უნდა იყოს წახალისება, რომ ამ ხალხს ჰქონდეს სურვილი, როცა სკოლას დაამთავრებს ერევანში კი არ წავიდეს, წავიდეს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში. უნდა დაუწესდეთ შეღავათები, რომ აქ ისწავლონ და ამით თანდათან მოხდება მათი ინტეგრაცია.

N4 გელა კვარაცხელია: განათლების სისტემიდან დაწყებული, გაგრძელებული პროტექციონისტული პოლიტიკით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მეტი რესურსები სახელმწიფო ენის სწავლების ხელმისაწვდომობაზე, ერთობლივი ისტორიული თარიღების აღნიშვნა, ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა, მულტიკულტურული ღონისძიებების ინიცირება, სოციალური პროექტების ერთობლივი ჩატარება და ა.შ.

N5 ვაჟა ჩიტაშვილი: კონსტიტუციით გარანტირებულია თავისუფლება, როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური უმცირესობის და ჩვენ ცალკეული პირები, სახელმწიფო მოხელეები არავინ ვართ. კონსტიტუცია, უზენაესი კანონია და ყველა უნდა დაემორჩილოს კონსტიტუციას და ძირითად კანონს. რა თქმა უნდა, ყველას უფლება უნდა იქნას დაცული ამ კუთხით.

N8 დავით გოგიჩაიშვილი: მე არ მსმენია ისეთი პრობლემა, რომ ვიღაცას, საქართველოში მაცხოვრებელს ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე პრობლემა ჰქონოდა. ზოგადად, ქართველები ისედაც სტუმართმოყვარე ადამიანები ვართ და სხვა ეთნოსები, როგორც სტუმრები ასე არ გვყავს, ისინიც ადგილობრივები არიან და ვექცევით, როგორც ჩვენს თანამემამულეებს. ამიტომ ეთნიკური ან რელიგიური ნიადაგიდან გამომდინარე ასეთი პრობლემა არავის ჰქონია. რელიგიური მითუმეტეს. გასაგებია, რომ ჩვენი რელიგია მართლმადიდებლობაა, მაგრამ არავის არ ვზღუდავთ და არავის ვუკრძლავთ ყველა თანასწორუფლებიანადაა წარმოდგენილი და მოღვაწეობს ჩვენს ქვეყანაში.

N10 გიორგი ჩიტაური: სენსიტიური თემაა. სახელმწიფო და რელიგია უნდა იყვნენ დამოუკიდებლად, ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ერეოდნენ. არ არის ცუდი ის, რომ სახელმწიფო ეხმარება, მაგრამ ჩვენ როცა ამდენი გაჭირვებული ადამიანი გვყავს ქვეყანაში, როცა შიმშილისგან ადამიანები იღუპებიან, წამლის ფული არ აქვთ, ჯერ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი და შემდეგ ის, რომ ვიღაც დავაფინანსოთ რამდენიმე მილიონით. ჩვენთან მრავალი სხვადასხვა რელიგიის ჯგუფებია და არ მიმაჩნია სწორად, რომ ვიღაცას მეტი და ვიღაცას ნაკლები ჰქოდნეს დაფინანსება.

N19 ბესარიონ ფოფხაძე: რელიგიური და ეთნიკური საკითხები არის სახელმწიფოს მოსაგვარებელი. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად არის მრავალეროვანი და მრავალრელიგიური. დემოკრატია, სამართლიანი სასამართლო, სახელმწიფოს მიდგომა ყველა რელიგიური კონფესიის მიმართ უნდა იყოს თანაბარი, პატივისცემითი და თანაბარი ზრუნვით. გასაგებია, მართლმადიდებლურ ეკლესიას ექნება განსაკუთრებული როლი, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, მაგრამ ეს არ უნდა აკნინებდეს სხვა კონფესიებს. არ შეიძლება სახელმწიფომ შეინახოს რომელიმე რელიგიური კონფესია. ჩვენ უნდა მოვუაროთ ჩვენს ისტორიულ ძეგლებს, მაგრამ ამის იქით სახელმწიფო არ უნდა წავიდეს. სახელმწიფოსთვის რელიგია ეს არის ისტორია, მეტი არაფერი.

