
ახლა 47 წლისაა, სამცხე–ჯავახეთის ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობს.
„ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ვარ, მამა დედას სცემდა, ხშირად მე და ჩემს ძმასაც გვაყენებდა შეურაცხყოფას. სულ მიკვირდა, რატომ ითმენდა დედაჩემი. ეს წლების შემდეგ გავიგე, მეც იგივე მდგომარეობაში ვარ, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ თავის გადასარჩენად. მამა რომ გარდამეცვალა არ შემეცოდა, დედაჩემი ძალიან ტიროდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება გაუმწარა“.
მომავალი მეუღლე უნივერსიტეტში გაიცნო, მასთან ერთად სამი ბედნერი თვე გაატარა, შემდეგ კი ყველაფერი „აირია“. პირველად მაშინ დაარტყა როცა ფეხმძიმედ იყო.
„არ მეგონა, დედის ბედს თუ გავიზიარებდი, სულ იმედი მქონდა, რომ ბედნიერი ვიქნებოდი. ქმარი უნივერსიტეტში გავიცანი, ძალიან თავაზიანი და კეთილი ახალგაზრდა იყო, შემიყვარდა. 19 წლის ასაკში გავთხოვდი სიყვარულით, სულ სამი თვე მქონდა ბედნიერი ცხოვრება. ორსულად ვიყავი და სხვა ქალი გაიჩინა, ამის გამო ვუსაყვედურე, მაშინ დამარტყა პირველად. ბავშვის შეძენის შემდეგ უფრო აგრესიული გახდა, ერთხელ მაღაზიაშიც კი დამარტყა გამყიდველი გაოცებული დარჩა“.
დახმარება დედასა და დედამთილს თხოვა, მაგრამ არცერთი დაეხმარა.
„დავურეკე დედამთილს ვუთხარი როგორ მექცეოდა მისი ვაჟი, არ დამიჯერა. დედამ კი მითხრა: შვილო, ყველა ქალი ეგრე ცხოვრობს და უძლებს, შენ გამონაკლისი არ ხარ, შენი შვილებისთვის უნდა მოითმინო“.
ორი შვილი ჰყავს, ორივე გათხოვილია, შვილები მშობლიურ სახლს მხოლოდ მაშინ სტუმრობენ, როცა მამა სახლში არ არის.
„შვილებს ვატყუებ, რომ მამა შეიცვალა და ძალიან კარგად ვცხოვრობთ, რა ვქნა არ მინდა რომ ინერვიულონ. ესეც ჩემი ბედია, როგორც ამბობენ შუბლზე ეს მეწერა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის პირველი იანვრიდან, 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით, სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობის 232 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 93 შემთხვევაში მსხვერპლი ქალი იყო. ამ პერიოდში უწყებამ 414 შემაკავებელი ორდერი გამოწერა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი, ქეთი ბებიაშვილი აცხადებს, რომ რეგიონში ქალზე ძალადობის გაცილებით მეტი ფაქტი იქნება, თუმცა ამაზე საჯაროდ საუბარს ერიდებიან. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ჯავახეთშია, სადაც სახელმწიფო ენის არცოდნის გამო ხშირად მსხვერპლმა არ იცის ვის მიმართოს.
„განსაკუთრებული სირთულეა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, იქ უფრო მეტია მოსახლეობა, რომელმაც არ იცის სახელმწიფო ენა. ეს კი ინტეგრაციას ამ თვალსაზრისითაც აბრკოლებს. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა არ იციან, რომ თურმე შეუძლიათ თავი დაიცვან, მიმართონ შესაბამის უწყებებს. ქართულად ვერ კითხულობენ, მათ ენაზე კი ინფორმაცია არ არის. სახელმწიფო არ ზრუნავს მათ ენაზე გააგებინოს აღნიშნული მექანიზმის შესახებ“, – ამბობს ბებიაშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ცნობიერების ამაღლების მიზნით, უფრო მეტი უნდა იმუშაოს: „პოლიციაც მგრძნობიარე უნდა იყოს ამ საკითხზე, როცა მას ძალადობის მსხვერპლი მიმართავს. ნინოწმინდაში მახსენდება ერთი შემთხვევა, როდესაც ქალი არის გასამართლებული როგორც მოძალადე. იგი წლების განმავლობაში მეუღლისგან განცდიდა ძალადობას, მაგრამ პოლიცია არ იყო მგრძნობიარე, მოთმენისკენ მოუწოდებდა და საბოლოო ჯამში, ქალი გაასამართლეს, როგორც მოძალადე“.
[რიმა სარუხანიან]