N21 გოდერძი კუბლაშვილი: რელიგიურ უმცირესობებზე პარტიას აქვს მიდგომა, რომ სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს ყველა რელიგიურ გაერთიანებას. მე გამოვყოფდი არა ჩემს აზრს, არამედ, როგორც თავის დროზე უწმინდესმა ბრძანა, როცა მას კითხეს თურქეთში მეჩეთებზე და მან მოკლედ მიუგო, რომ საქართველოში 3000-ზე მეტი მოქმედი მეჩეთია ამ პატარა ქვეყანაში და ძალიან დიდ თურქეთში არცერთი მოქმედი ტაძრი არ არის მართლმადიდებლური.

ჩინელები დაახლოებით 20 წელია შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ფაქტობრივად ყველამ გამართულად იცის ქართული. მშრომელი, განათლებული, ძველი ცივილიზაციის ხალხია და პირველი რაც გააკეთეს ენა ისწავლეს. საუკუნეებია საქართველოში რომ ცხოვრობ და არ გინდა ენა ისწავლო, ეს ჩემთვის მიუღებელია. ენით უნდა დაიწყოს ინტეგრაცია და სახელმწიფო ამაში ბევრ ფულს ხარჯავს, როცა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში ბევრ მასწავლებელს უშვებს და მათ საკმაო დიდი ანაზრაურებაც აქვთ. ჩემი აზრით, უნდა დავიწყოთ საჯარო სამსახურებით და გადამზადდნენ. მერიის თანამშრომელმა თუ არ იცის სახელმწიფო ენა, ის არ უნდა მუშაობდეს იქ.

N31 ზურაბ ხუციშვილი: როცა სამართლიანობაა, კეთილდღეობაც არ იგვიანებს!

N55 ოლეგ სანდროშვილი: ვინაიდან ქართული მართლმადიდებლობა სახელმწიფო დონეზეა ქვეყანაში, ცხადია თუ დაფინანსება ეკუთვნით რელიგიურ ორგანიზაციებს სახელმწიფოსგან, წილობრივად უფრო მეტი მართლმადიდებლობას მოუწევს. ეს არის უძველესი ფაქტობრივად, სახელმწიფო რელიგიის დონეზე აყვანილი. ფაქტობრივად, მთელი საქართველო მართლმადიდებლურია და ყველგან უძველესი ისტორიული ადგილია, რომელიც აღდგენას ექვემდებარება და შესაბამისად ხდება მათი აღდგენისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა. ასეთი რელიგიურ უმცირესობებთან მცირეა.

საქართველშო ოდითგანვე და ახლაც მრავალი ერის წარმომადგენელი ერთმანეთთან მშვიდობიანად ცხოვრობდა. საქართველოში არასდროს ყოფილა დევნა, არც ებრალი ხალხის, არც მუსლიმის. რეალობაში ის, რაც ამ ბოლოხანებში არის დაწყებული ვიღაც გარკევული ორგანიზაციების მიერ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის გეგმაზომიერი მოქმედება, რომელიღაცა ქვეყნების ან შესაბამისი სამსახურების. ეს არის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტები.


N56 იზოლდა ლომიძე: ყველა რელიგიას აქვს არსებობის უფლება. ყველა რელიგიას ზომიერების ფარგლებში უნდა მიეცეს განვითარების უფლება. რაც შეეხება დაფინანსებას, ჩემი აზრით, შემოწირულობები იმდენია, რომ ალბათ დამოუკიდებელი უნდა იყოს ფინანსურად ყველა რელიგიური დაწესებულება. ან თანაბრად უნდა დაფინანსდნენ ან თვითდაფინანსება უნდა ჰქონდეთ.
ინტეგრაციისთვის ენის ბარიერი არ უნდა არსებობდე ს და განათლების სისტემამ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. საქართველოს ყველა მოქალაქემ ჩემი აზრით უნდა იცოდეს ქართული და თავისი ენაც. ასეთი ინიციატივით შევიდოდი პარლამენტში, რომ მათ უნდა ისწავლონ ქართული ენა, რატომაც არა.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქი - მონაცემები მოკლედ
საპარლამენტო არჩევნებისთვის სამცხეში 14 კანდიდატი დარეგისტრირდა
‘თავისუფალმა საქართველომ’ სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
ახალციხის მერობის კანდიდატები გარევაჭრობის პრობლემაზე
კითხვები მაჟორიტარობის კანდიდატებს – N44 ახალციხე–ადიგენის ოლქი
‘ქართულმა ოცნებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები’ – ‘ტრიბუნას’ კანდიდატი სამცხეში
სალოცავების აშენების უფლება – რას ფიქრობენ ადიგენის მერობის კანდიდატები